ევროპა უკრაინელ ლტოლვილებს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განაცხადის გაკეთებას 3 წლის განმავლობაში არ მოსთხოვს
ევროკავშირის ქვეყნები უკრაინელი ლტოლვილების 3 წლით მიღებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინიციატივას ბლოკის ყველა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპა უკრაინელ ლტოლვილებს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განაცხადის გაკეთებას სამი წლის განმავლობაში არ მოსთხოვს.
ევროკომისია არ გამორიცხავს, უკრაინიდან გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 7 მილიონ ადამიანს გადააჭარბოს, – განაცხადა ევროკომისარმა ანტიკრიზისული მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ ორი დღით ადრე გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ლტოლვილების რაოდენობას 4 მილიონის ფარგლებში ვარაუდობდა.
გაეროს მონაცემებით, ამ დროისთვის დაახლოებით 370 000-მა უკრაინელმა დატოვა ქვეყანა და პოლონეთში, რუმინეთში, უნგრეთში, მოლდოვასა და სლოვაკეთში გადავიდა.
იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის, ძირითადად, ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები არიან. 18-დან 60 წლამდე კაცებისთვის უკრაინის დატოვება აკრძალულია.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით (2020 წლის 1-ლი იანვრის მაჩვენებელი) უკრაინაში 44,13 მლნ ადამიანი ცხოვრობს.
კომენტარები