პარიზის ღვთისმშობლოს ტაძარი, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობაა და რომელიც თითქმის 200 წელი შენდებოდა (XII-XIV საუკუნეები), 2019 წლის 15 აპრილს დაახლოებით 14 საათის განმავლობაში ცეცხლის ალში იყო გახვეული.
ალმა შთანთქა საკათედრო ტაძრის ზედა ნაწილი, მათ შორის, ორი ზარის კოშკი და ცენტრალური შპილი, რომელიც ჩამოინგრა, მაგრამ კედლების და ტაძარში დაცული სიწმინდეების გადარჩენა მოხერხდა.
ხანძრიდან ორი წლის თავზე ტაძრის წინამძღოლი პატრიკ შოვემო ამბობს, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სრულ აღდგენას შესაძლოა 15-20 წელი დასჭირდეს.
ჯერ კიდევ რამდენიმე ათწლეულის წინათ ნოტრ-დამს მასშტაბური რეკონსტრუქცია სჭირდებოდა, მაგრამ ყოველ ჯერზე დაფინანსების პრობლემები იქმნებოდა. ერთადერთი სრულყოფილი რესტავრაცია ტაძარს XIX საუკუნის შუა წლებში ჩაუტარდა და მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ ამით ნოტრ-დამის ისტორიული იერსახე მხოლოდ დაზიანდა.
შუასაუკუნეებშიც ნოტრ-დამში სამშენებლო სამუშაოები არაერთხელ ჩატარდა, ამიტომ რთულია იმის თქმა, თუ რა შეიძლება მის „თავდაპირველ იერსახედ“ ჩაითვალოს.
საფრანგეთის დიდი რევოლუციის წლებში 28 სამეფო ქანდაკებას თავები მოაცალეს და ტაძრიდან გაიტანეს – მათი ნაწილი არქეოლოგიური გათხრების დროს, 1977 წელს იპოვეს. ზარები (ყველაზე დიდი ზარის გარდა, რომელსაც ემანუილი ჰქვია და 13 ტონაა) გადაადნეს, რამდენიმე რევოლუციური წლის განმავლობაში ნოტრ-დამს საფანტის საცავად იყენებდნენ.
XIX საუკუნეში ტაძარი ვიქტორ ჰიუგოს წიგნმა გადაარჩინა
ტაძრის განადგურება XIX საუკუნეშიც გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ 1804 წელს ნაპოლეონ ბონაპარტმა, როგორც „ფრანგების იმპერატორმა“, ნოტრ-დამი თავისი კორონაციის ადგილად შეარჩია. მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ტაძარი, ფაქტობრივად, ნახევრად დაინგრა. ვიქტორ ჰიუგოს რომანის „პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის“ წყალობით სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა.
1831 წელს გამოცემული წიგნი უმალ საკულტო ნაწარმოებად იქცა. მოქმედება XV საუკუნის ბოლოს ვითარდება. ეს არის კუზიანი მნათეს, კვაზიმოდოს სიყვარულის ისტორია ბოშა ქალის, ესმერალდას მიმართ, მაგრამ თავად მწერლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გოთიკური არქიტექტურის მიმართ ინტერესის გაჩენა იყო, რომელიც ჯერ კიდევ აღიქმებოდა, როგორც მოძველებული და არაფასეული. იმავე აზრის გაღვივებას ცდილობდა ის პუბლიცისტური სტატიებითაც, მაგრამ უშედეგოდ.
სწორედ გოთიკას უწოდა ჰიუგომ ნამდვილი ფრანგული ხელოვნება და არა – ანტიკურობის მიბაძვას კლასიციზმსა და ზოგიერთ სხვა მიმართულებებში. ეს იდეა დაემთხვა საზოგადოებრივ განწყობებს, რომლებიც საფრანგეთში, ისევე როგორც ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაში, კონცენტრირებული იყო ნაციონალური იდენტობის ფორმირებაზე საერთო ისტორიის, კულტურის და ენის ირგვლივ.
რომანის ერთ-ერთ ვრცელ ფილოსოფიურ-პუბლიცისტურ ფრაგმენტში ჰიუგო შუასაუკუნეებში არქიტექტურული ხელოვნების თავისუფლებას ახალ დროში ბეჭდვის თავისუფლებას ადარებს. ეს მოსაზრება, თავის მხრივ, ფრანგ ლიბერალებს მოსწონდათ.
წიგნის გამოქვეყნების შემდეგ პარიზში მას უამრავი თაყვანისმცემელი გაუჩნდა, თანაც საზოგადოების სხვადასხვა ფენაში. რომანის გმირი – კუზიანი კვაზიმოდო გაიგივდა ნახევრად განადგურებულ ტაძართან, სადაც ის მსახურობდა. საზოგადოებრივი აზრის გავლენით 1844 წელს მეფე ლუი-ფილიპმა რესტავრაციის დაწყების ბრძანება გასცა.
რესტავრაცია 25 წელს გაგრძელდა და 1879 წელს დასრულდა.
დღეს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ეიფელის კოშკთან და ლუვრის მუზეუმთან ერთად, საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა. ყოველწიურად მას 13 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს.
მომზადებულია imedinews.ge-ს მასალების მიხედვით
კომენტარები