სავალდებულო აცრები საბერძნეთში
საბერძნეთში კოვიდ-19-ზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება. აცრა ამ კვირიდან სავალდებულო გახდა ჯანდაცვის სისტემის და მოხუცებულთა სახლების თანამშრომლებისთვის. ვინც კოვიდ-19-ზე არ აიცრება, ჯანდაცვის სისტემაში, თუ მოხუცებულთა სახლებში ვერ იმუშავებს და ვერც ხელფასს მიიღებს.
რეგულაციის დამრღვევებისთვის ჯარიმა 50 000 ევროს ოდენობით განისაზღვრა. მოხუცებულთა სახლების თანამშრომლებს პირველი დოზის მიღების საბოლოო ვადად 16 აგვისტო დაუწესეს, საავადმყოფოებს და დიაგნოსტიკის ცენტრებს კი – 1-ლი სექტემბერი.
მთავრობამ საჯარო და კერძო სექტორის სამსახურებსაც მისცა უფლება, თანამშრომლებს აცრა მოსთხოვოს. ამას გარდა, სამშაბათს გამოცხადდა, რომ აუცრელი ადამიანები რესტორნების და ბარების დახურულ სივრცეებშიც აღარ დაიშვებიან. ახალი რეგულაცია ღია სივრცეებს არ ეხება. აკრძალვა ღამის კლუბებზე, კინოებზე, თეატრებზე და საკონცერტო დარბაზებზეც გავრცელდება.
მიზეზად მთავრობა ინფიცირების მზარდ მაჩვენებლებს და დელტა ვარიანტის საფრთხეს ასახელებს. ხელისუფლებას ზაფხულის სეზონზე ეკონომიკის მაქსიმალურად უსაფრთხოდ ამუშავება სურს. „საბერძნეთის ეკონომიკის კურსი ახლა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დავიცავთ ამ ზომებს და გავაკონტროლებთ პანდემიას“, – განაცხადა ადონის გეორგიადისმა, საბერძნეთის განვითარების მინისტრმა, საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე.
სამშაბათს საბერძნეთში ინფიცირების 3109 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ასეთი მონაცემები ქვეყანაში ბოლოს 3 თვის წინ, აპრილის დასაწყისის შემდეგ არ ყოფილა. საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ნახევარ მილიონამდეა, კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაცვლილია 13 ათასამდე ადამიანი.
დღეისთვის კოვიდ-19-ზე ბერძნების 41% სრულად აცრილია. საბერძნეთში ჩასულ ტურისტებს კი ვაქცინაციის მოწმობის, ან „პი-სი-არ”“ ტესტზე უარყოფითი პასუხის წარდგენა მოეთხოვებათ. მთავრობამ შემოიღო აპლიკაცია COVID FREE GR, რომელსაც ევროპაში ვაქცინაციის სერტიფიკატების და ტესტზე პასუხების ციფრულად სკანირება შეუძლია.
„ამერიკის ხმა“
პ. ს. გუშინ სატელევიზიო ეთერში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ისაუბრა იმ ზომებზე, რომლებიც აუცილებელია ქვეყანაში დელტა შტამის გავრცელების შესაჩერებლად, მათ შორის, სავალდებულო ვაქცინაციაზე მოხუცთა სახლების პერსონალისთვის. შეგახსენებთ, რომ 15-17 წლის ასაკის მოზარდების ასაცრელად საბერძნეთში პლატფორმა ხვალიდან, 15 ივლისიდან იხსნება.
კომენტარები