ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

„სწრაფი ადაპტაცია ალბათ პირველი უნარია, რაც ადამიანს ჩინეთში ცხოვრებისას სჭირდება“

თამარ მენთეშაშვილი 2 წელია, ჩინეთში ცხოვრობს და შანხაიში, JIAO TONG-ის უნივერსიტეტში დოქტორანტურაზე სწავლობს ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით. მანამდე, 2 წლით ადრე ევროპაში – ედინბურგის (შოტლანდია) უნივერსიტეტში დაამთავრა მაგისტრატურა. იგი ჩინეთში 3 თვით წავიდა, მაგრამ…

თამარ, ევროპიდან უეცრად აზიაში აღმოჩნდით… რატომ აირჩიეთ ჩინეთი და, კერძოდ, შანხაი?

შანხაი რამდენიმე მიზეზის გამო ავირჩიე. ბავშვობაში მამაჩემის მოყოლილი ისტორიებიდან დავინტერესდი ჩინეთით. ეს ინტერესი განსაკუთრებით გამიძლიერდა მას შემდეგ, რაც თავადაც დავიწყე მოგზაურობა და შევხვდი ამ ქვეყნით გაკვირვებულ ძალიან ბევრ ადამიანს. ყოველი ადამიანის გამოცდილება რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, რაც თავიდან ცოტა უცნაურად მომეჩვენა. ედინბურგში სწავლის პერიოდში ჩემი პროგრამის დირექტორის რეკომენდაციით მივიღე ერთ-ერთი შემოთავაზება შანხაის უნივერსიტეტიდან  სამაგისტრო კვლევის გასაგრძელებლად. თავიდან არ ვგეგმავდი სამ თვეზე მეტი დროით დარჩენას, თუმცა ეს სამი თვე ორ წელიწადად გადაიქცა. ამ პერიოდის განმავლობაში მივხვდი, ასე რატომ განსხვავდებოდა სხვადასხვა ადამიანის გამოცდილება ერთმანეთისგან. ჩინეთი იმდენად მრავალფეროვანია ძალიან ბევრი ფაქტორით, რომ არ არსებობს ერთი ყალიბი, რომელშიც მოექცეოდა აქ ჩამოსული ადამიანების ცხოვრების სტილი. ეს ალბათ არის ადგილი, სადაც ადამიანი საკუთარი დამოკიდებულებით, გამოცდილებითა და ინტერესებით განსაზღვრავს დიდწილად ყველაფერს.

და რომლია თქვენი ინტერესის სფერო?

დღეს ჩემი პროფესიული ინტერესის და კვლევის ობიექტიც არის ინოვაციური ტექნოლოგიების სექტორი. ვმუშაობ განაწილებული ტექნოლოგიების (როგორიცაა მაგალითად, ბლოკჩეინი) ინტეგრაციაზე სახელმწიფო სერვისებში. ასევე ჩემს გუნდთან ერთად ვმუშაობ ბლოკჩეინის ინდუსტრიაში კონკრეტული ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რომლის ინტეგრაციაც შეუძლია როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორს. ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ახალი თაობის დაინტერესება ინოვაციური სექტორით, ამიტომ ვცდილობ ამ მიზნის განხორციელებაში აქტიურად ვიყო ჩართული.

როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

არცერთ დღეს არ მაქვს წინასწარ განსაზღვრული განრიგი. სწრაფი ადაპტაცია ალბათ პირველი უნარია, რაც ადამიანს ჩინეთში ცხოვრებისას სჭირდება. ამ ეტაპზე მე და ჩემი გუნდი ვმუშაობთ პროექტზე EXPREAD, რომელიც მოითხოვს ინდუსტრიაში არსებული და სწრაფად ცვლადი მოლოდინებისა თუ სტანდარტების ცოდნასა და ჩვენ მიერ შეთავაზებულ სერვისებში ასახვას. ვცდილობთ ყოველთვის დავიცვათ ბალანსი, ერთი მხრივ, მუდმივ კვლევას, შეხვედრებსა და მოგზაურობას და, მეორე მხრივ, ჩვენს ტექნოლოგიაში შესაბამისი შედეგების ასახვას შორის.

თუმცა, მიუხედავად იმისა, როგორი განრიგი მაქვს, ერთი რამ ყველა დღეს საერთო აქვს – ჩემს ოჯახთან საუბარი და უახლოეს მეგობრებთან ათას ერთი „ნამეტანი სერიოზული“ საკითხის განხილვა.

ხშირად გაქვთ კრიტიკული დამოკიდებულება ადამიანების მიმართ?

კრიტიკული ვარ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სხვებს აკრიტიკებენ ყოველგვარი რაციონალური მიზნისა თუ მიზეზის გარეშე. ასეთი კრიტიკის ღირებულებას ვერ ვხედავ და არაჯანსაღი კომუნიკაციის საშუალებადაც მიმაჩნია.

კითხვა, რომელსაც უტაქტოდ თვლით

უტაქტო კითხვა არა მგონია არსებობდეს. მგონია, რომ არსებობს ყოველი კონკრეტული კითხვის დასმის შესაფერისი თუ შეუფერებელი დრო. ნებისმიერი კითხვა ტაქტიანია, თუ სწორ კონტექსტში, სწორი ფორმით არის დასმული.

რა აზრის ხართ ქართველებზე?

„ყველაზე ნიჭიერი და კონკურენტუნარიანი ხალხი ვართ“ – აი, ამ წინადადებიდან  სიტყვას „ყველაზე“ თუ ამოვიღებთ, მგონია, რომ სრული ჭეშმარიტება გახდება. როცა სხვა ქვეყანაში ცხოვრობ, ხვდები, რამდენად ბევრი რამ არის შენს პიროვნებაში განსაზღვრული იმ საზოგადოების აზროვნების მოდელით, სადაც გაიზარდე. ადამიანი ზოგჯერ ამ მოდელის პირდაპირპროპორციულად, ზოგ შემთხვევაში კი მის უკუპროპორციულად ყალიბდება. ორივე შემთხვევა რომ შესაძლებელია და მისაღებია, მგონია, რომ ამის გააზრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ამ ბოლო მომენტის გააზრების შესამჩნევი ნაკლებობა გვაქვს დღეს ქართველებს.

რას ეტყოდით თანამემამულეებს?

„ცოდნა, შრომა, თავისუფლება“ – ერთი ძალიან ჭკვიანი ადამიანის ჩამოთვლილი ეს სამი ღირებულება გავიაზროთ, ბოლომდე მივყვეთ და ყველაფერი კარგად იქნება.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close