„არც ისე საშიშია ეშმაკი, როგორც ხატავენ“ – კარგი ამბავი ე. წ. ინდურ შტამთან დაკავშირებით
მეცნიერებმა კორონავირუს SARS-CoV-2-ის დელტა (ინდური) ვარიანტის რეალური საფრთხე გაარკვიეს. მათი აზრით, ის უფრო მეტად გადამდებია, მაგრამ ნაკლებად საშიშია ლეტალური შედეგისა და ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით. ამის თაობაზე ბრიტანული გამოცემა – Daily Telegraph-ი წერს.
პათოგენის ახალი ფორმა B.1.617.2 უფრო მეტად აგრესიულია ახალგაზრდა ადამიანებისა და სასკოლო ასაკის ბავშვების მიმართ, რომლებსაც საკმაოდ ძლიერი იმუნიტეტი აქვთ; შესაძლოა ამიტომაც, მათი ორგანიზმი აქტიურად ეწინააღმდეგება ინფექციას და დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, გართულებების გარეშე. ხანდაზმული ადამიანები კი, რომლებიც კოვიდით დაავადების ფონზე მძიმე გართულებების მაღალი რისკის ქვეშ არიან, ინდური შტამით უფრო იშვიათად ინფიცირდებიან.
ბრიტანელ მკვლევართა მონაცემები აჩვენებს, რომ დელტა შტამი დაახლოებით 50-60%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე ალფა (ბრიტანული) ვარიანტი (თავის მხრივ, ბრიტანული შტამიც 50-60%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე თავდაპირველი – უჰანური ვარიანტი, რომელსაც „ველურ“ შტამს უწოდებენ), თუმცა მონაცემები იმის თაობაზე, რომ დელტა ვარიანტი უფრო მძიმე გართულებებს იწვევს ორგანიზმში, არ არსებობს. თავად განსაჯეთ: ალფა (ბრიტანული) შტამისგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი, საშუალოდ, 2%-ია, დელტა შტამისგან კი – 0,3%.
პეტერ კოლინიონი (Peter Collignon), ავსტრალიის ნაციონალური უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის პროფესორი, მიიჩნევს, რომ ასეთი მაჩვენებლები შესაძლოა 2 მიზეზით იყოს განპირობებული: ან ახალგაზრდა ადამიანები უფრო ხშირად ინფიცირდებიან ამ შტამით, ან ვირუსმა ევოლუცია განიცადა. როგორც წესი, ინფექციური აგენტები, რომლებიც ადამიანთა პოპულაციებში ცირკულირებენ, დროთა განმავლობაში ნაკლებად სახიფათონი ხდებიან. ისინი ევოლუციას განიცდიან ისე, რომ უფრო ხანგრძლივად გამრავლდნენ „მასპინძელ ორგანიზმში“ და თან მას სერიოზული ზიანი არ მიაყენონ.
ვაქცინები, რომლებსაც ამჟამად იყენებენ, მაქსიმალურად ეფექტიანია დელტა შტამის წინააღმდეგ. Pfizer-ის ორი დოზა ვირუსისგან 96%-იან დაცვას იძლევა და ჰოსპიტალიზაციის რისკს გამორიცხავს. AstraZeneca-ს ორი დოზა კი ორგანიზმს 92%-იანი დაცვით უზრუნველყოფს. დღეს კომპანია „მოდერნამ“ განაცხადა, რომ მისი ვაქცინაც ეფექტიანია დელტა შტამის წინააღმდეგ.
სწორედ მასობრივი ვაქცინაციის წყალობით, ახალი შტამით დაინფიცირების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, დიდ ბრიტანეთში სიკვდილიანობა შემცირდა – ყოველდღიურად კორონავირუსის გამო 10-მდე ადამიანი იღუპება. შედარებისთვის: „ვორდმეტერის“ მონაცემებით, გასულ 24 საათში ბრიტანეთში დაინფიცირდა კიდევ 20 479 ადამიანი, 23 პაციენტი გარდაიცვალა; რუსეთში იმავე პერიოდში დაინფიცირდა 20 616 ადამიანი, 652 კოვიდპაციენტი კი გარდაიცვალა.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები