მედიცინამსოფლიო

98%-იანი ეფექტიანობა – ვაქცინაციის შთამბეჭდავი შედეგები ისრაელში

Pfizer-ის აცრის მეორე დოზის მიღების შემდეგ ანტისხეულების ტიტრი რამდენჯერმე აღემატება ანტისხეულების იმ  რაოდენობას, რომელიც აქვთ პაციენტებს კორონავირუს SARS-CoV-2-ით გამოწვეული დაავადების – COVID-19-ის მძიმედ მიმდინარეობის შემთხვევაში.

პროფესორმა გილი რეგევ-იოჰამ, ტელ ეშომერის სამედიცინო ცენტრ „შიბას“ ინფექციურ დაავადებათა მთავარმა სპეციალისტმა, ისრაელის ტელეარხ „12-თან“ ინტერვიუში ისაუბრა საავადმყოფოს პერსონალის სეროლოგიური კვლევის შთამბეჭდავ შედეგებზე – იმ პირების შემთხვევაში, რომლებმაც Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება 2020 წლის 20 დეკემბერს დაიწყეს.

კვლევაში მონაწილეობდა „შიბას“ 7106  თანამშრომელი, რომლებმაც ვაქცინის პირველი დოზა მიიღეს და 4484 პირი, რომლებმაც ორივე დოზა მიიღეს.

პროფესორ რეგევ-იოჰას მიერ წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, პირველი ვაქცინაციიდან ერთი კვირის შემდეგ ანტისხეულები წარმოიქმნა ვაქცინირებულთა მხოლოდ 3% -ში, ორი კვირის შემდეგ (მეორე აცრებამდე ერთი კვირით ადრე) კი – 52% -ში.

18 იანვარს ცნობილი გახდა საავადმყოფოს 102 თანამშრომლის სეროლოგიური ტესტების შედეგები, რომლებმაც Pfizer ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს, მეორე დოზა – ერთი კვირის წინ (ისრაელსა და მსოფლიოში ჯერ კიდევ ცოტაა ასეთი ადამიანი): მათ 98%-ს ანტისხეულების ტიტრი 6-20-ჯერ უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე  იმ პირებს, რომელთაც მხოლოდ პირველი აცრა ჩაუტარდათ.

როგორც პროფესორმა რეგევ-იოჰამ აღნიშნა, ანტისხეულების ტიტრი Pfizer-ის ვაქცინით მეორე ვაქცინაციის შემდეგ რამდენჯერმე აღემატებოდა იმ ადამიანების ანტისხეულების ტიტრს, რომლებმაც COVID-19-ის მძიმე ფორმა განუვითარდათ.

ამ კვლევის შედეგების დამუშავება გრძელდება, მაგრამ პროფესორ რეგევ-იოჰას დაკვირვებით, ოპტიმისტური დასკვნების გაკეთება უკვე შეიძლება.

იმავე ინტერვიუში პროფესორმა გილი რეგევ-იოჰამ იმედი გამოთქვა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში დაიცავს ვირუსისგან ვაქცინირებულებს, ვინაიდან ისინი, ვინც COVID-19-ისგან გამოჯანმრთელდა, ანტისხეულებს მინიმუმ შვიდი თვის განმავლობაში ინარჩუნებენ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ სამედიცინო ცენტრ „შიბაში“ განთავსებულია ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, სადაც შეისწავლება Pfizer-ის ვაქცინის გავლენა კორონავირუსის გამოვლენილ მუტაციებზე. ამ დრომდე მიღებული შედეგების თანახმად, Pfizer-ის ვაქცინა კორონავირუსის ყველა ცნობილ შტამს წარმატებით გაუმკლავდა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს 18 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღო 2 116 257-მა ადამიანმა (61 ათასზე მეტი – ბოლო დღეს), ორივე დოზა კი – 309 065-მა ადამიანმა (დაახლოებით 80 ათასი – ბოლო დღეს). ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინაზე.

ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდები 45 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს ვაქცინაციაზე ეპატიჟებიან (ჩაწერა შესაძლებელია ინტერნეტით ან ტელეფონით). სიაში ზოგჯერ 45 წლამდე ასაკის ადამიანებიც შედიან.

ვაქცინირებულთა შორის ხანდაზმული ადამიანები ჭარბობენ – 90+ ასაკობრივ კატეგორიაში მოქალაქეების 82%-მა მიიღო ვაქცინის პირველი დოზა, 12%-მა – ორივე დოზა; 80-89 წ. კატეგორიაში – 80% / 15%; 70-79 – 86% / 20%; 60-69% – 68% / 14 %; 50-59 – 48% / 3%, 40-49 – 26% / 2%; 30-39 – 15% / 1%; 20-29 – 10% / 1%; 20 წლამდე (მაგრამ არა -16 წლამდე) – 1% / 0%.

რესურსი OurWorldInData აგრძელებს კორონავირუსის წინააღმდეგ გლობალური ვაქცინაციის პროცესის მონიტორინგს. 17 იანვრის მონაცემებით, ისრაელმა კვლავ პირველი ადგილი დაიკავა აცრილთა რაოდენობით – 27.1 ვაქცინირებული ყოველ 100 მოსახლეზე. ვაქცინაციის მაჩვენებლების მიხედვით ასევე TOP-10-ში არიან: არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, დანია, სლოვენია, იტალია, ესპანეთი, ირლანდია.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close