შავ ზღვაში რუსული ტვირთმზიდი გემი ჩაიძირა, სულ ცოტა, 4 ადამიანი დაიღუპა
პალაუს დროშის ქვეშ მცურავი რუსული ტვირთმზიდი გემი Arvin-ი 17 იანვარს შავ ზღვაში ჩაიძირა. გემზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა (ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით – 15). აღმოჩენილია ეკიპაჟის 4 წევრის ცხედარი, 6 მეზღვაური – გადაარჩინეს. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ი წერს.
ინციდენტი ბართინის რაიონში მოხდა, ინკუმუს პროვინციაში, თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში, სინოპსა და სტამბოლს შორის, ფაქტობრივად, შუაგზაზე. ბართინის პროვინციის გუბერნატორის ინფორმაციით, გემი პალაუს დროშის ქვეშ ცურავდა და ამჯერად ტვირთი საქართველოდან, ფოთის პორტიდან ბულგარეთში, ბურგასში გადაჰქონდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გემის ჩაძირვის მიზეზი ცუდი მეტეოროლოგიური პირობები გახდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეკიპაჟის 10 წევრი უკრაინის მოქალაქეა. უწყების ინფორმაციით, მაშველებმა 5 უკრაინელი და ერთი სხვა ქვეყნის მოქალაქე გადაარჩინეს.
რუსეთის საზღვაო და სამდინარო ფლოტის წარმომადგენლობის ცნობით, ეკიპაჟის წევრებს შორის რუსეთის 2 მოქალაქე იყო, მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ ერთი მოქალაქე გადაარჩინეს. 6-ვე გადარჩენილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებებლია.
ერთ-ერთი გადარჩენილი მეზღვაურის თქმით, გემი დიდმა ტალღამ დაფარა, რის შემდეგაც ის ჩაიძირა.
თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელობამ ფრეგატი Fatih-ი გაგზავნა სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად იმ მიდამოებში, სადაც გემი ჩაიძირა. მაშველების დასახმარებლად ვერტმფრენიც გაფრინდა.
საღამოს სამაშველო სამუშაოები შეჩერდა ცუდი ამინდის გამო.
ღია წყაროების ინფორმაციით, ტვირთმზიდი გემი Arvin-ი 1975 წელს აიგო სსრ კავშირისთვის ჩეხოსლოვაკიაში, ქალაქ კომარნოში, დუნაიზე. გემი მიეკუთვნებოდა პროექტ 2-95A/R-ის კლასს „მდინარე-ზღვა“, .მისი სიგრძე იყო 114 მეტრი, სიგანე – 14 მეტრი, ტვირთამწეობა (დედვეითი – Deadweight) – 3509 ტონა.
1997 წლიდან გემი მალტის დროშის ქვეშ დაცურავდა, 2013 წლიდან – კამბოჯის, ხოლო 2016 წლიდან დღემდე – პალაუს დროში ქვეშ.
მისი ამჟამინდელი მფლობელია კომპანია Arvin Shipping LTD.
2020 წელს გემი 3-ჯერ შემოწმდა, მათ შორის, ტექნიკური მდგომარეობის მხრივაც, – ამის შესახებ ტრანსპორტელთა საერთაშორისო ფედერაციის ინსპექტორმა ნოვოროსიისკში ოლგა ანანინამ განაცხადა.
ლანა ივანიშვილი
კომენტარები