ლიტერატურა/წიგნებისაზოგადოებაჩვენი ფავორიტი

16 წელი ციხე, 2-ჯერ დახვრეტის განაჩენი, 3-ჯერ გაქცევა… და მაინც, რატომ თვლიდა ჭაბუა ამირეჯიბი თავს იღბლიანად

 „შენს სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ – შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ შენი ოჯახის სახეა და გარეთ – შენი ერის!“  /ჭაბუა ამირეჯიბი, „დათა თუთაშხია“/

„ღმერთი რასაც გაჩენისას დაანათლავს ადამიანს, ბოლომდე მიჰყვება. მე მაგალითად, იღბლიან კაცად დავიბადე. ამას რომ ვიტყვი ხოლმე, ბევრს ეცინება – 16 წელი ციხე, 2-ჯერ დახვრეტის განაჩენი, 3-ჯერ გაქცევა და ტყვიების ცეცხლიდან უვნებლად გამოღწევა – ესაა სწორედ იღბლიანობა; განგების ნება იყო, რომ გადავრჩენილიყავი და დღემდე მომეღწია. ამიტომ ვთვლი, რომ იღბლიანი კაცი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გასაჭირი მაქვს გამოვლილი“, –  ამბობდა უდიდესი ქართველი მწერალი ჭაბუა (მზეჭაბუკ) ამირეჯიბი, რომელიც 2010 წლის 15 ოქტომბერს ბერად აღიკვეცა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით ბერი დავითი ეწოდა, – წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის სახელი. პატრიარქისვე კურთხევით ბერ დავითს უფლება ჰქონდა შინ ეცხოვრა, ერზე ელოცა და წერა განეგრძო.

სამწუხაროდ, ვერ ლაპარაკობდა, რადგან მძიმე ოპერაციის შედეგად მეტყველების უნარი დაკარგა, მაგრამ მეტყველებდა მზერით, ქცევით, მელნით… კალმით გადმოსცემდა ყველაფერს, ელემენტარულ სურვილსაც კი, მკითხველთან ურთიერთობაზე რომ არაფერი ვთქვათ… „რაც შეეხება ბერად აღკვეცას, მორწმუნე წინაპრების შთამომავალი და თავადაც ბავშვობიდანვე მართლმადიდებელი რწმენის მქონე ადამიანი გახლდით. განსაცდელებიდან ცოცხლად თავის დაღწევა მხოლოდ ღვთის წყალობით იყო შესაძლებელი. ხომ უნდა მიმეზღო მადლიერება! ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო. ჩემი ბერობა ერთობ თავისებურიცაა, ვზივარ ჩემს ოთახში და ვაგრძელებ ღვთისავე ბოძებულ ხელობას – ვწერ და ვეწევი ეგრეთ წოდებულ ინტელექტუალურ ცხოვრებას“, – წერდა ბერი დავითი და თავისუფალ, კმაყოფილ საქართველოში ცხოვრება ენატრებოდა, „ერთი წლის მანძილზე მაინც“.

ეს სურვილი იმქვეყნად წაიყოლა უდიდესმა ქართველმა კლასიკოსმა – 2013  წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 92 წლის ჭაბუა ამირეჯიბი საკუთარ სახლში აღესრულა.

„ბოლო ას წელიწადში ერთადერთ უბირ კაცად ქვეყანას მოვევლინე მე“

ჭაბუა (მზეჭაბუკ)ამირეჯიბი თბილისში 1921 წლის 18 ნოემბერს დაიბადა, თოთხმეტ-ნახევარ გირვანქას იწონიდა, „ ანუ ექვს კილოგრამს, ორას გრამ ნაკლებს. აღნაგობის მიხედვით, შეიძლებოდა ფიქრი, რომ მძიმე წონის სპორტსმენი გავხდებოდი, მაგრამ შტანგისტობა თუ მოკრივეობა არ მეწერა, კალათბურთი ვარჩიე და შემდგომში პროფესიულ პატიმარ-მარბენლად ჩამოვყალიბდი, – წერდა ბატონი ჭაბუა თავის „ავტოინტერვიუში“, – დედა და მამა ძველი არისტოკრატიული მოდგმისანი იყვნენ. მამა  – ირაკლი გიორგის ძე ამირეჯიბი – ცნობილი ადვოკატი. დედა – პედაგოგი, „ქალთა უმაღლესი კურსებით“, თითქმის გარუსებული. ქართული მამაჩემის ოჯახში ისწავლა, კარგად განათლებული, მშვენიერი თავადის ქალის, სოფიო სოფრომის ასულ მაღალაშვილ-ამირეჯიბისგან. დედა – მარიამ მიხეილის ასული ნაკაშიძე – პირდაპირი ჩამომავალი იყო სამეგრელოს, აფხაზეთის და გურიის მთავრებისა. მამაჩემის წინაპართა წოდებრიობაზე თვით გვარი მეტყველებს. ამირეჯიბობა სახელო ანუ, დღევანდელი ტერმინოლოგიით, თანამდებობა იყო, მანდატურთუხუცესის (შინაგან საქმეთა მინისტრი) პირველ მოადგილეს ნიშნავდა. იგი დაზვერვა-კონტრდაზვერვას ხელმძღვანელობდა. სახელო საგვარეულო იყო, მემკვიდრეობით გადადიოდა და ამირეჯიბის გვარის მატარებელი ყოველი ოჯახი ცდილობდა, თავისი ნაშიერი მოემზადებინა ამ თანამდებობის დასაკავებლად. კონკურენცია მწვავე და დაუნდობელი იყო. ყოველი კანდიდატი შესაფერის განათლებას იღებდა როგორც საქართველოს, ისე ბიზანტიის აკადემიებში. აქედან – გვარის ტრადიციული ნასწავლობა-განათლებულობაც. ბოლო ას წელიწადში ერთადერთ უბირ კაცად ქვეყანას მოვევლინე მე – პედაგოგიური ფაკულტეტის სამი კურსის მეტი არა დამიმთავრებია რა. მეორე კურსზე უკვე მწერალთა კავშირის წევრი ვიყავი, ვწერდი, ვიბეჭდებოდი – სწავლას თავი მივანებე“.

მისთვის მეორე ენა რუსული იყო, რომელიც ოჯახშივე და შემდეგ გარემოცვისგან ისწავლა. ზნეობრივ აღზრდასაც, ცხადია, საფუძველი ოჯახში ჩაეყარა, ხოლო ზედნაშენი, ანუ შემდგომი განვითარება, როგორც თავად წერს, „ცხოვრებამ მოუტანა“.

„არასწორად გაწვეული“

თბილისის 46-ე არასრული საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბი ამიერკავკასიის ელექტროტექნიკუმის რადიოფაკულტეტზე შევიდა, რომელიც 1938 წელს დაამთავრა, III რანგის სამხედრო რადიოტექნიკოსის წოდებით. 1939 წელს ჩაირიცხა თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე, ხოლო ერთი წლის შემდეგ ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადავიდა.

1941 წლის 23 ივნისს, ომის დაწყებიდან მეორე დღეს, პირდაპირ კალათბურთის მოედნიდან წაიყვანეს ჯარში (შემდგომში „ბანაკიდანაც“ კალათბურთის მოედნიდან გაათავისუფლებენ). ჯერ ამიერკავკასიის სამხედრო-საჰაერო ძალების 203-ე ცალკე ასეულის რადისტ-ტელეგრაფისტია, შემდეგ კი გროზნოს აეროდრომის 26-ე ავიადივიზიის რადიოსადგურის უფროსი, საიდანაც მოკლე ხანში დაითხოვენ, რაკი დაუმალავს, რომ რეპრესირებული მშობლები და პოლიტემიგრანტი ნათესავები ჰყავს: მამამისი 1938 წელს დახვრიტეს, დედა გადაასახლეს (დაბრუნდა 1942 წელს). ემიგრაციაშია ბიძამისი – შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი, სახელგანთქმული პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე, 1924 წლის აჯანყების პარიტეტული კომიტეტის წევრი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის მოადგილე პოლიტიკურ დარგში. დახვრეტილნი ან გადასახლებულნი არიან სხვა უახლოესი ნათესავებიც. ჩრდილოკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის დერეფანში შორეულ ნათესავს ნახავს, ჩრდილო კავკასიის ფრონტის ფინანსური სამმართველოს უფროსს, რომელიც საინტენდანტო სამსახურში გადაისვრის, ტრანსპორტში. იმ დროს სპარსეთის ყურიდან ირანის გავლით ამიერკავკასიაში მოკავშირეთა სამხედრო დახმარება იგზავნება – ავტომანქანები, შეიარაღება, ამუნიცია და 1903 წლის ქვასავით მაგარი, თეთრი ლობიოც კი. ერთი ასეთი კოლონის მეთაურის მოადგილე ხდება, მაგრამ აქაც წამოეწევა ის საბედისწერო ქაღალდი: „არასწორად გაწვეული“ და მეტი რა გზა აქვს, თბილისში ბრუნდება.

უკუღმართი ცხოვრება

მწერლის „უკუღმართი“ ცხოვრება სწორედ აქედან დაიწყო: „დავბრუნდი, აღმადგინეს თბილისის სახ. უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსზე. ომის დრო იყო. საღად მოაზროვნე, მამულიშვილურად განწყობილი სტუდენტობა იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ, რა საშუალებებითა და ხერხებით დასძვრომოდა საქართველო რუსეთის იმპერიის კლანჭებს. ყალიბდებოდა არალეგალური ორგანიზაციები და ერთ-ერთ ასეთში, კერძოდ, „თეთრ გიორგიში“, მეც ამოვყავი თავი. ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა ამისთვის დაბადებული ახალგაზრდა კაცი – მხნე, განათლებული, „უშიში, ვითა უხორცო“ და თავდადებული მებრძოლი მუსტაფა შელია. ორგანიზაციის მიზანს შეადგენდა შეიარაღებული აჯანყების გზით საქართველოში საბჭოთა წყობილების ლიკვიდაცია. ახალგაზრდები, გამოუცდელი, მხოლოდღა თავისუფლების წყურვილით აღჭურვილი მამულიშვილები ვიყავით და, ცხადია, ჩვენი მიზანსწრაფვა კრახით დასრულდა. 1944 წლის აპრილში უშიშროების ჯარების „ტროიკამ“ ოცდახუთი წლის პატიმრობა მომისაჯა მე, ხოლო დანარჩენი ცხრამეტი მონაწილიდან სამს დახვრეტა და სხვებს სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა ხვდა წილად. აქვე გახდა ცნობილი ჩვენთვის, რომ მუსტაფა შელია ჩეკისტებმა აყვანის ცდისას გამოასალმეს წუთისოფელს. ნათელში ამყოფოს მისი ამაყი, დაუმორჩილებელი სული მაღალმა ღმერთმა“…

ჭაბუა ამირეჯიბი 1959 წლის დეკემბერში დაბრუნდა გადასახლებიდან და ოჯახში არც თუ სახარბიელო ვითარება დახვდა: „იმ დრომ დამიტოვა დახვრეტილი მამა, ათწელიწადმოხდილი მოხუცი დედა, უმცროსი და – ნათია, უფროსი და – როდამი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა, იყო ჩინებული ადამიანის, დიდი პოეტის, მიხეილ სვეტლოვის მეუღლე. მისი გარდაცვალების შემდეგ, ორი თუ სამი წლის შემდეგ – მეუღლე არანაკლებ ჩინებული ადამიანისა და დიდი ფიზიკოსის, ბრუნო პონტეკორვოსი. ამის გარდაცვალების შემდეგ როდამი გადმოსახლდა თბილისში და აღესრულა აქვე 1995 წელს. სამოცდაჩვიდმეტი წლის ასაკში. როდამმა არჩინა დედაჩვენი ათი წლის პატიმრობის მანძილზე და თქვენი მორჩილი მონაც, როცა მეჯდომებოდა. ვგულისხმობ ჯდომას გაქცევების დროის გამოკლებით. ძირითადად, როდამმავე არჩინა ჩვენი უმცროსი და ნათია, რომელიც დეიდა-მამიდებთან იზრდებოდა“.

თავად ჭაბუა ამირეჯიბს ექვსი შვილი (მანანა, ლეილა, ირაკლი, ლაშა, ქუცნა, შალვა. მათგან ირაკლი ამირეჯიბი აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა) ჰყავდა სხვადასხვა ცოლისგან. მიაჩნდა, რომ ეს ბანაკებსა და თავისუფლებას შორის მიმოქცევის შედეგია, მაგრამ ღმერთმა იმით დააჯილდოვა, რომ წლების განმავლობაში ნამდვილ მეუღლესთან, პოეტ თამარ ჯავახიშვილთან ერთად ცხოვრობდა სრულ თანხმობაში.

ჭაბუა ამირეჯიბის ნამუშევრები მსოფლიოს ოცდაათზე მეტ ენაზეა გამოქვეყნებული. ბავშვობაში ლექსებს და მოთხრობებს წერდა. პირველი ლექსი რვა წლის ასაკში დაწერა, რომელიც „კავკასიონის“ ლიტერატურულმა დამატება „არილმა“ თავის დროზე მასთან ინტერვიუს წაუმძღვარა. პატიმრობისას დაწერილი ცოტა რამ გადარჩა, რადგან ართმევდნენ. სერიოზული ლიტერატურული მუშაობა პატიმრობიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყო. მიღებული აქვს სსრკ სახელმწიფო პრემია (1979); საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (1994); საქართველოს სახელმწიფო პრემია (1998); არის ღირსების ორდენის კავალერი (2001); ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის 2009 წელს გადაეცა პრიზი „საბა“;

მიღებული აქვს, აგრეთვე, უცხოური ჯილდოები, პრემიები, პრიზები…

საკულტო რომანის – „დათა თუთაშხიას“ (1973-1975) გარდა ჭაბუა ამირეჯიბის შემოქმედებაში განსაკუთრებით გამორჩეულია:

„ჩემი მეჯღანე ბიძა“ (მოთხრობების კრებული, 1963)

„ხარის აღსარება“ (მოთხრობების კრებული,1964)

„გიორგი ბურდული“ (ნოველა, 1965)

„გორა მბორგალი“ (რომანი, 1984-1994)

„გიორგი ბრწყინვალე“ (რომანი, 2003)

რამდენიმე კითხვაპასუხი ინტერვიუებიდან

ბატონო ჭაბუა, რას აფასებთ ადამიანში ყველაზე მეტად? შესაძლებლად მიგაჩნიათ ბოროტმოქმედის შემობრუნება ზნეობრივი პრინციპებისკენ?

რა თქმა უნდა, ზნეობას. არათუ მიმაჩნია შესაძლებლად, მინახავს კიდეც ბოროტმოქმედნი, რომელთაც რელიგიას მისცეს თავი, ირწმუნეს ღმერთი და ბოლომდე გაჰყვნენ ამ გზას.

კარგად გვახსოვს „დათა თუთაშხიასსაყოველთაო აღიარება, ლიტერატურული გმირი სახალხო გმირად და მხსნელად მიიჩნია ხალხმა. „დათა თუთაშხიასკითხულობდნენ ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში. ამჟამინდელ საქართველოს სჭირდება ეროვნული გმირი?

ეროვნული გმირის გარეშე ერის თვითშეგნება და შემდგომი განვითარება ვერ განხორციელდება. ეროვნული გმირი არა მარტო სიამაყეა, არამედ მისი გმირობის მიბაძვის, შესწავლისა და დახვეწილი ხასიათის განმეორების სტიმულიცაა. ძნელი წარმოსადგენია უგმირო ერი. ისტორიამ იცის მაგალითები, როცა ამა თუ იმ ადამიანის საქციელი ხელოვნურადაა გაზვიადებული და შესაბამისად რეალიზებულიც.

საქართველო, ქართველი ერი, მისი გეოგრაფიული და პოლიტიკური განსახლების გამო, მთელი ისტორიის მანძილზე დამპყრობელთა მადის აღმძვრელი ტერიტორია იყო. გამუდმებულმა მოგერიებამ და უთანასწორო ბრძოლებმა მრავალი გმირი წარმოაჩინა და ამან ჩვენი ფიზიკური არსებობის ხანგრძლივობას დიდი სამსახური გაუწია. რაც შეეხება XXI საუკუნის საქართველოს და ქართველ ერს, საღად მოაზროვნე საზოგადო მოღვაწის აზრით, ეროვნული გმირის გამოჩენა იმდენად აუცილებელია, რამდენადაც ერს სამართლიანი მისწრაფება აქვს არა მარტო ფიზიკური არსებობის შენარჩუნებისათვის, არამედ შემდგომი სულიერი განვითარებისთვისაც. ამათ რიცხვს ვეკუთვნი მეც – ბერი დავითი, ჭაბუა ამირეჯიბი.

და როგორ მიმართავდა ერს ბერი დავითი – ჭაბუა ამირეჯიბი?

ჩემი დევიზია: „ჭკუით, ქართველებო!“ ქართველ ერს ვურჩევდი გონიერებასა და მამულიშვილობაში ურყეობას. დრო ყველაფრის მკურნალია!

მოამზადა თამარ ოთიაშვილმა

ჭაბუა ამირეჯიბი შვილიშვილებთან ერთად. ჯემალ კასრაძის ფოტო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close