უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა გააჩინა შიში, რომ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ვერ შეძლებენ სამშობლოში ფულის გადმორიცხვას.
რა გზით შეუძლიათ რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში ფულის გადმორიცხვა, ამ საკითხზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა. მისი თქმით, ფულის გადმოგზავნა იმ კომპანიების მეშვეობით შეუძლიათ, რომლებიც სანქციების ქვეშ არ მოექცნენ და იქ განაგრძობენ ოპერირებას.
„რიგმა კომპანიებმა, რომლებიც ამ საქმიანობას ეწეოდნენ, დატოვეს ქვეყანა, მაგრამ არის კომპანიები, რომლებიც კვლავ მუშაობენ ამ მიმართულებით. ის მოსახლეობა, რომელიც საქართველოში თავის ნათესავებს უგზავნიდა გზავნილებს, შეძლებენ ამ კომპანიების საშუალებით თანხის გადმორიცხვას, რომლებიც ამ რეგიონებში კვლავაც ფუნქციონირებენ“, – განაცხადა გვენეტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი წლების განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობის მხრივ.
კომენტარები