FB-დან გაჟონილ პირად მონაცემებში 95 193 მომხმარებელი საქართველოდანაა – გადაამოწმეთ, ხართ თუ არა სიაში
Facebook-ის 533 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემები ჰაკერულ ფორუმზე გამოქვეყნდა.
მონაცემები შეიცავს სახელებსა და გვარებს, ტელეფონის ნომრებს, ელ. ფოსტის მისამართებს, ინფორმაციას ადგილმდებარეობის შესახებ და ბიოგრაფიას.
კიბერუსაფრთხოებაზე მომუშავე კომპანია Hudson Rock-ის დამფუძნებელმა, ალონ გალმა ჯერ კიდევ იანვარში გამოაქვეყნა მითვისებული მონაცემების სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით:
გამოქვეყნებულ მონაცემებში 95 193 მომხმარებელი საქართველოდანაა.
Facebook-ში აცხადებენ, რომ შაბათს გამოქვეყნებული მონაცემები ჰაკერებმა 2019 წლის აგვისტოში მოიპარეს. ინფორმაციის გაჟონვა Facebook-ის ხარვეზმა გახადა შესაძლებელი.
როგორ ალონ გალი Business Insider-თან ამბობს, Facebook-ს ახლა ისღა შეუძლია, რომ მომხმარებელს ამცნოს პრობლემის შესახებ და სიფრთხილისკენ მოუწოდოს.
არის თუ არა თქვენ შესახებ ინფორმაცია გაჟონილ მონაცემებში, ამის გადამოწმება Mozilla-ს მიერ შექმნილ სერვისზე – Firefox Monitor-ზე შეძლებთ. აღნიშნული პლატფორმა მომხმარებელს ატყობინებს, არის თუ არა მათ შესახებ ინფორმაცია მონაცემებში. ამ ინფორმაციის გადამოწმება ასევე შესაძლებელია ვებგვერდ haveibeenpwned.com-ზე.
Firefox Monitor ასევე აქვეყნებს რამდენიმე რჩევას პრევენციისთვის, თუკი თქვენს მონაცემებს Facebook-იდან გაჟონილ მასალაში აღმოაჩენთ:
მოერიდეთ ტელეფონის ნომრის გაზიარებას
როდესაც ახალ ანგარიშს ქმნით, ეცადეთ, თავი აარიდოთ ნომრის გაზიარებას. თუკი ტელეფონის ნომრის შეყვანა სავალდებულო არ არის, არ შეიყვანოთ.
გამოიყენეთ ალტერნატიული იმეილი
ნამდვილი იმეილის გაცემით ჰაკერებს უადვილებთ თქვენი პაროლის პოვნის შესაძლებლობას. ისეთი სერვისები კი, როგორიცაა Firefox Relay მალავს თქვენს რეალურ ელ. ფოსტის მისამართს და შემოსულ წერილებს თქვენს რეალურ მისამართზე ავტომატურად აგზავნის.
პაროლის შერჩევისას მოერიდეთ პერსონალური ინფორმაციის მითითებას
მაგალითად, თქვენი დაბადების თარიღის გაგება ღია წყაროებით მარტივი გასარკვევია და მის გამოყენებას პაროლებში უნდა მოერიდოთ.
გამოიყენეთ უნიკალური, ძლიერი პაროლი ყველა ანგარიშისთვის
ერთი და იმავე პაროლის სხვადასხვა პლატფორმაზე გამოყენება თქვენს ყველა ანგარიშს რისკის ქვეშ აყენებს.
publika.ge
კომენტარები