მოგზაურობაპოლიტიკა

საქართველოს საზღვრის კვეთის ახალი რეგულაციები – ვის ემუქრება 2000-ლარიანი ჯარიმა?

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციები შეიცვალა. სხვა ბევრ წესთან ერთად, საქართველოში შემოსულ ყველა მოქალაქეს, რომელიც ქვეყნის საზღვარს გადმოკვეთს, ვალდებულება აქვს, წარადგინოს ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი. ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ უცხო ქვეყნის მოქალაქე ვალდებულია PCR-ტესტი 72 საათში კვლავ გაიმეოროს, ხოლო საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, აირჩიოს: შემოსვლიდან 8 დღის განმავლობაში ან თვითიზოლაციაში გადავიდეს, ან 72 საათში PCR-ტესტი ჩაიტაროს.

საქართველოს საზღვრის კვეთის შემდეგ 72 საათში PCR-ტესტის განმეორების ვალდებულება აქვთ როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო საზღვრის კვეთის შედეგად ქვეყანაში შემოსულ პირებს.

სოციალურ ქსელში, მოგზაურობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ჯგუფში მოქალაქეები ინტერესდებიან, შეახსენებს/გააფრთხილებს თუ არა წინასწარ რომელიმე ოფიციალური უწყება, რომ PCR-ტესტის ჩატარება მისთვის სავალდებულოა? სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ არის შემთხვევები, როცა ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ ტესტის განმეორებით ჩატარება დაავიწყდათ, ამიტომ აინტერესებთ, რა პროცესების გავლა მოუწევთ ამ შემთხვევაში და დაეკისრებათ თუ არა ჯარიმა?

კითხვებზე პასუხის მისაღებად BM.GE-მ რიგითი მოქალაქის სახელით მთავრობის სპეციალურ ცხელ ხაზზე, 144-ზე დარეკა.

როგორც ოპერატორმა განმარტა, საქართველოში შემოსვლის შემდეგ 72 საათში PCR-ტესტის განმეორებით ჩატარების საკითხს ჯანდაცვის სამინისტრო აკონტროლებს, ხოლო ჯარიმების ნაწილს შს სამინისტრო უწევს კოორდინაციას.

„მოქალაქეს, რომელიც საქართველოს საზღვარს კვეთს და ვალდებულია 72 საათის შემდეგ ჩაიტაროს PCR-ტესტი, საზღვრის კვეთისას ეს ინფორმაცია მიეწოდება, თუ როდის უწევს ტესტის ჩატარება. თუ ის ამას არ გააკეთებს, დაჯარიმდება 2000 ლარით“, – განმარტავს 144-ის ოპერატორი.

რაც შეეხება კითხვას, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე საზღვის კვეთამდე ჯარიმას არ გადაიხდის, 144-ის ოპერატორი ამბობს, რომ საზღვრის კვეთისას პრობლემები შეექმნება, დანარჩენ საკითხებს კი შსს არეგულირებს.

nostal.ge ასევე დაუკავშირდა საქართველოს მთავრობის სპეციალურ ცხელ ხაზზე (144) ოპერატორს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საზღვარს კვეთს მოქალაქე, რომელსაც სრულად აქვს ჩატარებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული რომელიმე ვაქცინით.

როგორც ოპერატორმა გვითხრა, საჰაერო გზით საქართველოში შემოსვლისას როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნების სრულად ვაქცინირებული მოქალაქეები უპირობოდ შეძლებენ საზღვრის გადმოკვეთას (გარდა ინდოეთის მოქალაქეებისა). ამ შემთხვევაში მათ საზღვარზე უნდა წარადგინონ ვაქცინაციის საერთაშორისოდ აღიარებული დოკუმენტი ქართულ ან საერთაშორისო ენაზე. თუ დოკუმენტი ორიგინალიდან არის ნათარგმნი ქართულად, აუცილებლად უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის მიერ. მათ საქართველოში შემოსვლის შემდეგ აღარ ეხებათ არც თვითიზოლაციის და არც მომდევნო 72 საათში PCR-ტესტის გაკეთების ვალდებულება.

რაც შეეხება საქართველოში სახმელეთო გზით შემოსულ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს: სახმელეთო საზღვრის გადმოკვეთამდე საქართველოს მოქალაქეებმა და იმ უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებისთვისაც საქართველოში შემოსვლა სახმელეთო გზით პირველი ივნისიდან გამარტივდა, უნდა შეავსონ Stop.cov.ge-ზე არსებული საკმაოდ მარტივი სპეციალური აპლიკაცია და მიუთითონ მოგზაურობის ისტორია; ამას გარდა, საზღვარზე მათ უნდა წარადგინონ სრული ვაქცინაციის ცნობა და ბოლო 72 საათში გაკეთებული პისიარ-ტესტის უარყოფითი პასუხი. ასეთ შემთხვევაში საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ მათ აღარ ექნებათ 8-დღიანი თვითიზოლაციის ან მომდევნო 72 საათში განმეორებითი პისიარ-ტესტირების ვალდებულება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close