იაგო ხვიჩია: „ხელისუფლებამ სააკაშვილის გლდანში გადაყვანით ძალიან წააგო“
„მოვუწოდებ, რომ იგი სამკურნალოდ გაგზავნონ არა გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, არამედ საზღვარგარეთ“
ოპოზიციონერი დეპუტატი, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანით ძალიან წააგო და სიტუაციის ესკალაციას ძალით შეუწყო ხელი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა:
„მიხეილ სააკაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თუ არა, არ ვიცი და არ მინდა, ჭორებზე ვილაპარაკო. სააკაშვილი როგორც არ უნდა მოგვწონდეს და მის მიმართ რა სახის პრეტენზიაც არ უნდა გვქონდეს, მგონია, რომ ამ ქვეყანაში ბევრ ადამიანს, მათ შორის მის მოწინააღმდეგეებს არ უნდათ, რომ ის ისეთ ადგილას იყოს, სადაც ქურდები და ძველი ბიჭები აგინებენ.
ჩემი აზრით, ხელისუფლებამ გლდანში მისი გადაყვანით ძალიან წააგო და სიტუაციის ესკალაციას ძალით შეუწყო ხელი. მგონია, რომ ხელისუფლება ამდენს ტყუილად ბედავს, რადგან ქვეყანაში ძალიან ბევრია დაგროვილი უარყოფითი განწყობა ხელისუფლების მიმართ. ადამიანების ფსიქიკა, განწყობა და ნერვები არის წკიპზე და აქამდე თუ მათ აკავებდათ ის, რომ მიხეილ სააკაშვილის საფრთხე არსებობდა და ამით ანეიტრალებდნენ, „ქართული ოცნებისთვის“ იქნება ტრაგედია, რომ ადამიანებს სააკაშვილი შეეცოდათ და სიმპათიები მისკენ გადაიხაროს, როგორც საცოდავი ადამიანის მიმართ, რომელიც ქურდებში აღმოჩნდა. ეს „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან ცუდად დამთავრდება და კარგად არ დასრულდება არც საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამიტომ, ხელისუფლებას მოვუწოდებ, სააკაშვილის დედის და 89 უკრაინელი დეპუტატის თხოვნა გაითვალისწინოს და ის სამკურნალოდ გაგზავნონ არა გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, არამედ საზღვარგარეთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობას არცერთი მხარის ბოლომდე დამარცხება და გამარჯვება არ აძლევს ხელს.
„საპროტესტო აქციები ოპოზიციას რას მოუტანს, არ ვიცი, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას არც ერთი მხარის ბოლომდე დამარცხება და გამარჯვება არ გვაწყობს. არავისთვის არის კარგი, რომ „ქართული ოცნება“ აქედან გამოვიდეს ტრიუმფით; არც ის, რომ ამ ყველაფრის შედეგად ხელისუფლება დაკარგონ და „ნაცები“ მოვიდნენ ერთპიროვნულად. მგონია, რომ ყველა ნორმალური ადამიანის მიზანი უნდა იყოს სიტუაციის დეესკალაცია ისე, რომ რაღაცნაირად, სხვა ტიპის ქაოსში არ აღმოვჩნდეთ, რომელმაც შეიძლება, სულ სხვა ტრაგედიამდე მიგვიყვანოს“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.
გვიან ღამით ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა მიხეილ სააკაშვილის წერილი, რომელშიც ის ამბობს, რომ გლდანის ციხეში მოტყუებით გადაიყვანეს და ციხეში შეყვანისას კი რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში, თმებით ითრიეს და ამ დროს წინააღმდეგობა გაუწია. მისივე თქმით, სამედიცინო აპარატურა დააზიანა იმის გამო, რომ „რაღაც ნემსის გაკეთება უნდოდათ“ მისი თანხმობის გარეშე.
„მე აქ გადმომიყვანეს მოტყუებით მას შემდეგ, რაც გამომიცხადეს, რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მივყავდი, გამიუქმეს შეხვედრა ექიმებთან და პაემანი დედაჩემთან და ჩემს შვილებთან. როდესაც მიმიყვანეს კრიმინალების კორპუსთან, რომელთაც ატეხეს დიდი ჟრიამული და ეს ჟრიამული არ შეწყვეტილა ამ წუთამდე. ხოლო ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს ხელმძღვანელმა მუშაკმა, გამომიცხადა: აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში და გინებაც მოაყოლა. მე მოვითხოვე მისი სახელი და გვარი, თუმცა უარი მითხრეს თქმაზე. შემდეგ გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა თანამშრომლებმა. მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში, მითრიეს თმებით და რა თქმა უნდა, ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა. ისევე, როგორც პალატაში, სადაც რაღაც გაურკვეველი, კრიმინალური შესახედაობის მედპერსონალი მომიახლოვდა და ამ დროს მართლაც ანალიზატორს გავკარი ხელი, რადგან რაღაც ნემსის გაკეთება დაიწყეს ჩემი ნებართვის გარეშე. ჩემი რეაქცია იყო გამოწვეული მთელი ამ ძალადობისა და შეურაცხყოფის შემდეგ აღელვებით. ყველა იქცეოდა, როგორც ნამდვილი კრიმინალები. ჩემს საკანში მუდმივად ისმის კრიმინალების შეძახილის ხმა. ვაცხადებ ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს, სამედიცინო პერსონალთან არ ვთანამშრომლობ, შევხვდები მხოლოდ ჩემს პირად ექიმს. აქ ჩემი გადმოყვანის მიზანი ერთმნიშვნელოვნად არის ჩემი ფიზიკური განადგურება პუტინის დაკვეთით.
მინდა, არ მივცეთ არანაირი პროვოკაციის შესაძლებლობა. მე ვალდებული ვიყავი, გამეწია ფიზიკური წინააღმდეგობა ძალადობისთვის, მაგრამ მე აქ მარტო ვიყავი, ხოლო თქვენ გარეთ ხართ უამრავი და შესაბამისად, ვერავინ დაგამარცხებთ მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მტკიცე პროტესტის პირობებში. კიდევ ერთხელ, არ წამოვეგოთ მათ პროვოკაციებს. ჩვენი ერთიანობით, მშვიდობიანობით უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, რომელიც ბანდიტებს ჩაუვარდათ ხელში და დაღუპვის პირასაა. მინდა, ხელახლა ვთხოვო ემიგრაციას, ახლა არის მომენტი, აჩუქოთ საქართველოს თუნდაც ერთი ან რამდენიმე დღე და ბოლომდე მივიყვანოთ საქმე. ძალიან დიდი იმედი მაქვს ყველა თქვენგანის, არ შეგვეშინდეს ამათი, ჩვენ ბევრად მეტნი ვართ და რაც მთავარია, მართალი ვართ და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ოჯახები, ჩვენი სამშობლო გვაქვს გადასარჩენი.
პოსტ სკრიპტუმ: მიმართვა ნიკა მელიას – ვიზიარებ და სრულად მხარს ვუჭერ, ნიკა, შენს გადაწყვეტილებას გლდანის ციხესთან წამოსვლაზე უარის შესახებ. აქ მზადდებოდა და ახლაც მზადდება პროვოკაცია, რაც მიზნად ისახავს ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ჩაშლას. ყოჩაღ ამისთვის“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ გლდანის საავადმყოფო არ არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი და შესაძლოა, დამატებით დახმარება დასჭირდეთ.
მისივე თქმით, გლდანის საავადმყოფოში არის ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობა, ასევე მობილიზებულია რეანიმაციების ბრიგადა.
„მე გახლდით გლდანის საავადმყოფოში რამდენიმე ხნის წინ. ასევე რეგულირების სააგენტომ შეამოწმა. რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შემიძლია ვთქვა, არის, რომ გლდანის საავადმყოფოში შექმნილია ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობა, რეანიმაციების ბრიგადა მობილიზებულია. ინტენსიური თერაპია ნიშნავს მიმდინარე პერიოდში კარდიალურ ფუნქციებზე დაკვირვებას, ასევე გადასხმების უზრუნველყოფას, ინტენსიური თერაპიის სხვა შესაძლებლობების გამოყენებას, თუკი ამის საჭიროება დადგება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს კლინიკა არ არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი და ბუნებრივია, შესაძლოა, დამატებით დახმარება დასჭირდეთ“, – აღნიშნა გაბუნიამ.
ხელისუფლების თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა საფრთხის შემცველია, რადგან რადიკალურ ოპოზიციას სამოქალაქო კლინიკასთან ადვილად შეუძლიათ თავიანთი რადიკალური მიზნების განხორციელება. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ სააკაშვილი არ შიმშილობს, რატომ გახდა საჭირო მისი სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „პირველი – შიმშილობა არის ფეიკი; რაც შეეხება გადაყვანას, ამაზე პასუხს გაგცემთ შესაბამისი უწყება“.
კომენტარები