იტალიაპოლიტიკა

იტალიაში ორშაბათიდან „თეთრი ზონები“ გამოჩნდება, სადაც თითქმის ყველა შეზღუდვა მოიხსნება

ივნისის შუა რიცხვებისთვის კი ნახევარ იტალიას „თეთრი ზონის“ ეპიდემიოლოგიური სტატუსი ექნება

იტალიაში კოვიდ-19-ით დაავადების მაჩვენებელი უკვე მერამდენე კვირაა, სტაბილურად მცირდება და ორშაბათიდან, 31 მაისიდან, პირველად მას შემდეგ, რაც გასული წლის ნოემბერში ქვეყნის ფერად ზონებად დაყოფის  სისტემა  შევიდა ძალაში, „თეთრ ზონაში“ ერთბაშად 3 რეგიონი გადავა: ფრიული ვენეცია ჯულია, მოლიზე და სარდინია. ინფორმაციას „ანსა“ ავრცელებს.

შესაბამისად, ამ რეგიონების 3 მლნ-ზე მეტი მცხოვრებისთვის მოიხსნება ყველა შეზღუდვა, კომენდანტის საათის ჩათვლით (შეგახსენებთ, რომ მარტში „თეთრ ზონაში“ ერთადერთი რეგიონი, სარდინია იყო რამდენიმე კვირით, თუმცა შემდეგ, აპრილში ის „წითელ ზონაში“ აღმოჩნდა), თუმცა ისევ ძალაში რჩება  დისტანციის დაცვის და პირბადის ტარების ვალდებულება და მათი გამოყენება უსაფრთხოების პროტოკოლების შესაბამისად.

„თეთრ ზონებში“ ორშაბათიდან დასაშვები იქნება ყველა ის ეკონომიკური თუ კულტურულ-სოციალური აქტივობა, რომელთა განახლება 15 ივნისიდან პირველ ივლისამდე პერიოდში იგეგემებოდა.

არსებული მონაცემების თანახმად, ივნისის შუა რიცხვებიდან ნახევარი იტალია „თეთრ ზონაში“ გადავა. ქვეყნის, სულ ცოტა, 10 რეგიონს, პროგნოზის თანახმად, „თეთრი ზონის“ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური მონაცემები აქვს და ეს ტენდენცია ზედიზედ 3 კვირის განმავლობაში უცვლელი უნდა იყოს, რომ ისინი „თეთრ ზონაში“ გადავიდნენ. ასეთი პერსპექტივა რეალურია აბრუცოსთვის, ლიგურიისთვის, უმბრიისა და ვენეტოსთვის – 7 ივნისიდან ისინიც „თეთრ ზონაში“ გადავლენ, ხოლო ლომბარდიას, ემილია რომანიას, ლაციოს, პიემონტს, აპულიას და ტრენტოს პროვინციას „თეთრი ზონის“ სტატუსი14 ივნისიდან მიენიჭება. ეს კი ნიშნავს, რომ მოიხსნება, პრაქტიკულად, ყველა შეზღუდვა, კომენდანტის საათის ჩათვლით, გაიხსნება ყველაფერი, რაც დაკეტილი იყო.

ნებისმიერ შემთხვევაში, ღონისძიებები, რომლებიც გულისხმობს ბევრი ადამიანის შეკრებებს როგორ დახურულ, ისე ღია სივრცეში, მათ შორის, ბაზრობები და კონგრესები, ასევე ღონისძიებები დისკოთეკებსა და კლუბებში, ღია სივრცესა თუ შენობაში, ჯერჯერობით შეჩერებული იქნება. 

ეპიდემიოლოგიური მონაცემები, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლის კაბინეტი უახლოეს საათებში გააანალიზებს, ადასტურებს სასიკეთო ტენდენციას, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თვალსაჩინოა. ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ეს, უწინარეს ყოვლისა, ვაქცინაციის კამპანიის დამსახურებაა, რის შედეგადაც შემცირდა კოვიდით დაავადებულ პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, პალატებისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებების დატვირთვა  20%-ზე ნაკლებია და კრიტიკულ ზღვარს საკმაოდ დაშორდა (კრიტიკული ზღვარი ჩვეულებრივი პალატების დატვირთვის კუთხით 40%-ია, ინტენსიური თერაპიის განყოფილებების – 30%).

გასულ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 4.147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (გუშინ – 3.937); გარდაიცვალა 171 პაციენტი (გუშინ – 121). ბოლო ერთ დღეში ჩატარდა 244 ათასამდე მოლეკულური და ანტიგენის ტესტი და დადებითობის მაჩვენებელი 1,7%-ია (გუშინ 1,5% იყო).

რაც შეეხება ვაქცინაციას, 26 მაისის მონაცემებით, იტალიაში, რომლის მოსახლეობა 60 მლნ 382 ათასს შეადგენს, აცრილია 21 960 738 ადამიანი, რაც მთელი მოსახლეობის 36,37%-ია. მათგან სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 10 906 649 ადამიანი (18,06%). მთლიანად ჩატარებულია 32 368 381 აცრა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close