მედიცინაიტალია

იტალია კოვიდის საკუთარი ვაქცინის 100 მლნ წლიური დოზის წარმოებისთვის ემზადება

COVID-19-ის საწინააღმდეგო იტალიური ვაქცინის გამოცდის პირველმა ეტაპმა აჩვენა, რომ ის ინფექციისგან წარმატებით იცავს და პაციენტები აცრას კარგად იტანენ. ამის შესახებ იტალიის ჯანდაცვის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ფრანკო ლოკატელიმ ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იტალიურ ვაქცინას GRAd-CoV2 ეწოდება. მისი კლინიკური გამოცდის პირველი ეტაპი გასული წლის აგვისტოს ბოლოს დაიწყო. ცდაში მონაწილე მოხალისეების სხვადასხვა დოზით აცრიდან 28 დღის შემდეგ არ გამოვლენილა არანაირი სერიოზული გვერდითი ეფექტები, ხოლო ანტისხეულები უკვე პირველივე აცრის შემდეგ გამომუშავდა 92,5%-ში ანუ ვაქცინამ 92,5%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

ვაქცინის შემქმნელი კომპანია ReiThera-ს პრეზიდენტის, ანტონელა ფოლგორეს თქმით, მათი ვაქცინა სტაბილურობას ინარჩუნებს 2-იდან 8 გრადუსამდე ტემპერატურაზე (ცელსიუსით), რაც კონკურენტ ვაქცინებთან შედარებით უფრო ხელსაყრელია, რადგან ვაქცინის შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშია შესაძლებელი (როგორც ცნობილია, „ფაიზერის“ ვაქცინას -70 გრადუსზე შენახვა სჭირდება).

კომპანია გეგმავს, კლინიკური ცდების მე-2 და მე-3 ეტაპები 2021 წლის ზაფხულისთვის დაასრულოს და წელიწადში 100 მლნ დოზა ვაქცინის წარმოება დაიწყოს. თავის მხრივ, სახელმწიფო აპირებს, კომპანიას ამ საქმეში ფინანსურად დაეხმაროს. ფინანსირება მოხდება როგორც სახალმწიფო კონტრაქტის საფუძველზე, ისე კომპანიის აქციონერულ კაპიტალში სახელმწიფოს მონაწილეობით.

როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, იტალიაში, ისევე როგორც მთელ ევროკავშირში, მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოს (27 დეკემბერს) დაიწყო. ვაქცინაციის პირველი ეტაპის ჩატარებისთვის იტალიამ აშშ-ისგან 10 მლნ დოზა ვაქცინა შეიძინა. საკუთარი ვაქცინის წარმოება იტალიას საშუალებას მისცემს, ამ სფეროში რომელიმე ქვეყანაზე დამოკიდებული არ იყოს და საკუთარი მოთხოვნილება თავადვე დაიკმაყოფილოს.

იტალიაში, 6 იანვრის მდგომარეობით, უკვე აიცრა 259 481 ადამიანი, ეს იმ 479 700 დოზის 54,1%-ია, რომელიც ევროკავშირში შესული „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი პარტიიდან იტალიამ უკვე მიიღო.

ამ მაჩვენებლით იტალია მეორეა ევროკავშირში და მხოლოდ გერმანიას ჩამორჩება, სადაც 4 იანვრისთვის უკვე აცრილი იყო 265 000 ადამიანი.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ინფორმაციით კი, 5 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 1,3 მლნ აცრა ჩატარდა, თუმცა ბრიტანეთი, მოგეხსენებათ, აღარ შედის ევროკავშირში და ქვეყანში აცრის კამპანია უფრო ადრე – 8 დეკემბერს დაიწყო. 4 იანვარს კი, „ფაიზერის“ ვაქცინის პარალელურად, ბრიტანეთმა შვედურ-ბრიტანული კომპანია „ასტრაზენეკას“ მიერ შექმნილი ე. წ. „ოქსფორდის“ ვაქცინით აცრაც დაიწყო.

რაც შეეხება საფრანგეთს და ესპანეთს, ამ ქვეყნებში აცრის კამპანია შედარებით შეფერხდა ცუდი დაგეგმვის, მეტისმეტი ბიუროკრატიის, დღესასწაულების და ლოჯისტიკური პრობლემების გამო (რადგანაც „ფაიზერის“ ვაქცინა შენახვის ექსტრემალურ პირობებს მოითხოვს).

აღსანიშნავია, რომ დღეს წამლის ევროპულმა სააგენტომ (EMA) მწვანე შუქი მისცა კიდევ ერთ ამერიკულ ვაქცინას – კომპანია „მოდერნას“ პროდუქტს. ეს მეორე ვაქცინაა, რომელიც სააგენტომ ევროპის ქვეყნებში გამოყენებისთვის დაამტკიცა. როგორც ცნობილია, 21 დეკემბერს EMA-მ კომპანია „ფაიზერის“ ვაქცინა დაამტკიცა, რომლითაც ამჟამად ევროპის კავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში ვაქცინაცია მიმდინარეობს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close