150 წლის წინათ რომი იტალიის სამეფოს დედაქალაქად და პაპების ქალაქად გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც 1870 წელს, საფრანგეთ-პრუსიის ომის მსვლელობისას, ბერსალიერებმა (Bersaglieri, იტალიის ჯარის ელიტური ნაწილები) გენერალ რაფაელე კადორნას მეთაურობით მოახერხეს პორტა პიას მახლობლად დაცვის გარღვევა და ქალაქი დაიკავეს.
1871 წლის 3 თებერვლის № 33 კანონით გადაწყდა, რომ იტალიის მთავრობის რეზიდენცია ფლორენციიდან მარადიულ ქალაქში – რომში გადაეტანათ (ფლორენცია იტალიის სამეფოს დედაქალაქი 1865 წლიდან იყო, როდესაც ტურინი შეცვალა). ოფიციალურად კი ეს პირველ ივლისს მოხდა. მეორე დღეს, 1871 წლის 2 ივლისს მეფე ვიტორიო ემანუელე II საზეიმოდ შევიდა ქალაქში და კვირინალეს სასახლე დაიკავა.
3 თებერვალს დამტკიცდა რომში მთავრობის გადასვლის წესები და დაინიშნა სამთავრობო კომისია, რომლის ამოცანაც იყო ყველა ოპერაციის განხორციელება, კოორდინირება და კონტროლი ახალ დედაქალაქში სახელისუფლებო ორგანოების დასაფუძნებლად.
იმთავითვე შეირჩა უმაღლესი ინსტიტუციების განთავსების ადგილები: მეფეს გადაეცა კვირინალეს სასახლე – პაპის ყოფილი საზაფხულო რეზიდენცია. სენატი პალაცო მადამაში განთავსდა, რომელიც პაპის ფინანსთა სამინისტროს ყოფილი რეზიდენცია იყო. დეპუტატთა პალატის ადგილსამყოფელი კი სასამართლოების ყოფილი რეზიდენცია, მონტეჩიტორიოს სასახლე გახდა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები