პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა – ილია II ერს „სვეტიცხოვლობას“ ულოცავს
14 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია „სვეტიცხოვლობას“ აღნიშნავს. კათოლიკოს-პატრიარქი საზოგადოებას წარსულს ახსენებს, ადამიანებს ერთმანეთის დაფასებისკენ მოუწოდებს და ქრისტიანულ მრევლს სვეტიცხოვლობას ულოცავს.
მისალოც წერილს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აქვეყნებს:
„გილოცავთ სვეტიცხოვლობას!
„საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი. პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თქვენ წარმოიდგინეთ, წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, მირიანი და ნანა არ ყოფილიყვნენ, სიდონია არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ მიგვეღო მეოთხე საუკუნეში, ვინ ვიქნებოდით?!
ღმერთმა წყალობა მისცა, მართლაც, და ეს წყალობა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ. უნდა დავაფასოთ პიროვნება, პიროვნებას უნდა შევუწყოთ ხელი და ამ შემთხვევაში თქვენ მიაღწევთ დიდ წარმატებას…
სვეტიცხოვლობა არის უდიდესი დღესასწაული. შემთხვევით არ არის, რომ სვეტიცხოვლობა და მცხეთობა ერთ დღესაა.
მახსენდება წარსული წლები, როცა კომუნისტური რეჟიმი იყო და ბევრი გაჭირვება უნახავს საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს, მაგრამ საკვირველ არიან საქმენი შენი, უფალო! ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გამოვიარეთ ეს განსაცდელი და მრავალი მწუხარება გარდაიქცა სიხარულად.
სიხარული არ მოგაკლოთ მამაზეციერმა თქვენ და საქართველოს!“
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი”
14.10.2019
სვეტიცხოვლობის დღესასწაული საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დააწესა.
შრომის კოდექსით, 14 ოქტომბერი უქმე დღედ არის გამოცხადებული.
გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსი ამოვიდა.
მეოთხე საუკუნეში, წმინდა მეფის მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის ჟამს, კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს ლოცვებით სვეტი ღვთის მიერ გაბრწყინდა და ჰაერში 12 წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა. ნათლის სვეტის თაყვანისსაცემად მთელი მცხეთა შეიკრიბა. ნათლის სვეტი სასწაულებს ახდენდა.
წმიდა ნინოს რჩევით აშენებული პირველი ხის ეკლესიის დანგრევის შემდეგ, V საუკუნის მე-2 ნახევარში, წმინდა მეფემ ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი აღმართა. XI სუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი – სვეტიცხოველი ააგო, რომლის ხუროთმოძღვარიც არსუკიძე იყო.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV), წმინდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.
კომენტარები