იტალიაში გამოჩნდა მობილური დანართი, რომელიც ფეხით სიარულისთვის მომხმარებლებს ფულს უხდის
WeWard – საფრანგეთში შექმნილი ეს მობილური დანართი ცოტა ხნის წინათ იტალიაშიც გამოჩნდა და ძალიან მალე გახდა პოპულარული: ასიათასობით ადამიანმა უკვე ჩატვირთა თავის მობილურში, რადგან ეს უფასო დანართი ადამიანებს ფეხით სიარულის მოტივაციას უმაღლებს მიმზიდველი წინადადებით – თანხას უხდის ციფრული ვალუტით, რომლის კონვერტირება შესაძლებელია ევროდ ან ვაუჩერებად ან სასაჩუქრე სერტიფიკატებად.
აპლიკაცია WeWard-ი მომხმარებლებს ფიზიკური აქტივობისთვის აჯილდოებს შიდა ციფრული ვალუტით, რომელსაც ეწოდება Ward, გარკვეულ კრიტერიუმებთან შესაბამისობით: ყოველი 1500 ნაბიჯისთვის მომხმარებელი იღებს 1 Ward-ს, ყოველი 3000 ნაბიჯისთვის – 3 Ward-ს და ყოველი 20 000 ნაბიჯისთვის – 25 Ward-ს. პირველი საბანკო გადარიცხვა აპლიკაციის მომხმარებელმა შეუძლია მიიღოს 3000-იდან 12000-მდე „ვორდისთვის“, რაც, შესაბამისად, 15 და 60 ევროს ტოლფასია. „ვორდებს“ მომხმარებელი იღებს ან ფეხით სეირნობისთვის, ან დანართთან დაკავშირებული ბრენდების პროდუქციის შეძენისას, ან გამოკითხვებზე პასუხების გაცემისთვის, ან შემოთავაზებული სარეკლამო რგოლების ყურებისთვის. დანართის მიერ შემოთავაზებული, თქვენს საცხოვრებელთან ახლოს მდებარე გარკვეული ადგილებისა და ღირსშესანიშნაობების მონახულება, ძეგლებისა და პარკების ჩათვლით, ასევე მოგიტანთ შემოსავალს.WeWard-ი იტალიაში სულ რამდენიმე კვირაა, რაც ხელმისაწვდომია, თუმცა თავისი დებიუტიდან უკვე რამდენიმე დღეში Apple App Store-დან და Google Play-დან ყველაზე ხშირად გადმოწერილი დანართების სათავეში მოექცა. „ლა რეპუბლიკას“ ინფორმაციით, 25 იანვრისთვის იტალიაში ის უკვე 700 ათასმა ადამიანმა გადმოწერა თავის მობილურში.
აპლიკაცია საფრანგეთის პოლიტიკური სკოლის კურსდამთავრებულმა და ბერკლის მაგისტრის ხარისხის მქონე ინჟინერმა ივ ბენშიმოლმა შექმნა. დღეს WeWard-ს უკვე 5 მლნ მომხმარებელი ჰყავს საფრანგეთში, სადაც 2019 წელს დაიბადა, ბელგიაში, სადაც 2020 წელს შევიდა და ესპანეთში, სადაც გასული წლის ივნისიდანაა ხელმისაწვდომი.
იტალიაში უკვე ჩაერიცხათ მომხმარებლებს ჯამში 2 მილიონ ევროზე მეტი, საიდანაც 60 ათასი ევრო ქველმოქმედებას მოხმარდა.
არსებობს სხვა მსგავსი აპლიკაციებიც, თუმცა WeWard-მა წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია იმიტომაც, რომ დაგროვება, კონვერტირება და დახარჯვა გაცილებით ადვილია, ვიდრე სხვა დანართების შემთხვევაში.
„ლა რეპუბლიკა“ აფრთხილებს მომხმარებლებს, სხვადასხვა დანართის გადმოწერამდე გამოხმაურებებს გაეცნონ, რათა სწორად შეარჩიონ მათთვის შესაფერისი და არ გადმოწერონ აზარტული თამაშების ზღვარზე ან რეკლამებით გაჯერებული ისეთი აპლიკაციები, რომლებსაც მხოლოდ მომხმარებელთა მონაცემები აინტერესებთ.
ნინო ხოშტარია
კომენტარები