ლელა საღარეიშვილი: „ჩემი მიზანია, საბერძნეთი საერთაშორისო ასპარეზზე წარმოვადგინო“
რამდენადაც ემიგრაციაში ცხოვრება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ყოველთვის სასიამოვნოა უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის წარმატების ისტორიის გაგება. ამჯერად გვინდა გაგაცნოთ ქართველი სპორტსმენი, რომელმაც უცხო ქვეყენაში საყვარელი საქმიანობით თავის დამკვიდრება მოახერხა და ბედნიერი ოჯახიც შექმნა. ლელა საღარეიშვილი უკვე ცხრა წელიწადია საბერძნეთში ცხოვრობს და საქართველოში დაწყებული სპორტული კარიერა მძლეოსნობაში საბერძნეთშიც გააგრძელა; მას წინა ოლიმპიადაზე ამ ქვეყნის სახელით მონაწილეობაც შესთავაზეს. სპორტზე უზომოდ შეყვარებული ლელა ახლა საკუთარი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე იმყოფება და მას ჩვენი საიტის სახელით წარმატება გვინდა ვუსურვოთ.
მოგესალმებით ლელა, როდის ჩამოხვედით საბერძნეთში და რატომ აირჩიეთ მაიცდამაინც ელადა?
საბერძნეთში 2009 წლის აგვისტოში ჩამოვედი. ჩემი არჩევანი განაპირობა იმან, რომ ჩვენს ორ ქვეყანას საერთო რელიგია აკავშირებს. ასევე, ვიცნობდი საბერძნეთის ისტორიას და ეს ქვეყანა ჩემში ინტერესს იწვევდა.
როდის დაინტერესდით სპორტით და რატომ გააკეთეთ არჩევანი მძლეოსნობაზე?
სპორტი ბავშვობიდან მიზიდავდა. მახსოვს, ჯერ კიდევ 5 წლის რომ ვიყავი, ჩემი მწვრთნელი ლერი ჩხენკელი როგორ ცდილობდა წარმატების მიღწევის სურვილი გაეღვიძებინა ჩემში. მაშინ საქართველოში სპორტისთვის სათანადო პირობები არ არსებობდა, მაგრამ მწვრთნელის დახმარებით ვახერხებდი სხვადასხვა ტურნირში მონაწილეობას. დავრბოდი 1000 და 1500 მეტრზე. სულ 13 წლის განმავლობაში ვიყავი დაკავებული სპორტით საქართველოში.
როგორ განვითარდა თქვენი სპორტული კარიერა საბერძნეთში? „აეკსა“ და „პანელინიოში“ თქვენი საქმიანობის შესახებ მოგვიყევით – რა როლი ითამაშეს ამ კლუბებმა თქვენს სპორტულ კარიერაში?
საბერძნეთში ჩამოსვლის შემდეგ, თავიდან მოყვარულის დონეზე ვვარჯიშობდი, ძველ და დიდი ტრადიციების მქონე სპორტულ კლუბ „პანელინიოში“ მოვხვდი. ამ კლუბმა ბევრი სახელოვანი ბერძენი მძლეოსანი აღზარდა. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ შემდეგ ფორმა აღვიდგინე. ამჟამად 5, 10 და 15 კმ-ზე დავრბივარ.
თუ არ ვცდები, ბერძნებმა ოლიმპიადაზე მონაწილეობა შემოგთავაზეს, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. რა მოხდა?
ცხადია, ოლიმპიადაზე მონაწილეობა ჩემი ოცნება იყო. როდესაც ბერძნებმა მათი სახელით გამოსვლა შემომთავაზეს, დაიწყო მომზადების რთული პროცესი. სამწუხაროდ, ბოლო მომენტში ტრავმა მივიღე და ოთხი თვით ჩამოვცილდი სპორტს, ამის გამო ვერ მოვხვდი ოლიმპიადაზე.
2016 წელს ნემეის თამაშებზე პირველი ადგილი დაიკავეთ. როგორი შეგრძნებაა ქართველისთვის ასეთ დიდ ისტორიულ სპორტულ შეჯიბრში გამარჯვება?
ძალიან ამაყი ვიყავი. განსაკუთრებული შეგრძნებაა, როცა ასეთ ისტორიულ თამაშებზე ასპარეზობ, მით უმეტეს, როცა იმარჯვებ. საბერძნეთში ბევრია ასეთი ისტორიული სპორტული ობიექტი – როდესაც გამოდიხარ, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ანტიკური ღმერთები გლოცავენ.
რამდენად ხშირად ახერხებთ საქართველოში ჩასვლას?
რამდენადაც საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს, დღემდე ვერ მოავახერხე საქართველოში წასვლა. ველოდები ზაფხულს, რათა მცირე ხნით მაინც მოვინახულო სამშობლო.
როგორ რეაგირებენ თქვენი ბერძენი ნაცნობები, როცა იგებენ, რომ საქართველოდან ხართ?
შესანიშნავი სამეგობრო მყავს – ცხადია, მათი უმეტესობა სპორტსმენია. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ერთმანეთს ვიცნობთ. ბერძნებთან ბევრი საერთო გვაქვს ქართველებს და ეს ხელს მიწყობს ურთიერთობაში.
საბერძნეთის გარეთ საერთაშორისო ტურნირებზე თუ მიგიღიათ მონაწილეობა?
ჯერჯერობით არა, მაგრამ ამჟამად ჩემი მიზანია, საბერძნეთი საერთაშორისო ასპარეზზე წარმოვადგინო და ეს დროც მალე მოვა.
მოგვიყევით თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ.
დავიბადე და გავიზარდე ხონში. ჩემმა მშობლებმა, თამაზ საღარეიშვილმა და მზია კიკაბიძემ, ჩემთვის უძვირფასესმა ადამიანებმა, დიდი შრომა გასწიეს ჩემი აღზრდისთვის. დავქორწინდი ორი წლის წინ, ჩემი მეუღლე – ხრისტოს კეხაიასიც მძლეოსანია. გვყავს 5 თვის გოგონა – მელინა. სანამ ფეხმძიმედ ვიყავი, ვცდილობდი ფორმაში ვყოფილიყავი და შვიდი თვის ფეხმძიმეც კი დავრბოდი. მშობიარობიდან 40 დღეში ისევ დავიწყე ვარჯიში. ხარების დღესასწაულზე 10 კმ დისტანციაზე ვირბინე და მესამე ადგილი დავიკავე. საჭიროა ფორმის აღდგენა, რათა კვლავ პირველი ადგილი დავიბრუნო. თითქმის ყოველ კვირა შეჯიბრებაში ვმონაწილეობ. მეუღლე ძალიან მეხმარება და იმედიანად ვარ განწყობილი. ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება.
სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ რით დაკავდებით? მწვრთნელობას ხომ არ აპირებთ?
რომ გითხრათ, არ ვაპირებ სპორტული კარიერის დასრულებას-მეთქი, დამიჯერებთ? მინდა მორბენალი ბებო გავხდე (იცინის). სპორტის გარეშე საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია, რადგან ძალიან მიყვარს. მინდა ყველას ვუსურვო, სიყვარულით აკეთონ თავიანთი საქმე.
რას ეტყოდით ქართველ ემიგრანტებს?
ჩემო ქართველებო, მინდა თავი დაგიხაროთ იმ მოთმინებისთვის, რომელსაც თქვენი ოჯახების დასახმარებლად იჩენთ. გისურვებთ ჯანმრთელობას და თქვენს საყვარელ ოჯახებში დაბრუნებას.
ესაუბრა გიორგი ჯანელიძე
კომენტარები