ისტორიაკულტურა

კულა – ძველქართული სასმისი, რომელმაც ალექსანდრე დიუმა მოხიბლა

ცნობილი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა (მამა) კავკასიაში მოგზაურობის დროს (1858 წ.) ქართულმა ყოფამ, კულტურამ და ტრადიციებმა, განსაკუთრებით ლხინმა მოხიბლა. ფრიად მოსწონებია მას კულა. დიუმა წერდა: „ქართველებმა გამოიგონეს სასმისი, რომელიც, შეიძლება ითქვას, უღვინოდაც ათრობს ადამიანს. ეს არის ერთგვარი ამფორა, რომელსაც კულას ეძახიან ანუ განიერმუცლიანი, გრძელყურიანი ბოთლი. კულა ერთბაშად მოიცავს ცხვირსა და პირს, ამიტომ სმის დროს ერთი წვეთი ღვინოც არ იკარგება“.

კულა ღვინის ძველებურ სასმისებს შორის მართლაც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ორიგინალურია. სმის დროს კულა სასიამოვნო რაკრაკა ბგერებს გამოსცემს.

სულხან-საბას განმარტებით, „კულა ხის ხმიანი სასმისია“. ალბათ ამიტომ უთქვამს ქართველს: „კახურო ღვინო, წითელო, ყელმოჭედილო კულაო“, ან: „მარნეული ღვინო მისვამს, კულით მირაკრაკებია“.

კულას ხისგან ამზადებდნენ და ამისთვის საუკეთესო მასალა იყო ძელქვის, ბზის, ურთხელის, კაკლის ხე.

კულას აქვს მასიური ოვალური ტანი და გრძელი ყელი. ყელთან პატარა რქა სმისას თითის გამოსადებადაა განკუთვნილი. კულებს არცთუ იშვიათად ამკობდნენ ვერცხლის დეტალებით და ძვირფასი ქვებით.

კულა მწარე კვახისაგანაც მზადდება, რომელიც ორშიმოს მსგავსად მუშავდება. ასეთ კულას ყელში უდგამენ ხის ტიხარს, მსმელს ღვინო რომ ნელა მიაწოდოს და ღვინის სმის პროცესი გაახანგრძლივოს. კვახის კულას ხშირად ამკობდნენ წარწერებითა და ორნამენტებით, არცთუ იშვიათად უკეთებდნენ ინკრუსტაციას სხვადასხვა ქვით (მაგ., გიშრით).

საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მრავლადაა დაცული XVIII-XIX საუკუნეების კულები, მათგან ზოგიერთს მფლობელის ვინაობა აწერია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close