პოლიტიკაჩვენი ფავორიტისაქართველო

მარტო – რუსული აგრესიის წინააღმდეგ: 1993 წლის 16 მარტი, აფხაზეთის ომის ყველაზე სისხლიანი შეტაკება და ქართველთა გმირობა

1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომის დროს მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერის გარეშე, მეომრების პირადი გმირობითა და თავგანწირვით საქართველომ რუსულ აგრესიას 13 თვე გაუძლო. 

15-16 მარტს სოხუმზე ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა, რომელიც ქართულმა შენაერთებმა გმირულად მოიგერიეს. ეს იყო აფხაზეთის ომის ყველაზე სისხლიანი შეტაკება.

ღამის 3:00 საათზე გუმისთის ხაზზე მყოფ ქართულ ბატალიონებს რუსულმა ავიაციამ ცეცხლი გაუხსნა, თვითმფრინავებმა ხუთასკილოგრამიანი ბომბების ჩამოყარეს, სანგრებს ამუშავებდა არტილერიაც. წინა ხაზთან ერთად იბომბებოდა ქალაქის საცხოვრებელი მასივებიც.

რუსი გენერლების მიერ მომზადებული გეგმით, მასირებულ ცეცხლს ქართველების რიგებში დიდი მსხვერპლი და პანიკა უნდა გამოეწვია. საავიაციო და საარტილერიო დამუშავების შემდეგ დილის 5:00 საათზე აფხაზთა ქვეითი ნაწილები შეტევაზე გადმოვიდნენ. ქართული სანგრების გასანათებლად რუსულმა ავიაციამ სანგრების თავზე ე.წ. გირლანდები დაკიდა. აფხაზებთან ერთად შტურმში მონაწილეობდნენ რუსი ოფიცრებისაგან დაკომპლექტებული ელიტური ბატალიონი „ტაპირი“, რიგის ყოფილი ომონის ნაწილი, ბაგრამიანის ბატალიონი, ადიღელთა ბატალიონი, კონფედერატთა რაზმები და დნესტრისპირეთიდან გადმოსროლილი კაზაკების ბატალიონი.

ქართული პოზიციების მასირებული იერიში რვაკილომეტრიან მონაკვეთზე ერთდროულად დაიწყო. ქართველმა მებრძოლებმა, მოხალისეებმა და ქალაქის დამცველებმა უმაგალითო გმირობის და თავგანწირვის შედეგად მტრის შტურმი მოიგერიეს. აფხაზებმა უდიდესი დანაკარგი განიცადეს. დაახლოებით 15:00 საათისთვის სეპარატისტებმა უკან დახევა დაიწყეს. დღის ბოლოს გუმისთა აფხაზებისგან მთლიანად გაიწმინდა.

ამ ბრძოლაში განსაკუთრებული როლი არტილერიამ ითამაშა, ამიტომაც ეს დღე ქართული არტილერიის დღედ დასახელდა.

აფხაზებმა იმდენად დიდი დანაკარგი განიცადეს, რომ მათ რიგებში პანიკა დაიწყო – მოწინააღმდეგემ ბრძოლის ველზე 1000-მდე ჯარისკაცი დაკარგა და 1200-მდე დაიჭრა.

ამ მნიშვნელოვანმა სამხედრო წარმატებამ, რომელსაც 100-ზე მეტი ქართველი ვაჟკაცი შეეწირა, კონფლიქტის მიმდინარეობაზე გავლენა მაინც ვერ მოახდინა. ჯარი კონტრშეტევის ბრძანებას ამაოდ ელოდა…

აფხაზეთის ომის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი და ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა, დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე კაცი, 300 ათასზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close