არქეოლოგებმა, სავარაუდოდ, აღმოაჩინეს ადგილი, სადაც იოანე ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთეს
არქეოლოგები აცხადებენ, რომ აღმოაჩინეს ის სასიკვდილო საცეკვაო მოედანი, სადაც ახ. წ. დაახლოებით 29 წელს სიკვდილით დასაჯეს იოანე ნათლისმცემელი – მქადაგებელი, რომელიც იესოს მოსვლას წინასწარმეტყველებდა.
ბიბლია და უძველესი მწერალი იოსებ ფლავიუსი (ახ. წ. 37-100 წ. წ.) აღწერენ, როგორ დასაჯა იოანე ნათლისმცემელი სიკვდილით მეფე ჰეროდე ანტიპამ, ჰეროდე დიდის ვაჟმა. ფლავიუსი მიუთითებს, რომ იოანეს თავი მაქერონის ციხეში მოჰკვეთეს, რომელიც თანამედროვე იორდანიაში, მკვდარი ზღვის მახლობლად მდებარეობს.
როგორც ფლავიუსი წერს, ჰეროდე ანტიპას მოსახლეობაში იოანე ნათლისმცემლის მზარდი გავლენის ეშინოდა და სიკვდილით ამიტომ დასაჯა. მეორე მხრივ, ბიბლია ამბავს უფრო დეტალურად აღწერს და მოგვითხრობს, რომ ჰეროდე ანტიპამ იოანე სიკვდილით დასაჯა ცეკვის სანაცვლოდ.
ბიბლიის მიხედვით, ჰეროდე ანტიპა ქორწინდებოდა ქალზე, სახელად ჰეროდიასი; ორივე მათგანი განქორწინებული იყო, რასაც იოანე ნათლისმცემელი ეწინააღმდეგებოდა.
მეფე ჰეროდე დიდის სიკვდილის შემდეგ მისი სამეფო მისმა ვაჟებმა გაიყვეს – ჰეროდე ანტიპა აკონტროლებდა სამეფოს, რომელშიც შედიოდა გალილეა და იორდანიის ნაწილი. სამეფოს ის მაქერონის ციხიდან მართავდა.
არქეოლოგებმა შიდა ეზო 1980 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ როგორც ვოროში სტატიაში წერს, ამ დრომდე არ ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ ეს ნიში ჰეროდე ანტიპას ტახტის ნაწილი იყო. მისი განცხადებით, შიდა ეზოს გვერდით ტახტის არსებობა ამყარებს დასკვნას საცეკვაო მოედნის შესახებ.
არქეოლოგთა ჯგუფმა შიდა ეზოს რეკონსტრუქცია მოახდინა და ამ საკითხზე გამოცემულ წიგნშიც შეიტანა. სურათებზე ეზო ისეთია ასახული, როგორიც ის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დროს უნდა ყოფილიყო.
ხუთამდე მეცნიერი, რომლებიც გათხრებში ჩართულნი არ ყოფილან, Live Science-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს მართლაც ჰეროდე ანტიპას ტახტი და ის საცეკვაო მოედანია, სადაც სალომემ საბედისწერო ცეკვა შეასრულა, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი მაინც სკეპტიკურად არის განწყობილი.
ჩრილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის რელიგიურ კვლევათა პროფესორი ჯოდი მაგნესი ვოროშის და მისი ჯგუფის კვლევას აქებს, იქვე აღიარებს, რომ ეს შეიძლება მართლაც ჰეროდეს ტახტი იყოს, მაგრამ გარკვეული ეჭვები მაინც აქვს.
მაგალითად, მისი განცხადებით, მაქერონში აღმოჩენილი ნიში უფრო პატარაა, ვიდრე იერიქონის ზამთრის სასახლეში აღმოჩენილი ტახტი, რომელიც მამამისს, მეფე ჰეროდე დიდს ეკუთვნოდა.
მისივე თქმით, მაქერონში აღმოჩენილი ნიში ძალიან ჰგავს ორ ნიშს, რომლებიც ჰეროდიუმის ციხესიმაგრეში აღმოაჩინეს; ეს ციხე მეფე ჰეროდე დიდმა ააგო, მაგრამ ეს ორი ნიში ტახტების ნაშთებად არასოდეს იდენტიფიცირებულა.
დიუკის უნივერსიტეტის ებრაულ კვლევათა პროფესორ-ემერიტუსის, ერიკ მეიერსის განცხადებით, სრულიად შესაძლებელია, რომ ეს მართლაც ჰეროდე ანტიპას ტახტი იყოს, მაგრამ ჯერ სრული მოხსენების წაკითხვა სურს.
„იოანე ნათლისმცემლის სიკვდილით დასჯის ადგილის შესახებ ლიტერატურული და არქეოლოგიური წყაროების დამთხვევა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, კვლევა უმნიშვნელოვანესია და ველოდები საბოლოო ანგარიშს“, – ამბობს მეიერსი.
კომენტარები