მსოფლიო

იტალიური გამოცემა: კორონავირუსის კოშმარის შემდეგ მეცნიერები ახალ საფრთხეზე ალაპარაკდნენ

მყინვარების დნობა უფრო საშიშია, ვიდრე კორონავირუსი, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს – წერს იტალიური გამოცემა The vision-ი.

კაცობრიობას ერთი სული აქვს, როდის მოიტოვებს უკან კოვიდ-19-ის პანდემიას. ჩნდება ილუზია, რომ  კორონავირუსის კოშმარის გადალახვის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი, უფრო მასშტაბური საფრთხე, კლიმატის ცვლილება. თუ პანდემია ადრე თუ გვიან დასრულდება ან გაჩნდება მისი ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები, დათბობის პროცესი არ გაჩერდება, – წერს გამოცემა.

გთავაზობთ პუბლიკაციაში გადმოცემული საფრთხეების მიმოხილვას.

ტემპერატურის მატება უძველესი მყინვარების დნობას იწვევს, მაგალითად ჰიმალაებსა და ციმბრიში, ეს არღვევს ეკოსისტემას, იწვევს ბიომრავალფეროვნების უცილობელ გაქრობას და სხვა უამრავ პრობლებას.

გარდა ამისა, მყინვარების დნობა ზრდის საშიში ვირუსების გავრცელების რისკს და ახალი პანდემიების გაჩენის საფრთხეს წარმოშობს.

2020 წლის იანვარში გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, რომელიც  ტიბეტის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მყინვარების პლატოზე ჩატარდა, ამერიკელმა მკვლევრებმა ყინულოვანი მასის სიღრმეში მოპოვებული ორი ნიმუშის გაანალიზებისას ვირუსების 33 ჯგუფი გამოავლინეს, აქედან 28 უძველესი წარმოშობის, უცნობი ვირუსებია.

კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს პოლუსებზე მყინვარების დნობის პროცესზეც, რის შედეგადაც ახალი ბაქტერიების გამოთავისუფლების რისკები ჩნდება, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში ყინულოვან მასაში იმყოფებოდნენ.

კლიმატურ კატასტროფას, რომელიც ჰიმალაებში ყინულების დნობას იწვევს, შეუძლია უძველესი უცნობი ვირუსების, შესაბამისად, პოტენციურად საშიში ვირუსების ატმოსფეროში გამოთავისუფლება.

ბიოლოგ ჟან მიშელ კლავერის, საფრანგეთის ექს-მარსელის უნივერსიტეტის გენომიკისა და ბიოინფორმატიკის პროფესორის თქმით, კიდევ ერთი რისკი დაკავშირებულია ბოლო პერიოდში პლანეტის ჩრდილოეთ რეგიონებში ნავთობისა და მინერალების მოპოვების მიმართ ინტერესის ზრდასთან. ამ ტერიტორიებზე ბურღვის შედეგად ზედაპირზე შესაძლებელია არა მხოლოდ მინერალები და ნავთობი აღმოჩნდეს, არამედ ლღობის პროცესში მყოფი ყინულის სიღრმეში არსებული სხვადასხვა დაავადებაც.

არ ვიცით, რა შეიძლება მოჰყვეს საუკუნეების განმავლობაში მიწისქვეშ მყოფი პათოგენების გამოჩენას, რისკები სწორად უნდა შეფასდეს. გარდა ამისა, მათი უმეტესობა თანამედროვე მედიცინის პირობებში არ გავრცელებულა, რაც ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს საიმედო კვლევა, რის საფუძველზეც შეიძლება მოხდეს სამკურნალო ვაქცინის ან მედიკამენტის წარმოება, – ამბობს ფრანგი პროფესორი.

თუ ნორმალურ პირობებში მრავალწლოვანი მზრალობის ფენები 50 სანტიმეტრით იკლებს, გლობალური დათბობის პირობებში მუდმივი კლება აღინიშნება. არქტიკაში ყოველ ათ წელში ყინულის 13% ქრება.

მრავალწლოვანი მზრალობა – ყინულით დაფარული ნიადაგის ფენა, რომელიც მცენარეული ბიომასისგან შეიქმნა – იდეალური გარემოა ბაქტერიებისა და ვირუსების კონსერვაციისთვის.

ისინი ამ ფენებში მილიონობით წელი ცოცხლობენ, შედეგად ვირუსებსა და ბაქტერიებს ჰაერსა და წყალში მოხვედრა შეუძლიათ – მათ შორისაა ვარიელა, ციმბირის წყლული, ბუბონური შავი ჭირი. ასევე, უცნობი დაავადებები.

მაგალითად, მკვლევრებმა ყვავილის ვარიელას ვირუსების დნმ-ის ფრაგმენტები გვამებში აღმოაჩნეს, რომლებიც 18-19 საუკუნეებში მზრალ  ქანებში იყო ჩაფლული. ერთ-ერთ ზედაპირზე აღმოაჩნეს ესპანური გრიპის ვირუსი, ასევე, ალიასკის გაყინული ტბის სიღრმეში – ვირუსი, რომელიც 30 ათასი წლის განმავლობაში ინახებოდა.

მიუხედავად, იმისა, რომ ესპანური გრიპის ვირუსი და პრეისტორიული პერიოდის ბაქტერიები ხანგრძლივი ძილის შემდეგ ახერხებენ კვლავ გააქტიურებას, სანამ ისინი ლაბორატორიებსა და კვლევით ცენტრებში რჩებიან, უსაფრთხო პირობებში იმყოფებიან, სადაც მათი შესწავლა ხდება. პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც ყინვის ლღობის შედეგად  ვირუსი აბინძურებს წყალს, აინფიცირებს ცხოველებს და ვრცელდება. ასეთი რამ უკვე მოხდა: 2016 წელს ციმბრის ჩრდილოეთში ციმბირის წყლულის კერა გაჩნდა, დაინფიცირდა ათამდე ადამიანი, დაიღუპა ერთი მოზარდი და ათასობით ირემი.

შეშფოთების კიდევ ერთი მიზეზი 2016 წელს კანადელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა. მათ ნიუ მექსიკოს მიწისქვეშა გამოქვაბულში 4 მილიონი წლის, კარგად შენახული Paenibacillus-ის ტიპის ბაქტერიები აღმოაჩნეს, რომლებიც ანიტბიოტიკების მიმართ მდგრადობით გამოირჩევიან.

ყინულის დნობა კაცობრიობისთვის იქნება კატასტროფული შედეგების მომტანი. საკითხი უდიდეს ზრუნვას მოითხოვს, – წერს იტალიური გამოცემა.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close