მედიცინამსოფლიო

კოვიდ-19 და „გაღუნული“ სამეცნიერო-ბიუროკრატიული სივრცე

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული ამჟამად მისისიპის შტატის დედაქალაქ ჯექსონის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორია. მისი ესეები და სტატიები პერიოდულად ქვეყნდება ქართულ და უცხოურ პრესაში.

nostal.ge ზურაბ გურულის სტატუსს, რომელიც COVID 19-ის ვაქცინის შექმნასა და აშშ-ში არსებულ სამეცნიერო-ბიუროკრატიულ სივრცეზე საუბრობს უცვლელად გთავაზობთ.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიამ ეს ბიუროკრატიული სივრცე „გაღუნა“.

„მიორელაქსანტს შეუშვებ ვენაში, ლარინგოსკოპს გახსნი და … ვერაფერს ხედავ პირის ღრუში… ყურებს გიბურღავს სატურაციის მონიტორის მკივანა ბაგაბუგი, რომლის ინტენსივობაც ნელ-ნელა მცირდება საკუთარი პულსის ზრდის პროპორციულად; პირი გიშრება. მთელი ძალით ჩაბღუჯავ ჟანგბადის ნიღაბს, მჭიდროდ მოარგებ პაციენტის სახეს, მაგრამ … ვერ აწოდებ საკმარის დოზას; იქნებ თავად ჩაისუნთქოს, მაგრამ კუნთები გათიშულია, არც შეგიძლია ამის შებრუნება, ანტიდოტი არა გაქვს…

მხოლოდ ანესთეზიოლოგს შეუძლია ამ კოშმარული წუთების სრული დრამატიზმით აღქმა…

2008 წელს ევროკავშირის სამედიცინო საზოგადოებამ მიიღო ანტიდოტი – სუგამადექსი, რომელსაც წამებში შეუძლია მიორელაქსაციის მოხსნა. ამერიკაში მოუთმენლად ველოდით ამ ახალი, საოცარი წამლის შემოსვლას. ჯერ კიდევ 2007 წელს, ევროპის წამლების საააგენტოს შესაბამისად, FDA-მაც მიიღო საბუთები მედიკამენტის მწარმოებელი კომპანიისაგან, მაგრამ ექსპერტთა პანელმა დაბლოკა ეს წამალი. მიზეზი ჩვეული იყო, – არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია. განმეორებითი მოთხოვნა შეტანილი იქნა 2012-ში, 2013-ში, 2014-ში … ისევ ბლოკი. არადა, უკვე 6 წელი გავიდა, რაც სუგამადექსი დიდი წარმატებით, უსაფრთხოდ გამოიყენებოდა ევროკავშირის ქვეყნების საოპერაციოში. და ბოლოს, 2015 წელს, როგორც იქნა, FDA დაკმაყოფილდა. მახსოვს ამერიკელი კოლეგების ბრაზიანი „ლოცვა-კურთხევა“ FDA-ს მისამართით იმ წლებში…

FDA – ეს ბებერი, ზანტი კუ; გამოიტანეთ დაწყევლილი ვაქცინა და გადაარჩინეთ სიცოცხლეები! – დაახლოებით ასეთი ტექსტი „დატვიტა“ 4 დეკემბერს პრეზიდენტმა ტრამპმა. საოპერაციოში, თავის ტელეფონზე მაჩვენა ეს „ტვიტი“ ჩემმა კოლეგამ და ორივეს გაგვეცინა. მერე სუგამადექსი გავიხსენეთ…

სიფრთხილე და სისწრაფე, ორი, ხშირად და ძირითადად ერთმანეთს დაპირისპირებული პარადიგმა, რომელთა ჰარმონიული თანხვედრის გარეშე გამორიცხულია წარმატება, ფრიად დეფიციტური მოვლენა გახდა თანამედროვე დემოკრატიის ბიუროკრატიულ სამყაროში. კანონები, რეგულაციები, გეომეტრიული პროგრესიით მზარდი იურიდიული ბარიერები ორლესული იარაღი გამოდგა. ეს ყველაფერი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დასაცავადაა შექმნილი, მაგრამ კატასტროფულად მოუქნელს ხდის სახელმწიფო სისტემებს ისეთ მომენტებში, როდესაც მოვლენებზე დაუყოვნებლივ რეაგირებაა საჭირო.

ოპერაცია „ვარფ სპიიდი“, აიზეკ აზიმოვის ფანტაზიებიდან და „ვარსკვლავური ომების“ სცენარებიდან გადმოსული ტერმინი; არამიწიერი, სინათლის სიჩქარეზე აღმატებული სისწრაფის აღმნიშვნელი, რომლის მიღება მხოლოდ დრეკადი სივრცის გაღუნვით შეიძლება. ეს სახელი მიიღო კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის ამერიკულმა კამპანიამ. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ასეთი, არაბუნებრივი სისწრაფით მოხდა ვაქცინის შექმნა და დამტკიცება. დაახლოებით წარმომიდგენია, რას ფიქრობდა FDA-ს დირექტორი სტივენ ჰანი, როდესაც პრეზიდენტის „ტვიტი“ წაიკითხა.

„ამ ვაქცინის დამტკიცება ქმნის პარადიგმას ვაქცინების განვითარებაში, ამტკიცებს, რომ სწრაფსა და მოქნილ ტექნოლოგიებს, დაწყვილებულთ ფარმაკოლოგიური კომპანიების და სახელმწიფოს ფოკუსირებულ აზროვნებასთან, 11 თვის განმავლობაში შეუძლიათ შექმნან ის, რასაც ჩვეულებრივ წლები სჭირდება. და ეს წარმოადგენს იშვიათ ტრიუმფს ტრამპის ადმინისტრაციისათვის“, – ეს ტექსტი „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიიდან არის ამოღებული. გამიკვირდა. გამიკვირდა იმიტომ, რომ პარალელურად მეორე, პარადოქსული კამპანია მიმდინარეობს, რომელიც იმავე ადმინისტრაციას მეცნიერებისადმი უპატივცემულობაში სდებს ბრალს.

მესამეც, ე.წ. თავისმართლების კამპანიაც, სადაც FDA-ს ბიუროკრატია ხაზგასმით ამტკიცებს, რომ ამ უჩვეულო სისწრაფეს სრულიადაც არ დაურღვევია სამეცნიერო იურისპრუდენციისა და კლასიკური სამეცნიერო კვლევების სტანდარტები და ჩარჩოები.

პანდემიასთან ბრძოლის ჩინური წარმატება ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მილიარდნახევრიანმა ქვეყანამ, რომელმაც პირველად განიცადა მიკროსამყაროს გამანადგურებელი დარტყმა, მხოლოდ 4 600 ადამიანი დაკარგა, 350-მილიონიანმა ამერიკამ კი – 300 000. სადღაც მაინც გაგკრავს „მკრეხელური“ აზრი, რომ ავტორიტარული რეჟიმი იქ ერთგვარი უპირატესობა გამოდგა დემოკრატიასთან მიმართებაში. დინჯი, გონიერი ადამიანი ამ აზრს ფრთხილად შეინახავს თავისთვის, სულსწრაფს წასცდება და იზარალებს. ვიცით, ვინც იზარალა; თუმცა, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, პოლიტიკურმა ოპონენტებმა ობიექტურად აღნიშნეს პანდემიის საწინააღმდეგო იარაღის შექმნაში მისი წვლილი.

– კოვიდის შემდგომი მსოფლიო სხვანაირი იქნებაო, – თქვა ბილ გეიტსმა. ნამდვილად.
ალბათ ამ ასპექტითაც; ამერიკული სამედიცინო ბიუროკრატიული სისტემის ბებერი, ზანტი სივრცეც „გაღუნა“ ვირუსმა. მუდმივად თუ დროებით? … ვნახოთ…“ – წერს ზურაბ გურული.

კოვიდ-19 და „გაღუნული“ სამეცნიერო-ბიუროკრატიული…

Posted by Zurab Guruli on პარასკევი, 11 დეკემბერი, 2020

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close