რა ეღირება საფრანგეთში PCR-ტესტი – 7 ივლისიდან ქვეყანაში ჩასული ტურისტებისთვის ტესტირება ფასიანი ხდება
მთავრობა სამედიცინო პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციაზე საუბარს იწყებს
7 ივლისიდან საფრანგეთში ჩასული ტურისტებისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩაბარება ფასიანი გახდება. ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გაბრიელ ატალმა გამოცემა Les Echos-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ატალმა განმარტა, საფრანგეთში ჩასული უცხოელი ტურისტებისთვის PCR-ტესტის ღირებულება 49 ევრო, ხოლო ანტიგენის ტესტის ღირებულება 29 ევრო იქნება. მისი თქმით, ეს „ერთგვარი ნაცვალგების საკითხია, რადგან ფრანგი მოგზაურები ბევრ ქვეყანაში ტესტის საფასურს თავად იხდიან“.
ამავე ინტერვიუში ატალმა ვაქცინაციის საკითხზეც ისაუბრა – როგორც ჩანს, მოხუცთა სახლებში მომუშავე სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება.
რაც შეეხება იმ პირების ვაქცინაციას, რომლებიც მოვლის სფეროში მუშაობენ, „აქამდე ჩვენ არჩევანს ვაკეთებდით დარწმუნების და არა იძულების სასარგებლოდ, მაგრამ ეს [მიდგომა] შესაძლოა შეიცვალოს, – განაცხადა ატალმა, – რადგან არ შეგვიძლია მოხუცთა სახლების ბინადართათვის რაიმე სახის რისკზე წავიდეთ, რომელიც მათი მოვლით დაკავებულ არავაქცინირებულ პირებს უკავშირდება“.
ოთხშაბათს, 30 ივნისს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა, რომ „უახლოეს დღეებში“ დაიწყებენ კონსულტაციებს ადგილობრივი არჩეული თანამდებობის პირების ასოციაციებსა და საპარლამენტო ჯგუფების თავმჯდომარეებთან სამედიცინო მუშაკების სავალდებული აცრის საკითხთან დაკავშირებით.
ნინო ხოშტარია
კომენტარები