კინო/ფილმებიარტისტი

„დღე უკანასკნელი, დღე პირველი“- სიკო დოლიძის მოგონება სერგო ზაქარიაძეზე

რეჟისორ სიკო დოლიძის ფილმი „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ ეკრანზე 1959 წელს გამოვიდა. მას შემდეგ 60 წელზე მეტი გავიდა, თუმცა მაყურებელი დღესაც სიამოვნებით უყურებს სერგო ზაქარიაძის (გიორგი), ბელა მირიანაშვილის (ლამარა), მალხაზ გორგილაძის (ვაჟა), აკაკი ვასაძის (პროფესორი), გიული ჭოხონელიძის (ქურდი), ოთარ კობერიძისა (ლევანი – ინჟინერი) და ბევრი სხვა არაჩვეულებრივი მსახიობის თამაშს.

გთავაზობთ ფილმის რეჟისორის, სიკო დოლიძის მოგონებას, თუ როგორ მიიწვია გიორგის როლზე სერგო ზაქარიაძე და როგორი მონდომებით შექმნა მსახიობმა მოხუცი ფოსტალიონის სახე, რისთვისაც მან 2 კვირაში 16 კილოც კი დაიკლო:

„ფატიმას“ დამთავრების შემდეგ ახალ სცენარზე ვფიქრობდი. მსურდა მორიგ ფილმში უბრალო ადამიანის, კერძოდ, ფოსტალიონის შრომაზე მომეთხრო.

ერთხელ ქუჩაში ჩემს საყვარელ მსახიობს, სერგო ზაქარიაძეს შევხვდი. ერთმანეთი გულთბილად მოვიკითხეთ. იმ ხანებში სერგო არც თეატრში მუშაობდა და არც კინოში. კონცერტებზე მხატვრული კითხვით გამოდიოდა მხოლოდ. სერგო ცოტა გულნატკენი იყო კინემატოგრაფისტებზე, რომ კინოში აღარ იწვევდნენ.

რომელიღაც ღონისძიების დროს მე და სერგო პრეზიდიუმში აღმოვჩნდით. უკანა რიგში ვისხედით. მოხსენება მოსაწყენი იყო და ჩუმად ვსაუბრობდით. სერგომ მითხრა: სცენა დროებით დავტოვე, კინოში კი არავინ მეძახის, ყველას დავავიწყდი, უკანასკნელად შალვა გედევანიშვილის და ვახტანგ ტაბლიაშვილის „ქეთო და კოტეში“ ყარაჩოხელის როლი შევასრულეო. ვატყობდი, ძალიან განიცდიდა უმოქმედობას. გავანდვე, რომ ვაპირებდი გადამეღო ფილმი ფოსტალიონის ყოველდღიურ საქმიანობაზე, ვუამბე მომავალი ფილმის ჩანაფიქრი. სხდომა ორივეს დაგვავიწყდა, სერგო დაინტერესდა ფოსტალიონის როლით და მითხრა: სიკო, აი ასეთ როლს სიამოვნებით შევასრულებდიო. იმ სხდომაზე ერთად მუშაობა გადავწყვიტეთ.

ამ დღის შემდეგ სერგო ხშირად მოდიოდა ჩემთან, ეცნობოდა სცენარზე მუშაობის მსვლელობას, ბევრს ფიქრობდა ფოსტალიონის გარეგნობაზე. მან გრიმიორ ანასტასია ივაშჩენკოსთან ერთად ჩინებული გრიმი მოძებნა. ანასტასია ივაშჩენკოსთან მუშაობას სერგო ისე მიეჩვია, ისე სჯეროდა ამ მხატვარ-გრიმიორის გემოვნებისა, რომ კინოდან თეატრშიც მიიწვია და თეატრალურ გრიმსაც ივაშჩენკოს აკეთებინებდა.

სერგო ზაქარიაძე (გიორგი) და ბელა მირიანაშვილი (ლამარა)

გადაღებების დაწყებამდე ცოტა დრო გვრჩებოდა. საჭირო იყო სერგოს წონაში დაეკლო, 75 წლის ფოსტალიონს არ შეეფერებოდა, რომ ჩასუქებული ყოფილიყო. სერგო მკაცრ რეჟიმზე გადავიდა. ორ კვირაში მან თითქმის 16 კილო დაიკლო, გამუდმებით სიგარეტ „პრიმას“ ეწეოდა, ფოსტალიონის კოსტიუმით დადიოდა და გაზეთებით სავსე ჩანთას დაატარებდა, რომ შესჩვეოდა ფოსტალიონისთვის დამახასიათებელ სიარულს, მიხრა-მოხრას, ყოფით ჩვევებს. ხშირად მთელ დღეებს საფოსტო განყოფილებაში ატარებდა. გრიმითა და ჩაცმულობით სერგო ისე დაემსგავსა რიგით ფოსტალიონს, რომ ნაცნობებიც კი ვერ ცნობდნენ.

მახსოვს ერთი კურიოზული ამბავი: რუსთაველის გამზირზე ცენტრალური ტელეგრაფის წინ გვქონდა გადაღება. შესვენების დროს გადავწყვიტე მომენახულებინა კავშირგაბმულობის მინისტრი, ჩემი კარგი ნაცნობი და მეგობარი. ფოსტალიონად გამოწყობილი სერგო თან მახლდა. მდივანმა ნება დამრთო მინისტრის კაბინეტში შევსულიყავი, სერგოს კი უარი უთხრა. მდივანს ავუხსენი, ეს ამხანაგი ჩემთან არის და ორივემ მინისტრი უნდა მოვინახულოთ-მეთქი. კაბინეტის კარები შევაღე. სერგოც შემომყვა. მინისტრს მივესალმე, სერგო კი შუა ოთახში შედგა, მინისტრმა ღილაკს დააჭირა:

– რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილოთ, – წყრომით მიმართა შემოსულ მდივანს, – რომ ფოსტის თანამშრომლებმა, ვისაც რაიმე საქმე აქვს, ჩემს მოადგილეს მიმართონ.

მდივანი დაიბნა, სახე აელეწა, დაიწყო თავის მართლება. მინისტრი ახლა სერგოს მიუბრუნდა:

– ფოსტის რომელ განყოფილებაში მუშაობთ?

– მეცხრეში, ბატონო, – სწრაფად უპასუხა სერგომ.

– იქაურ თანამშრომელს ყველას ვიცნობ, არ მახსოვხართ, რა გვარი ხართ?

– სერგო ზაქარიაძე, ამხანაგო მინისტრო! – უპასუხა სერგომ.

მინისტრი გაოგნებული დარჩა, მდივანს კი გულზე მოეშვა.

ფილმის გადაღების დროს

ჩემი აზრით, სერგომ ფილმში „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ არაჩვეულებრივი ნიჭიერებით წარადგინა უბრალო ადამიანის სახე და მისი შრომა. ფილმს დიდი წარმატება ჰქონდა, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთაც და ამ წარმატებაში სერგო ზაქარიაძეს დიდი წვლილი მიუძღვის. ფილმის გასინჯვის დროს პოლონელმა რეჟისორმა, ჩემმა მეგობარმა ეჟი კავალეროვიჩმა დიდი შეფასება მისცა ფილმს და მთავარი როლების შემსრულებლებს, სერგო ზაქარიაძესა და ბელა მირიანაშვილს. მან მითხრა, რომ მასაც აინტერესებს თაობების პრობლემა“.

კინომასალების კრებულიდან „კინო“, 1982 წ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close