სიცილიაზე ვულკანი ეტნა მოულოდნელად გააქტიურდა (ვიდეო)
სიცილიაზე, კატანიაში მდებარე გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ნაციონალური ინსტიტუტი აცხადებს, რომ ვულკან ეტნის სამხრეთ-აღმოსავლეთი კრატერი მოულოდნელად გააქტიურდა.
კრატერიდან ლავის ორი ახალი ნაკადი წამოვიდა. ერთი ვალე დელ ბოვეს დაბლობისკენ მიემართება აღმოსავლეთით, მეორე – ჩრდილოეთისკენ. ამოფრქვევას ახლავს ფერფლის და კვამლის სვეტები, ბიძგები და ინფრაბგერითი ტრემორი. კვამლის სვეტების სიმაღლემ 2900 მეტრს მიაღწია.
ობსერვატორიის განცხადებით, ეტნის ახალი ამოფრქვევა 18 იანვარს ადგილობრივი დროით 19:15 სთ-ზე დაიწყო. ვულკანის კრატერის ცეცხლოვანი წითელი ფერი სიბნელეში შთამბეჭდავი სანახავია.
დაფიქსირდა ვულკანური ბიძგების ამპლიტუდის ზრდა, რომელმაც საკმაოდ მაღალ მაჩვენებლებს მიაღწია.
დღეს, 19 იანვარს, დილიდან ვულკანის აქტიურობის შემცირება დაიწყო, ლავის ნაკადები გაცივდა, ხოლო ვულკანური ბიძგების სიმძლავრე შესუსტდა.
ეტნა პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. მარტო 1950 წლიდან მისი ამოფრქვევის რამდენიმე ათეული შემთხვევაა დაფიქსირებული. როგორც წესი, ამოფრქვევა სიბნელეში ძალზე შთამბეჭდავი სანახავია გახურებული ლავის ნაკადების ცეცხლოვან-წითელი ფერის გამო. ეტნის გააქტიურებისას, ჩვეულებრივ, ატმოსფეროში შედარებით ნაკლები ფერფლი ამოიფრქვევა.
სიცილიაზე მდებარე ვულკან ეტნის პირველი ისტორიულად დადასტურებული ამოფრქვევა ჩვენს ერამდე 1226 წელს მოხდა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ აფრიკული და ევრაზიული ტექტონური ფილების შეერთების ადგილას მდებარე ვულკანი დაახლოებით 300 ათასი წლის წინათ გააქტიურდა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები