„ომიკრონი“ ფილტვებში გაცილებით ნაკლები სისწრაფით მრავლდება – რა ვიცით კორონავირუსის ახალ ვარიანტზე?
კორონავირუსის ვარიანტ „ომიკრონის“ შესახებ, რომელსაც ეს სახელი ჯანმომ 24 ნოემბერს მიანიჭა, დეკემბრის დასაწყისში მეცნიერებს დარწმუნებით არ შეეძლოთ მტკიცება რაიმე ინფორმაციის, რომელიც მასშტაბური კვლევებით იქნებოდა გამყარებული, თუმცა ცნობილი იყო, რომ ის ძლიერ განსხვავდება წინამორბედი ვარიანტებისაგან: მის გენომში მეცნიერებმა 5 ათეულზე მეტი მუტაცია დათვალეს, რომელთაგან თითოეულს შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს წარმოქმნილი ცილების ნაკრებზე და, შესაბამისად, ვირუსის თვისებებზე.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ეს ვარიანტი პირველად დაფიქსირდა (მეცნიერები ახალი ვარიანტის წარმოქმნას ვაქცინაციის დაბალ – 24%-იან მაჩვენებელს უკავშირებენ), ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად გაიზარდა, თუმცა ბოლო ცნობებით სწრაფადვე იკლო და პიკის შემდეგ 2 კვირაში შემთხვევების რაოდენობა განახევრდა.
რაც დრო გადის, მეცნიერები სულ უფრო მეტს იგებენ კორონავირუსის ახალი ვარიანტის თვისებებზე. წინასწარი მონაცემები „ომიკრონის“ მაღალი გადამდებობის შესახებ მტკიცდება (შემზღუდავი ზომების მიუხედავად „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა 3-4 დღეში ორმაგდება), ისევე როგორც ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ახალი ვარიანტით გამოწვეული ინფექცია, ძირითადად, უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე „დელტას“ შემთხვევაში და პაციენტებს გაცილებით ნაკლებად სჭირდებათ მედიკოსების პროფესიული დახმარება. ეს დამტკიცდა გამოკვლევებით, რომლებიც, ძირითადად, სამხრეთაფრიკელი პაციენტების ბაზაზე ჩატარდა.
„ომიკრონის“ მსუბუქ მიმდინარეობსათან დაკავშირებით განცხადებების გაკეთებაზე მეცნიერები მაინც ფრთხილობენ, რადგან სამხრეთ აფრიკის მოსახლეობა გაცილებით უფრო ახალგაზრდაა – საშუალო ასაკი 27 წელია, ვიდრე ევროპის მოსახლეობა, რომლის საშუალო ასაკი 44 წელს უდრის. ვირუსი კი გაცილებით დიდ საფრთხეს ასაკოვანი ადამიანებისთვის წარმოადგენს.
პარალელურად ჰონკონგელმა მეცნიერებმა შეძლეს „ომიკრონის“ მაღალი გადამდებობის მიზეზის, უფრო სწორად, ერთ-ერთი მიზეზის დადგენა. როგორც აღმოჩნდა, „ომიკრონი“ ზედა სასუნთქ გზებში (სწორედ იქ ხვდება ვირუსი თავდაპირველად) „დელტაზე“ 70-ჯერ სწრაფად მრავლდება და, შესაბამისად, უფრო ადვილად აინფიცირებს გარშემო მყოფებს.
მაგრამ არ შეშინდეთ: სწორედ ცხვირხახასა და ბრონქებში ვირუსი გაცილებით ნაკლებად სახიფათოა. სერიოზული პრობლემები იწყება, როდესაც Covid-19 უფრო ქვემოთ ჩადის და ფილტვებს აზიანებს. აი ფილტვებში კი „ომირკონი“ „დელტას“ საგრძნობლად ჩამორჩება – 10-ჯერ უფრო ნაკლები სისწრაფით მრავლდება, რითაც შეიძლება აიხსნას ის, რომ ინფიცირებულებს ექიმების პროფესიული დახმარება უფრო იშვიათად სჭირდებათ.
ამის მიუხედავად „ომიკრონი“ მაინც სახიფათოა, რადგან ელვისებური გავრცელების გამო სამედიცინო სისტემის დატვირთვას იწვევს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, სადაც ახალი ვარიანტი უკვე დომინანტია, შობის წინა დღეს, 24 საათში აბსოლუტური რეკორდი – 122 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და აქტიური შემთხვევების რაოდენობა 2 მილიონს უახლოვდება.
ასევე პანდემიის პერიოდის აბსოლუტური რეკორდი დაფიქსირდა 25 დეკემბერს იტალიაშიც – 54 762 ახალი შემთხვევა გასულ ერთ დღე-ღამეში (დადებითობის მაჩვენებელი 5,6%-ია), გარდაიცვალა 144 პაციენტი.
სწრაფად ვრცელდება „ომიკრონი“ საფრანგეთში, სადაც 25 დეკემბერს, ერთ დღე-ღამეში 104 611 ახალი შემთხვევა დადასტურდა (გარდაიცვალა 84 პაციენტი).
ვირუსისგან თავდასაცავად სპეციალისტები მთავარ იარაღად ისევ ვაქცინას მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ბუსტერული აცრა („გამაძლიერებელი“ დოზა) „ომიკრონის“ წინააღმდეგაც მნიშვნელოვან დაცვას იძლევა.
ცნობისათვის: 25 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში „ომიკრონის“ 51 შემთხვევაა გამოვლენილი.
ნინო ხოშტარია
კომენტარები