ქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტიინტერვიუ

ემიგრანტის ფიქრები და განცდები, რომელმაც 10 წლის შემდეგ სამშობლოში ჩამოსვლა შეძლო – მაია დემეტრაშვილი

ინტელექტი, სიკეთე, სიყვარული, უკეთესი მომავლის შესაშური და გადამდები რწმენა, მრავალმხრივი ინტერესები… – ეს და კიდევ სხვა არაერთი თვისება გამოარჩევს მაია დემეტრაშვილს, როგორც პიროვნებას. მის ოპტიმიზმს ყოფითმა პრობლემებმა სამშობლოდან შორსაც ვერაფერი დააკლო.

ქალბატონმა მაიამ ბოლო 10 წელი იტალიაში გაატარა ისე, რომ ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ახლახან მოახერხა სამშობლოში ჩამოსვლა. საინტერესოა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში წლობით საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნამუშევარი, არაერთი სიგელისა და მედლის მფლობელი ქალბატონი, რატომ უნდა წასულიყო ემიგრაციაში? რა ფიქრები და განცდები დაეუფლა, როცა 10 წლის განშორების შემდეგ მშობლიურ მიწაზე პირველად დააბიჯა ფეხი? აპირებს თუ არა ისევ იტალიაში დაბრუნებას? …მოდი, მოვუსმინოთ ქალბატონ მაიას და ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხი თავად ჩვენი არაჩვეულებრივი რესპონდენტისგან მივიღოთ.  

ქალბატონო მაია, როგორც შევიტყვე, სულ რამდენიმე დღეა, რაც საქართველოში დაბრუნდით. მოგვიყევით თქვენს ემოციებსა და განცდაზე, რას ელოდებოდით და რა დაგხვდათ 10 წლის უნახავ მშობლიურ ქვეყანაში?

დიახ, 10 წლის შემდეგ დავბრუნდი ჩემს მშობლიურ საქართველოში და, გულწრფელად გეტყვით: არ დამხვდა ჩემი ქვეყანა იმ მდგომარეობაში, რომელიც ემიგრაციიდან სამუდამოდ დაბრუნების გადაწყვეტილებას მიმაღებინებს… მაგრამ არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ ნამდვილად გალამაზებული, სუფთა და მოწესრიგებული ქალაქი ვნახე. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი თბილისი თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით.

კი, ნამდვილად უჭირს ქვეყანას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარტო ვიწუწუნოთ და ხელი ხელისუფლებისკენ გავიშვიროთ. სულ უნდა ვიშრომოთ, სულ ახლის ძიებაში უნდა ვიყოთ. ჩვენ თუ ხელს არ გავანძრევთ და მხოლოდ ვიწუწუნებთ, ეს სიკეთეს არ მოგვიტანს. გამოსავალი ყოველთვის არსებობს, უბრალოდ, უფრო მომთხოვნი უნდა ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ. იტალიაში რასაც ვხედავ ამ წლების განმავლობაში, იცით, როგორ შრომობენ ადამიანები? არანაირი სამუშაო არ ეთაკილებათ. ხშირად მიწევს უძილო ღამეების თენება ჩემი სამსახურიდან გამომდინარე და ვხედავ და მესმის, როგორ მუშაობს მთელი ქალაქი ღამით: გვიან ქუჩებს, ასუფთავებენ, გააქვთ მთელი დღის დაგროვილი ნაგავი და დილით მოქალაქეს სრულიად სუფთა ქუჩები ხვდება. ყველა წლოვანების ადამიანს შეხვდებით მათ შორის: ასაკოვანსაც და ახალგაზრდასაც; გამთენიისას ამთავრებენ სამსახურს, მიუჩენენ სათანადო ადგილს სამუშაო იარაღებს, რომლებიც გამოიყენეს, ჩასხდებიან ძვირადღირებულ მანქანებში და მიდიან სახლებში. ჩვენ ყველაფერს ვთაკილობთ: „ხალხი რას იტყვის“ გამონათქვამით ვცხოვრობთ ჯერ კიდევ.

მაგრამ როგორებიც არ უნდა ვიყოთ, მაინც გულის ამოგლეჯამდე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი თბილისი, მხოლოდ კარგი მინდა დავინახო, რომ ძალიან დიდხანს გამყვეს ჩემი ქვეყნის სურნელი!

რაც შეეხება ჩემს ოჯახს, სანათესაოს, სამეგობროს: მათ ისეთი სიყვარული, სითბო, პატივისცემა, ყურადღება გამოიჩინეს ჩემ მიმართ, თითქმის დამავიწყდა ის ურთულესი და უმძიმესი ემიგრანტული ცხოვრების წლები.

ხშირად ვკითხულობთ ათასნაირ პოსტებს, სტატიებს იმის შესახებ , თუ როგორ უცრუვდებათ იმედი ემიგრაციიდან სახლში ჩასულებს, როგორი გაუცხოებაა ოჯახის წევრების, შვილების. ნუ მიწყენთ, ქალბატონებო, მაგრამ ალბათ თვითონ ჩვენში უნდა ვეძებოთ პრობლემა, რადგან ის შვილებიც ჩვენი გაზრდილები არიან, ოჯახიც ჩვენი შექმნილია და რამე თუ აღარ მოგვეწონება, ალბათ მეტწილად ჩვენი დანაშაულია. როგორ შეიძლება, შენი გაზრდილი შვილი ცივად შეგხვდეს, მხოლოდ შენი ფული უნდოდეს?!

იმდენი საშუალებაა ახლა სამყაროში საურთიერთობოდ, რომ შეგვიძლია ყოველი დღე ჩვეულებრივ გავატაროთ ოჯახის წევრებთან დიალოგში, მოკითხვით, ყოველდღიურ პრობლემებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ერთად მიღებით.

ნურავინ დაიწუწუნებს, რომ არ შეუძლიათ ლაპარაკი, რადგან უშლიან. ყველაფერი შესაძლებელია – დღეში ერთხელ ოჯახთან კონტაქტი ყველას შეუძლია. ჩვენ თვითონ არ უნდა მივცეთ ჩვენი ოჯახის წევრებს უყურადღებობისა და გაუცხოების უფლება.

მე ვიცი ემიგრანტები (მომიტევოს უმრავლესობამ), რომლებიც, ისე გადის კვირები და თვეები, შვილებს არ ელაპარაკებიან, არ კითხულობენ ოჯახის წევრების მდგომარეობას, გაურბიან ზედმეტად ნერვების მოშლას და იმით ხსნიან ამ ყველაფერს, რომ მერე მთელი კვირა ნერვებაშლილები არიან და ვეღარ მუშაობენ. დამიჯერეთ, ასეთი უგულო და უყურადღებო ქალბატონები ვერც ოჯახებს შეინარჩუნებენ და ვერც მოხუცებს უპატრონებენ სათანადოდ.

ის პერიოდი როგორ გახსენდებათ, როცა გადაწყვიტეთ, რომ უცხოეთში წასულიყავით, პროფესით ვინ ბრძანდებით და რატომ მოგიხდათ მშობლიური ქვეყნის დატოვება? ფიქრობდით, რომ შეიძლება წლების განმავლობაში ვერ დაბრუნებულიყავით სახლში?

გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად გამიჭირდა, რადგან ოჯახისა და ქვეყნის დატოვება დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ჩემი ახლობლები, სამეგობრო „გიჟი დედის“ სტატუსით მიცნობენ და სულ მეუბნეოდნენ, რომ შვილებისა და ოჯახისგან შორს გამიჭირდებოდა. კი, ძალიან გამიჭირდა და თანაც ისე ძალიან გამიჭირდა ოჯახისგან მოშორება, რომ ამდენმა უძილო ღამემ და ცრემლებმა მხედველობის პრობლემა შემიქმნა. ეს ყველაფერი იმაზე ფიქრმა გადამატანინა, რომ ცოტას დავეხმარებოდი ჩემს შვილებს და მალევე დავბრუნდებოდი, მაგრამ ეს „მალე“ ჯერ არ დამთავრდა.

ქალბატონი მაიას ვაჟიშვილი – ლევან იმერლიშვილი და მისი მეუღლე – ანი ქამხაძე
ქალიშვილი და სიძე – ნათია იმერლიშვილი და გიორგი გეგეშიძე

პროფესიით ვარ „მჭიდა მასალების ტექნოლოგი“, მაქვს მეორე პროფესიაც – სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტი, თუმცა არცერთი სპეციალობით არ მიმუშავია. ოჯახი ადრე შევქმენი (17 წლის ასაკში) და მთელი ჩემი ენერგია და დრო ჩემი შვილების გაზრდასა და აღზრდას მოვანდომე, თან პარალელურად ვსწავლობდი. მყავს მეუღლე – ზაურ იმერლიშვილი, ორი ძალიან კარგი შვილი, ქალ-ვაჟი, ნათია და ლევან იმერლიშვილები და 4 ულამაზესი შვილიშვილი. ორივე შვილი დაოჯახებულია, ნათიას ჰყავს მეუღლე – გიორგი გეგეშიძე და შვილები: გიორგი (გიგი) გეგეშიძე, 13 წლის და ნინი გეგეშიძე, 10 წლის. ლევანს ჰყავს მეუღლე, ანი ქამხაძე და შვილები: 13 წლის ლუკა და 5 წლის ნატალი.

შვილიშვილებთან – ნატალიკოსა და ნინისთან ერთად
ნატალი და ლუკა იმერლიშვილები
ნინი გეგეშიძე
გიორგი (გიგი) გეგეშიძე

აქვე გეტყვით, რომ 18 წელი ვიმსახურე თავდაცვის სამინისტროში ერთ-ერთ საპასუხისმგებლო სამსახურში, მიღებული მაქვს მრავალი მადლობა და სიგელი კეთილსინდისიერი მუშაობისთვის, დაჯილდოებული ვარ, აგრეთვე, მე-2 და მე-3 ხარისხის მედლებით შეიარაღებულ ძალებში უმწიკლო სამსახურისთვის.

შემდეგ, როგორც ხდება, იცვლება მთავრობა, იცვლება ხელმძღვანელობა და ცვლიან თანამშრომლებსაც… არც კი კითხულობენ მის მიღწევებსა და შესაძლებლობებს, მის გამოცდილებას და არ ფიქრობენ, ეს კადრი გამოადგებათ თუ არა შემდგომი მუშაობისთვის. ასე დამემართა მეც: გამათავისუფლეს შეიარაღებული ძალებიდან ისე, რომ მიზეზიც არ მითხრეს. ისეთ ასაკში დავრჩი უმუშევარი (47 წლისა), რომ საქართველოში ამ ასაკში უკვე შრომისუუნაროდ გთვლიან და, შესაბამისად, ვიცოდი, რომ სამსახურის დაწყება გამიჭირდებოდა.

საზღვარგარეთ წასვლის გადაწყვეტილება ადვილად არ მიმიღია, ამას ბევრი ფიქრი და უძილო ღამე დაჭირდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. იმ პერიოდში ძალიან ბევრი ჩემი ახლობელი წავიდა საზღვარგარეთ სამუშაოდ. დავეკონტაქტე, მივიღე ინფორმაციები იტალიის შესახებ, შევედი იტალიის საელჩოში, შევავსე განაცხადი და ჩემი მოთხოვნა დააკმაყოფილეს.

არც კი მიფიქრია, რომ 10 წელი მომიწევდა საზღვარგარეთ დარჩენა. ვამბობდი, 2-3 წლით წავალ-მეთქი, მაგრამ… ძალიან გამიჭირდა როგორც ადაპტაცია, ისე უცხო ოჯახში მუშაობის დაწყება, რადგან ენის ბარიერი მქონდა, მაგრამ მადლობა უფალს და იმ ოჯახს, სადაც 8 წელიწად-ნახევარი მომიწია მუშაობა. ისეთი კეთილი და წესიერი ოჯახი შემხვდა, ეს ყველა დაბრკოლება უმტკივნეულოდ გადავლახე.

საერთოდ, ემიგრაციის დასაწყისში ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს ენის ბარიერი და ამის გამო სამსახურის შოვნის პრობლემა. მერე ახერხებ ნელ-ნელა ინტეგრაციას და ეჩვევი ყველაფერს. ცუდი ისაა, რომ სხვისი ცხოვრებით გვიწევს ცხოვრება ემიგრანტებს და იმისათვის, რომ გაძლო და სამსახური შეინარჩუნო, ძალიან დიდი მოთმინება და თავშეკავება გჭირდება.

უფრო კონკრეტულად რას გვეტყოდით იმ ადგილზე, სადაც ეს 10 წელი გაატარეთ და გარშემომყოფებზე? 

რომელ ქალაქშიც მე ვიმყოფები (ბარი), იქ ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს მარტო, ან ოჯახებით. ამასთან, არის ბევრი პრობლემა, თუნდაც საბუთებთან დაკავშირებით და მინდა აღვნიშნო ის ღვაწლი და მონდომება, უანგარო დახმარება, რასაც ჩვენი თანამემამულეები აკეთებენ და იხარჯებიან ჩვენთვის, ვისაც არ მიგვიწვდება ხელი ზემდგომ ინსტანციებში. ქალბატონები: ფიქრია კუჭუხიძე, ხათუნა ბოლაშვილი, ლელა ბალახაშვილი, ანი ჟამურელი, მანანა მემანიშვილი, ეკა ვარაზი დაუღალავად შრომობენ, მიაქვთ ქართველების გასაჭირი იტალიელ ხელმძღვანელობამდე, აწესრიგებენ თითქმის ისეთ საბუთებს, რომელზედაც ზოგს ხელი აქვს ჩაქნეული, ისმენენ ჩვენს გასაჭირს, იტალიელ პატრონებს თუ რამე გადაცდომა მოუვათ, გვეხმარებიან, ქორებივით გვიცავენ. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულს ასეთი დაუღალავი შრომისთვის, მოთმენისა და ღიმილიანი სახით შეხვედრისთვის.

ემიგრანტები ყველა სირთულის ასატანად და გასაძლებად ვიყენებთ იმ დღეებს, რომლებიც დასვენებისთვის გვეკუთვნის და ვცდილობთ, ჩვენი შესაძლებლობები (იქნება ეს პოეზიის საღამო, შემოქმედებითი ღონისძიებები, დრამატულ წრეში მოღვაწეობა, ქველმოქმედება თუ სხვადასხვა სახის ექსკურსიები და ერთმანეთთან სტუმრობა) მაქსიმალურად გამოვიყენოთ. მე პირადად ბევრ ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა, პოეზიის საღამოებზე წავიკითხე ჩემი პოეტი მეგობრების ლექსები, ვითამაშე პოეტ სალომე გოგოლაძის მიერ დადგმულ სპექტაკლში „ჩვენი მიწა“, სადაც კეთილი დამსაქმებლის როლი შევასრულე.

როგორც ვიცი, მღერით კიდეც…

კი, ძალიან მიყვარს სიმღერა, მოყვარული შემსრულებელი ვარ. ხშირად ვმღეროდი „სმულის“ პროგრამაში, ბევრი მსმენელი და გულშემატკივარი შევიძინე. ეს ყველაფერი ხდებოდა პანდემიის დროს, როდესაც თვეობით ჩაკეტილები ვიყავით, ერთადერთი გამოსავალი კარგი განწყობის შენარჩუნება იყო და ეს გამომდიოდა.

ემიგრაციის წლებმა შეცვალა რაიმე თქვენში?

ემიგრაციამ გარკვეულწილად შეხედულებები შემიცვალა, კარგად დამანახვა, თუ რა არის მეტად დასაფასებელი ადამიანში, რაც შეიძლება ემიგრაციამდე უბრალო და უმნიშვნელო მეჩვენებოდა.

ზოგადად კი, ემიგრაცია არ ცვლის ადამიანს. ის ისეთივეა, როგორიც იყო. საბედნიეროდ, იმ თვისებებმა, რაც გამაჩნია, შემაძლებინა ძალიან ბევრ ახალჩამოსულ და სასოწარკვეთილ ადამიანს გვერდში დავდგომოდი და გზაზე დამეყენებინა, დავხმარებოდი და მაქსიმალურად შემეწყო ხელი (რა თქმა უნდა, უანგაროდ), მორგებოდა იმ სიტუაციას, რომელშიც ემიგრანტებს გვიწევს ცხოვრება. ვინც კარგად მიცნობს, იცის, რომ ბუნებით მეგობარი ვარ, რამდენად გამომდის, ეს უფლისთვის მიმინდვია. იცით, მშვიდად რატომ ვარ? იმიტომ, რომ კარგის მოლოდინით ვცხოვრობ, რადგან ცუდი არავისთვის მდომებია.

მეც შევიტყვე, რომ ამ 10 წლის განმავლობაში არაერთ თანამემამულეს დაეხმარეთ, ბევრის იმედი და საყრდენი იყავით, სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობაში მონაწილეობდით… როგორც საუბრის დასაწყისში მითხარით, საქართველოში სამუდამოდ დაბრუნების გადაწყვეტილება ჯერ არ მიგიღიათ, ანუ აგრძელებთ ემიგრაციის გზას და თქვენი იმედი შეიძლება კვლავაც ბევრს ჰქონდეს უცხოეთში?

რაც შეეხება დახმარებას, მიჭირს ამ თემაზე საუბარი, ვიცი, რომ სიკეთე ჩუმად უნდა ვაკეთო, ჩემი სულისთვის, ჩემი შვილების სიკეთისათვის; არ მომწონს, რომ ეხმარებიან და შემდეგ აჭრელებენ ჯგუფებს და სოცქსელებს, ნახეთ, რა მაგრები ვართო. მე გაკეთებული სიკეთის გულში გავლებაც კი მერიდება.

კი, რა თქმა უნდა, ბევრს ვეხმარები შეძლებისგვარად და ღმერთს ვევედრები, რომ სიკეთის კეთების სურვილი არ ჩამიკლას, რადგან ბევრჯერ ჩემი სიკეთისთვის, ჩემი ყურადღებისთვის დავისაჯე. გული მატკინეს მარტო იმიტომ, რომ დავეხმარე, სულიერად გამანადგურეს. ვიცი, რომ ეს ყველაფერი დროებითია, ღმერთი ისეთი სამართლიანია, ზოგჯერ მეშინია. „დროს მიეცი დრო“, – ვიმეორებ გულში და მომავლისაკენ სიკეთის კეთების სურვილით ვიხედები. ზოგს უფრო აბოროტებს შენი ადამიანობა, ამიტომ არ შეიძლება იმ ადამიანებთან დარჩენა, ვინც სარგებლობს შენი გულკეთილობით. როდესაც ადამიანი ტკივილს გაყენებს, უნდა ვიფიქროთ, რომ ის თვითონ უბედურია, – ბედნიერი ადამიანები არ უხეშობენ, არ ჭორაობენ.

ამ ეტაპზე საქართველოში ვერ დავბრუნდები, რადგან მაქვს ვალდებულებები ჩემი ოჯახისა და შვილების წინაშე.

რაც შეეხება კვლავ დახმარებას, რა თქმა უნდა, ისევ დავეხმარები გაჭირვებულ ადამიანს ყველა საკითხში, რაზეც ხელი მიმიწვდება და შესაძლებლობა მექნება. მახარებს ადამიანების ბედნიერი სახეები, თუ მათ მცირე დახმარებას მაინც შევძლებ; მიხარია, მათი ერთი ნაბიჯის წინ გადადგმაში რომ რაღაც წვლილი მაქვს შეტანილი.

რისი გათავისება ვერ შეძელით უცხო ქვეყანაში და რამ მოგხიბლათ ყველაზე მეტად, რის დამკვიდრებასაც საქართველოში ისურვებდით?

რთულია და ხშირად შეუძლებელიც, მიიღო და დაიმკვიდრო შენი ცხოვრების წეს-ჩვეულებად, რაც შენი არ არის და ვერც ვერასოდეს გაითავისებ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი რამ გადაჭარბებულად ვიცით, იქ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ განსაკუთრებული ერი ვართ და განსაკუთრებულად და განსხვავებულად ვიცით გასაჭირში გვერდში დგომა და წაქცეულის ფეხზე წამოყენება. ყოველ შემთხვევაში, ემიგრაციაში ასეა, თუმცა იქაც არიან ისეთი ქართველები, რომლებიც არ ინდობენ თანამემამულეებს და სამარცხვინო საქმეებს ჩადიან.

რაც შეეხება გათავისებას, ვერ შევძელი შევგუებოდი ჩაკეტილ ცხოვრებას, რომელიც იქ ჩვეულებრივი მოვლენაა და სწორედ ამის გამო ხშირად ვიყრიდით თავს ქართველები, ვსტუმრობდით ერთმანეთს, შეძლებისდაგვარად ვაწყობდით საინტერესო საღამოებს და მრავალი სხვა… ვცდილობდით სულიერი მდგომარეობა შეგვემსუბუქებინა. იცით, იქ სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობთ და ეს ძლიერ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს ჩვენზე.

ძნელია იმის გადმოცემა, რისი ატანა გვიწევს, მაგრამ არის ბევრი რამ, რასაც დიდი სიამოვნებით ვინატრებდი ჩემს ქვეყანაში. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტი გახლავთ ის, რომ იქაური მოხუცები სახელმწიფოს მხრიდან ძალიან დაცულები არიან, საკუთარ თავს თავისი პენსიით უვლიან. ჩვენ ხელფასებს მოხუცები გვიხდიან. ისინი შვილებისა და, ზოგადად, ოჯახის კმაყოფაზე ნამდვილად არ არიან.

მსოფლიო პანდემიის პირობებში საზღვარი რამდენად ადვილად გადმოლახეთ?

საზღვარი ნამდვილად უპრობლემოდ გადმოვლახე, მქონდა 72-საათიანი PCR ტესტი, საქართველოს მხარემ შემიმოწმა საბუთები, მომცეს მითითება, რომ უნდა დავრჩენილიყავი თვითიზოლაციაში 8 დღე.

აქვე მინდა გულწრფელი მადლობა და მადლიერება გამოვხატო იმ ქართველების მიმართ, რომლებიც დამეხმარნენ, შემიფარეს, მიმკურნალეს და გაჭირვების ჟამს გვერდიდან არ მომცილებიან.

რას გულისხმობთ?

წელს, მარტში დამიდგინდა კოვიდი. ეს ისეთი შოკი იყო ჩემთვის, სულიერად გამანადგურა. ინფექცია მიმდინარეობდა მსუბუქ ფორმებში, მაგრამ იმდენად შეშინებული და დათრგუნული ვიყავი, ისტერიკა დამემართა. რომ არა ჩემი გოგოები, არ ვიცი, როგორ გადავიტანდი. მათ მართლაც გმირობის ტოლფასი საქმე გააკეთეს: გვერდიდან არ მომცილებიან, არც კი მაგრძნობინეს, რომ გადამდები ვირუსი მქონდა, მივლიდნენ, მამხნევევდნენ. ორი კვირა თვითიზოლაციაში ვიმყოფებოდი მათთან ერთად. მადლობა მინდა გადაუხადო უფალს, რომ ამ გაჭირვების ჟამს მომახვედრა ზუსტ და სწორ ადგილას. მადლობა მინდა ვუთხრა ლალიკო მანველიანს (სახლის მეპატრონე), ფიქრია ტყეშელაშვილს, თამუნა შალამბერიძეს, ჩემს თამარ ბოსტოღანაშვილს, ქალბატონ ნუნუ ჯაფარიძეს, რომლებსაც შუბლიც კი არ შეუკრავთ ჩემთვის დახმარების გასაწევად და თავი საფრთხეში ჩაიგდეს.

როგორ ფიქრობთ, უპირველეს ყოვლისა, რა უნდა გაითვალისწინონ მათ, ვინც უცხოეთში წასვლას გადაწყვეტს?

ვინც ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს, ვურჩევდი, აუცილებლად მოიწესრიგონ ჯანმრთელობა, მოემზადონ ფსიქოლოგიურად, რადგან რთულია დასაწყისი, ძალიან რთული და ამას დიდი მოთმინება და ნერვები სჭირდება. მინდა ვუთხრა ყველას, რომ თუ ძალიან აუცილებელი და გამოუვალი მდგომარეობა არ აქვთ, არ დატოვონ ოჯახები და თავიანთი თავი ოჯახს და შვილებს დაუთმონ, დარჩნენ იქ, სადაც უყვართ და სიყვარულია.

თქვენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

სამომავლო გეგმები ძალიან ბევრი მაქვს, მაგრამ ისეა დედამიწა არეული, ერთ დღესაც ვერ დაგეგმავ წინასწარ. ღმერთს ვევედრები, ჩემი ქვეყანა დააწყნაროს და დაამშვიდოს, თუ ჩემი საქართველო არ იქნება ფეხზე წამომდგარი, ჩემი გეგმები რა ბედენაა! მე ცხოვრება, ბედნიერება და ჩემი სამომავლო გეგმების განხორციელება მხოლოდ ჩემს ლამაზ საქართველოში მინდა. იქ, საზღვარგარეთ, ყველაფერი იშოვება, თუ ხელს გაანძრევ, მაგრამ არაფერი მახარებს, ყველაფერს ჩალის ფასი აქვს ჩემი ქვეყნის გარეშე. ღმერთო, დამილოცე ჩემი საქართველო!

გარდა ამისა, რა სათქმელი გაქვთ ცხოვრების ამ ეტაპზე?

სათქმელი?! სათქმელი ძალიან ბევრი მაქვს, მაგრამ მხოლოდ ერთს გეტყვით: მე თქვენ ძალიან მიყვარხართ, ადამიანებო, სიყვარული გადაგვარჩენს!

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close