მედიცინამსოფლიო

ამერიკელი ფარმაცევტი ვაქცინების განზრახ გაფუჭებაშია ეჭვმიტანილი

უისკონსინის შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოში მომუშავე ფარმაცევტი კოვიდ-19-ის ვაქცინების გაფუჭების ბრალდებით დააკავეს. იგი ეჭვმიტანილია 500-ზე მეტი დოზა ვაქცინის განზრახ მაცივრიდან გამოღებასა და გაფუჭებაში.

ფარმაცევტი ქალაქ გრაფტონის ავრორას სამედიცინო ცენტრის თანამშრომელი იყო. მას შემდეგ, რაც მაცივრის გარეთ ვაქცინის 57 ფლაკონი იპოვეს, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ეჭვმიტანილის ვინაობას ოფიციალური პირები ჯერ არ ამხელენ.

თითოეულ ფლაკონში ვაქცინის 10 დოზა იყო. საეჭვო ვარგისობის 60-მდე დოზა აცრებისთვის უკვე იყო გამოყენებული, როდესაც ჰოსპიტალის ხელმძღვანელობამ დაადგინა, რომ ვაქცინის ის ფლაკონები მაცივრის გარეთ საკმარისად დიდხანს იყო დატოვებული საიმისოდ, რომ ვაქცინა არაეფექტური გამხდარიყო. ამის შემდეგ  500-მდე დოზა საეჭვო ვაქცინა განადგურდა.

ვაქცინის მწარმოებელი კომპანია „მოდერნა“ აცხადებს, რომ ვაქცინა, რომელიც მაცივარში შესაბამის პირობებში არ ინახებოდა და ადამიანებს მაინც გაუკეთეს, მათთვის სახიფათო არ არის, თუმცა ცხადია, კოვიდ-19-ისგან მათ შესაბამისად ვერ დაიცავს. მათ, ვინც არაეფექტიანი ვაქცინა მიიღო, მომხდარის შესახებ უკვე შეატყობინეს და აცრას თავიდან გაუკეთებენ, თუმცა ამ ინციდენტის გამო 570-მდე ადამიანის იმუნიზაციის პროცესი შეფერხდა.

არც საავადმყოფოს და არც სამართალდამცავი უწყების თანამშრომლები არ საუბრობენ შესაძლო მოტივებზე, რამაც ფარმაცევტს ვაქცინების დაზიანების გადაწყვეტილება მიაღებინა.

წყარო: amerikiskhma.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close