იტალიის პარლამენტის დეპუტატთა (ქვედა) პალატამ პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს მთავრობას 18 იანვარს, გვიან საღამოს ნდობა გამოუცხადა.
მოქმედ მინისტრთა კაბინეტს მხარი 321-მა დეპუტატმა დაუჭირა, 259 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 27-მა თავი შეიკავა. კონტემ შეძლო აბსოლუტურ უმრავლესობაზე (315) ექვსი ხმით მეტი მიეღო იმის შედეგად, რომ მოქმედ მთავრობას მხარი დაუჭირა M5S-ის 5-მა ყოფილმა წევრმა, ამავე პარტიის „დისიდენტმა“ დეპუტატმა ანდრეა კოლეტიმ და დეპუტატმა „ფორცა იტალიადან“, ლაციოს ყოფილმა პრეზიდენტმა რენატა პოლვერინიმ.
დღეს კონტესთვის რთული დღეა – ახლა სიტყვა სენატზეა (ზედა პალატა), სადაც სხდომა დილიდან დაიწყო. მოქმედი პრემიერისთვის ნდობის მისაღებად სენატში 161 ხმის მოპოვება ძალიან ძნელი იქნება და ამ დროისთვის წარმოუდგენლად ჩანს. რენცის „Italia Viva“-მ დაადასტურა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
რაც შეეხება მემარჯვენე პარტიებს, ისინი აცხადებენ, რომ კონტემ პოსტი უნდა დატოვოს.
დღეს გაირკვევა, შეძლებს თუ არა პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე, პოსტი შეინარჩუნოს და მისი დანიშვნის შემდეგ (2018 წ.) მესამე კოალიციური მთავრობა შექმნას, თუ იტალიაში ზაფხულში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.
იტალიაში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ შეიქმნა, რაც პარტია მატეო რენცის „ცოცხალმა იტალიამ“ („Italia Viva“) მინისტრთა კაბინეტიდან თავისი 2 მინისტრი გაიწვია, რის შედეგადაც მოქმედმა სამთავრობო კოალიციამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. უთანხმოება პანდემიის შედეგებისგან ეკონომიკის აღდგენის გეგმას ეხება, რომლის დაფინანსების უმეტეს ნაწილს (209 მლრდ ევრო) ევროკავშირის სახსრები შეადგენს.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები