ტექნოლოგიები

კოსმოსში „ჩაკრულოს“ შემდეგ საქართველოდან მეორე გზავნილს 5 დღეში ჩაიტანენ

ასტრობიოლოგების, ნუგზარ ალექსიძისმარიამ ტარასაშვილისა და ზურაბ ლომთათიძის გვარ-სახელებს თანამგზავრი მარსზე 18 თებერვლის 11:15-ზე ჩაიტანს. ამ ყველაფრის პირდაპირ ეთერში ხილვას NASA-ს Youtube-ის ოფიციალური არხიდან შევძლებთ.

ბიოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა მარიამ ტარასაშვილმა ბიოქიმიის კათედრის გამგეს, პროფესორ ალექსიძეს სთხოვა, მისთვის, როგორც ასპირანტისთვის, ეხელმძღვანელა მარსის გრუნტის ბიოქიმიური ტერაფორმირების მიზნით სადისერტაციო ნაშრომის შესასრულებლად.

მარიამ ტარასაშვილმა სადისერტაციო თემად შეარჩია „მარსის გრუნტის ტერაფორმირება მცენარეების განვითარებისათვის სათანადო აგრონომიული პირობების შესაქმნელად“. ამ მიზნით საჭირო იყო სამუშაოდ სათანადო „კლიმატოკამერის“ ოთახის შექმნა;

ავტორებმა – ნ. ალექსიძემ, მ. ტარასაშვილმა, ს. წერეთლმა და შ. საბაშვილმა მოამზადეს „პლანეტა მარსზე არსებული რადიაციის, ტემპერატურისა (-200C) და განათლების ატმოსფეროს დღეღამური ცვალებადობის „კლიმატოკამერა“ კომპიუტერული დისტანციური მართვით – სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად, ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის კათედრაზე ორგანული მიზნით მოეწყო სპეციალური სამმეტრიანი დახურული ოთახი „კლიმატოკამერა“.

საქართველოს რეგიონებიდან მოიძიეს რკინაბაქტერიები (მარსის წითელი ფერი რკინით მდიდარი ნაერთებითაა განპირობებული), გოგირდბაქტერიები და სოკოები, რომელთაც ჰიფებიც კი გაიკეთეს მარსის ტერაფორმირებულ გრუნტზე. ამ შედეგით დაამტკიცეს, რომ აღნიშნული ბაქტერიები და სოკო საკმაოდ კარგად ვითარდებიან მარსის გრუნტის იმიტირებულ „ნიადაგზე“, რომლის ქიმიური შემადგენლობა ცნობილი გახდა NASA-ს თანამშრომლების მიერ ქიმიური შემადგენლობის დისტანციურად განსაზღვრის შედეგად.

ცდები ტარდებოდა მათ მიერ შექმნილი, პლანეტა მარსზე არსებული რადიაციულ-ტემპერატურული გარემოსა და ატმოსფეროს შედგენილობის კომპიუტერული დისტანციური მართვის პირობებში. მათ ივარაუდეს, რომ ბაქტერიებით გარდაქმნილი სუბსტრატებით მარსის გრუნტის გამდიდრების შედეგად შესაძლებელი გახდებოდა მცენარეებისთვის აგრობიოლოგიური პირობების შექმნა. ავტორებმა იზრუნეს მომავალში მარსზე მოხვედრილი კოსმონავტების სამშენებლო მასალებით უზრუნველსაყოფად და მარსის გრუნტის ნიადაგიდან დაამზადეს სამშებენლო ბლოკები, რომლებიც გამძლე აღმოჩნდა დაბალ ტემპერატურაზე.

ნუგზარ ალექსიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, პროფესორი, ბიოლოგი:

„იმისათვის, რომ მცენარეებისათვის მარსის მსგავსი ნიადაგი მოგვემზადებინა, ნიადაგი მიკრობიოლოგიურად დავამუშავეთ, ანუ სხვადასხვა ნიადაგიდან მოვიპოვეთ მიკროორგანიზმები და ჩავატარეთ ცდები. ამისათვის მომზადებული გვქონდა სპეციალური ბლოკი და სპეციალურად შექმნილი კომპიუტერული პროგრამის მიხედვით, დისტანციური მეთოდით შეგვეძლო, შეგვეცვალა განათება, რადიაცია და სხვა.

კაბინეტში ვამზადებდით ნიადაგებს და მასზე მცენარეების განვითარებას ვაკვირდებოდით, მარსის ნიადაგსაც შევურიეთ ცეოლიტები. ძალიან საინტერესო შედეგები მივიღეთ.

იყო მოსაზრება, რომ მარსზე უნდა წასულიყვნენ კოსმონავტები, რომლებიც იქ ხანგრძლივად იცხოვრებდნენ. რადგან ორგანიზმისათვის მთავარი ცილები და ნახშირწყლებია, ამიტომ შევარჩიეთ ორი მცენარე – ლობიო (ცილებისათვის) და ხორბალი (ნახშირწყლებისათვის). ორივემ გაიხარა… რადგან ეს ორი მცენარე გაიზარდა, ამის შემდეგ იქ ყველაფერს გავზრდით.

დადგა მეორე პრობლემა – გადავწყვიტეთ, მარსის ნიადაგი გამოგვეყენებინა სამშენებლო ბლოკების მისაღებად, ამიტომ ქიმიკოსებთან ერთად გავამზადეთ ბლოკები, რომლებიც დაბალ ტემპერატურას, მზის სხივებსა და რადიაციას უძლებს. ასე რომ, შესაძლებელი გახდება, ადგილობრივი ნიადაგის მეშვეობით დაამზადონ ბლოკები და ააშენონ შენობა. ჩვენს ქიმიკოსებთან ერთად ესეც გამოგვივიდა.

ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობდით საერთაშორისო კონფერენციებში, ჟურნალ „ასტრობიოლოგიაში“ დაახლოებით 9 სტატია გამოვაქვეყნეთ, ამ ყველაფრის შემდეგ შეარჩიეს ჩვენი კანდიდატურები. ახლახან კი „ნასადან“ მოგვივიდა წერილი, რომ 18 თებერვალს, 11 საათზე მარსზე უკვე დაჯდება თანამგზავრი, რომელზეც ჩვენი გვარებია ჩაწერილი, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა – „ჩაკრულოს“ შემდეგ ეს მეორე გზავნილი იქნება საქართველოდან კოსმოსში.“

venue.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close