ქართველები უცხოეთშისპორტი

თორნიკე შენგელია იტალიურ კლუბში ითამაშებს – მოსკოვის ცსკა 100 000 დოლარს ითხოვს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია იტალიურ პროფესიულ საკალათბურთო კლუბში, იტალიის მოქმედ ჩემპიონ Virtus Bologna-ში ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიურმა მედიამ გაავრცელა

მას შემდეგ, რაც თორნიკე შენგელიამ მოსკოვის „ცეესკასთან“ (CSKA) 2020 წლის ზაფხულში ხელმოწერილი კონტრაქტის გაუქმების შესახებ განაცხადა, კალათბურთელი უკვე შეუთანხმდა იტალიურ კლუბს, სადაც, მედიის ცნობით, იგი სეზონის ბოლომდე – ივნისამდე ითამაშებს, შემდეგ კი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს. თუ კლუბი ევროლიგაში მოხვდება, შენგელიას კონტრაქტის გაგრძელებას შესთავაზებს.

თორნიკე შენგელიამ განმარტა, რომ რუსული კლუბიდან წასვლის მიზეზი არასპორტულია და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს უკავშირდება. მან უკვე ყოფილი კლუბის მწვრთნელს და მოთამაშეებს მადლობა გადაუხადა თანამშრონმლობისთვის. თორნიკე შენგელიამ დაწერა: „ვლოცულობ უკრაინისთვის“.

რაც შეეხება  იტალიის ქალაქ ბოლონიაში (ემილია რომანია) ბაზირებულ კლუბს – „ვირტუს ბოლონიას“, თორნიკე შენგელიას მისვლამ მისი ხელმძღვანელობის დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.

„ვერ ვპოულობ სიტყვებს, რომ ჩემი პირადი მადლიერება გამოვხატო კლუბის პრეზიდენტის, მასიმო ძანეტის მიმართ ამ ბოლო გარიგებისთვის სატრანსფერო ბაზარზე, რომლის შედეგადაც ისეთი დიდი მოთამაშე შეგვემატა, როგორიც თორნიკე შენგელიაა.Toko კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი შემადგენლობის ტექნიკურ ღირებულებას და გამოცდილებას საერთაშორისო დონეზე… თოკოს მოსვლა, რომელმაც Black V-ს ფორმის ჩაცმის სურვილი გამოთქვა სხვა მნიშვნელოვანი წინადადებებს მიუხედავად, ამტკიცებს იმიჯს, რომელსაც Virtus Segafredo იძენს ევროპულ არენაზე“, – განაცხადა „ვირტუს ბოლონიას“ გენერალურმა დირექტორმა ლუკა ბარალდიმ.

რაც შეეხება მოსკოვის ცეესკას, კლუბი კონტრაქტის გაწყვეტისთვის 100 000 დოლარს ითხოვს.

მიმდინარე სეზონში თორნიკე შენგელიამ ევროლიგის 14 მატჩში ითამაშა და საშუალოდ, 13,6 ქულა 4,6 მოხსნა და 2,6 გადაცემა დააგროვა.

მოსკოვის ЦСКА-ში გადასვლამდე თორნიკე შენგელია ექვსი წლის განმავლობაში „ბასკონიაში“ თამაშობდა და კლუბს 2020 წლის ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა, 10 წლის განმავლობაში პირველად. „ბასკონიამდე“ 30 წლის ქართველი კალათბურთელი „ბრუკლინ ნეტსსა“ და „ჩიკაგო ბულსში“ თამაშობდა.

სხვათა შორის, 2020 წლის 9 ივლისს თორნიკე შენგელიას გადასვლას მოსკოვის „ცეესკაში“ ქართული საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. მაშინ ეს გადაწყვეტილება არ მოიწონა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც, რომელმაც დაწერა: „ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით“.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close