იტალიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დამნაშავე დონატო ბილანჩა (Donato Bilancia), რომელსაც 17 მკვლელობისთვის 13 სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, პადუის ციხის საავადმყოფოში კოვიდ-19-ით მოკვდა. ამის შესახებ Ansa იტყობინება.
„მატარებლის ურჩხულად“, „ლიგურიის ურჩხულად“, „მეძავების სერიულ მკვლელად“ მონათლული ბილანჩა 69 წლის იყო. იგი პოტენცაში დაიბადა 1951 წელს.
1997 წლის ოქტომბრიდან 1998 წლის მაისამდე პერიოდში ბილანჩამ 17 ადამიანი მოკლა – 9 ქალი და 8 მამაკაცი. იგი 1998 წელს დააკავეს, 2000 წელს კი 13 სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ვადამდელი გათავისუფლების უფლების გარეშე და 20 წელი – მეძავის მკვლელობის მცდელობისთვის (მისი თავდასხმის ერთ-ერთი ობიექტი გადარჩა და შემდგომში ბილანჩას წინააღმდეგ ჩვენება მისცა).
„ლიგურიის ურჩხულმა“ ბოლო 22 წელი ციხეში გაატარა, თავიდან რამდენიმე წელი იგი გენუაში მარასის ციხეში იჯდა, შემდეგ კი პადუის ციხეში გადაიყვანეს.
ბილანჩა, როგორც ჩანს, მაინც იმედოვნებდა, რომ გამოსწორდებოდა და ციხიდან გამოუშვებდნენ. ციხეში მან საბუღალტრო საქმე ისწავლა, ბუღალტრის დიპლომი აიღო და სამეცნიერო ხარისხიც მიენიჭა კულტურული ტურიზმის დაგეგმვისა და მართვის სფეროში, თუმცა კორონავირუსმა მის იმედებს და გეგმებს წერტილი დაუსვა და 17 დეკემბერს იმქვეყნად გაისტუმრა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები