საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა
ესპანეთის ქალაქ სიტჟესში დამთავრდა ქალ მოჭადრაკეთა გუნდური მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა წინა ორ ჩემპიონატზეც – 2017 და 2019 წლებში – ანალოგიური შედეგი აჩვენა.
საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდნენ ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე და სალომე მელია. გუნდის კაპიტანი იყო დავით ჯოჯუა, მთავარი მწვრთნელი კი – ელიზბარ უბილავა.
ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2007 წლიდან იმართება ორ წელიწადში ერთხელ. ქართველ მოჭადრაკეებს დღემდე უკვე 5 სხვადასხვა სინჯის მედალი აქვთ მოპოვებული – ერთი ოქრო და ოთხი ბრინჯაო. ჩვენი გოგონები 2015 წელს ჩემპიონები გახდნენ, 2011, 2017, 2019 და 2021 წლებში კი მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ჩვენი გუნდიდან ინდივიდუალურ ჩათვლაში საუკეთესო იყო ლელა ჯავახიშვილი, რომელმაც მეოთხე დაფაზე მცირე ოქრო მოიგო.
ასპარეზობაში მონაწილე 12 ქვეყნის ნაკრები გუნდი ორ ჯგუფად დაყვეს, მათ წრიული სისტემით ორ-ორი მატჩი გამართეს.
საქართველოს ნაკრებმა B ჯგუფში 3 პარტია გამარჯვებით, ორი კი ყაიმით დაასრულა და პირველ ადგილზე გავიდა.
ქართველმა მოჭადრაკეებმა მეოთხედფინალში აზერბაიჯანის გუნდთან ორმატჩიანი დაპირისპირება მოიგეს, ნახევარფინალური შეხვედრა კი ინდოეთის გუნდთან დათმეს.
წლევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული რუსეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ინდოეთის გუნდს (2,5:1,5), (3:1) სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები