რობერ ოსეინი კორონავირუსით გარდაიცვალა
ცნობილი ფრანგი მსახიობი და რეჟისორი რობერ ოსეინი კოვიდით გარდაიცვალა. გამოცემა „Le Point“-ის ცნობით, მსახიობი 30 დეკემბერს 93 წლის გახდა და რამდენიმე საათის შემდეგ, 31 დეკემბერს გარდაიცვალა ახალი კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო.
რობერ ოსეინს ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს გრაფ ჟოფრეი დე პეირაკის როლით „ანჟელიკაზე“ გადაღებული ფილმებიდან. სწორედ ამ როლმა მოუტანა მას საყოველთაო პოპულარობა.
მთლიანობაში ოსეინს 100-ზე მეტ ფილმში აქვს ნათამაშები, მათ შორის, კინოსურათებში: „ცის ქუხილი“ (1965), „მეორე ჭეშმარიტება“ (1966), „ვარდნის წერტილი“ (1970), „ძარცვა“ (1971), „დონ ჟუანი 73 ან დონ ჟუანი რომ ქალი ყოფილიყო“ (1973), „საბრალონი“ (1995), „კაცი და მისი ძაღლი“ (2008).
გარდა ამისა, ოსეინმა, როგორც რეჟისორმა, 20-ზე მეტი ფილმი გადაიღო, წერდა სცენარებს ფილმებისთვის. მის რეჟისორულ ნამუშევრებს შორისაა „ვარდნის წერტილი“ და ვიქტორ ჰიუგოს კლასიკური რომანის, „საბრალონის“ ერთ-ერთი ეკრანიზაცია.
1970-1979 წლებში რობერ ოსეინი რეიმსში ეროვნულ თეატრს ხელმძღვანელობდა. მისი ათობით სპექტაკლი პარიზშიც დაიდგა.
რობერ ოსეინი 3-ჯერ იყო დაქორწინებული, პირველად (1955-1960 წწ.) – ცნობილ ფრანგ მსახიობზე მარინა ვლადიზე (თავის მხრივ, მარინა ვლადიც სამჯერ იყო დაქორწინებული – ბოლოს ცნობილ რუს პოეტზე, მომღერალსა და კომპოზიტორზე, ვლადიმერ ვისოცკიზე,1970-1980 წლებში). რობერ ოსეინს და მარინა ვლადის ორი საერთო შვილი ჰყავთ – პიერი და იგორი.
რობერ ოსეინის ძარღვებში აზერბაიჯანული და ებრაული სისხლი ჩქეფდა – მამამისი, ანდრე, მევიოლინე და კომპოზიტორი, ეროვნებით აზერბაიჯანელი იყო, წარმოშობით სამარყანდიდან, ხოლო რობერ ოსეინის პაპა – აზერბაიჯანიდან.
რობერ ოსეინის დედა, პიანისტი და თეატრის მსახიობი ანა მინევსკაია კიევში დაიბადა ძირძველ ებრაულ ოჯახში, თუმცა პეტერბურგში გაიზარდა. რობერ ოსეინის მშობლები გერმანიაში შეხვდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი პარიზში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც 1927 წლის 30 დეკემბერს დაიბადა აბრაჰამ ჰუსეინოვი – მომავალში რობერ ოსეინი (მსახიობმა ეს ფსევდონიმი თეატრალურ სტუდიაში თავისი მასწავლებლის რჩევით აიღო, როდესაც 18 წლის იყო).
რობერ ოსეინი, რომელმაც კინოში 100-ზე მეტი როლი ითამაშა, მსოფლიოს მილიონობით ქალის ხსოვნაში მუდამ დარჩება კოჭლ და სახენაიარევ, თუმცა საოცრად სიმპათიურ გრაფ დე პეირაკად, ანგელოზების მარკიზას მარადიულ სიყვარულად.
ნინო ხოშტარია
კომენტარები