იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მიმდინარე წლის ბოლომდე, 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. შესაბამისი გადაწყვეტილება იტალიის სენატმა ოთხშაბათს, 15 სექტემბერს დაამტკიცა.
აგრეთვე, კანონის სახე მიეცა ე. წ. მწვანე საშვის წარდგენის ვალდებულებას ზოგიერთი ტიპის საჯარო სივრცეების სტუმრობისას (ისეთ ხალხმრავალ ადგილებში, როგორიცაა: მუზეუმები, დახურული ტიპის რესტორნები და სპორტდარბაზები; აქამდე ეს ვალდებულება მთავრობის დადგენილების საფუძველზე მოქმედებდა).
ხუთშაბათს, 16 სექტემბერს მთავრობა მიიღებს დადგენილებას, რომლის თანახმადაც „მწვანე საშვის“ წარდგენა სავალდებულო გახდება საჯარო სექტორში მომუშავეთათვის – ეს გადაწყვეტილია. ჯერჯერობით მიდის შეფასება, უნდა გავრცელდეს თუ არა საჯარო სექტორთან ერთდროულად ეს ვალდებულება კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის. გადაწყვეტილება 16 სექტემბერს, მთავრობის სხდომაზე გახდება ცნობილი. „ანსას“ ინფორმაციით, შეთანხმება, პრაქტიულად, მიღწეულია, ამჟამად კიჯის სასახლეში ტექნიკური სპეციალისტები მუშაობენ მთავრობის დადგენილების წესების დაზუსტებაზე, რომლებსაც ხვალ მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცებს.
მთავრობის დადგენილება 15 ოქტომბრიდან შევა ძალაში.
„მივდივართ იმისკენ, რომ „მწვანე საშვი“ სავალდებულო იყოს არა მხოლოდ საჯარო სექტორში, არამედ კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც. ვაქცინა ერთადერთი იარაღია, რომელიც ვირუსის წინააღმდეგ გვაქვს. ვირუსის გავრცელების შეკავება მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ვაქცინაციით შეგვიძლია“, – აღნიშნა რეგიონების საქმეთა მინისტრმა მარიასტელა ჯელმინიმ.
როგორც ცნობილია, იტალიაში ე.წ. მწვანე საშვი ეძლევა მოქალაქეს, რომელმაც ვაქცინის, სულ ცოტა, ერთი დოზა მიიღო, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ურყოფით პასუხი აქვს (48 საათით ადრე), ან კოვიდ-19 გადაიტანა. აღსანიშნავია, რომ ვაქცინირებულთათვის „მწვანე საშვის“ ვადა 12 თვემდე გახანგრძლივდა, კოვიდგადატანილებისთვის კი ის ძალაშია გამოჯანმრთელებიდან 6 თვის განმავლობაში.
ხვალ მინისტრთა კაბინეტი კოვიდ-19-ის ტესტების ფასის რეგულირებასთან დაკავშირებითაც მიიღებს გადაწყვეტილებას. პროფკავშირები მოითხოვენ, რომ ტესტი უფასო იყოს, მათი თქმით, იმისათვის, რომ სამსახურში იარონ, მწვანე საშვის მისაღებად მოქალაქეებმა ტესტის ჩატარებაში ფული არ უნდა გადაიხადონ.
რაც შეეხება ვაქცინაციას: 14 სექტემბრის მონაცემებით, იტალიის მოსახლეობის 64,5% (38 943 449 ადამიანი) სრულად არის ვაქცინირებული, ერთი დოზა კი მიღებული აქვს 72,8%-ს (43 924 031). იტალიაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრა ხელმისაწვდომია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 12 წელი, ამასთან, 16 წელს მიღწეულ მოზარდებს აცრის გასაკეთებლად მშობლ(ებ)ის თანხმობა არ სჭირდებათ.
კომენტარები