„ეს დიდებული რელიკვია დაკარგულად ითვლებოდა და ახლა მოულოდნელად და სასწაულებრივად გამოჩნდა“
ქაშვეთის წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარს თავისი კუთვნილი 1751 წლის ჯვარი დაუბრუნდა. ამის შესახებ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის თეოლოგიის მაგისტრანტი ბესიკ გამყრელიძე სოციალურ ქსელში ფოტოსა და ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ეს საინტერესოა!
დაახლოებით თვე-ნახევრის წინ ქალბატონმა ნანა დევდარიანმა, რომელიც ბრძანდება კათოლიკოს-პატრიარქ დავით მეხუთის (დევდარიანი) შვილიშვილი, მეტად ღირებული და მნიშვნელოვანი ნივთი აღმოაჩინა.
ქალბატონმა ნანამ, ერთ ჩვეულებრივ და არაფრით გამორჩეულ დღეს, ვერცხლეულის გადამყიდველთან სხვადასხვა ნივთის თვალიერებისას, სრულიად მოულოდნელად შენიშნა მომცრო ზომის ჯვარი, რომელიც გადამყიდველს ცალკე ჰქონდა შენახული, როგორც აღმოჩნდა, ეს ჯვარი იყო ზომით დიდი ჯვრის ერთი ფრთა (ჯვრით დაბოლოებული ფრთა) და წარმოადგენდა ერთი მთლიანობის მხოლოდ მცირე ნაწილს.
ქალბატონი ნანა ამ ნივთით დაინტერესდა და როდესაც იგი ახლოდან დაათვალიერა, 1751 წლით დათარიღებული წარწერა აღმოაჩინა. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა ეს ნივთი გამოესყიდა და საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლის, ბატონი დავით თარხან-მოურავის ფინანსური მხარდაჭერით ნივთი გამოისყიდა.
როდესაც ეს ჯვარი ვნახე, გაოგნებული დავრჩი და ჩემს აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა.
ჯვრის დაბოლოებაზე არსებული წარწერა გაშიფრულია და შემდეგი შინაარსის გახლავთ: „ქ:ესე: ჯვარი ათანასე ტფილელის დროს, შევწირე მე მღვდლის პეტრეს დედამ, ვარდუა მონაზონმა ქვაშვეთის წმინდა გიორგისა სულისა ჩემისა შესანდობელად. ვინც ესე ჯვარი გიორგის გამოსწიროს, ქრისტეს სამართალში გამცემს პასუხს. 1751 წლის 10 მარტი“.
წარწერაში მოხსენიებული ათანასე ტფილელი თბილელი მიტროპოლიტი ათანასე ამილახვარია, მღვდელი პეტრე კი გვარად არჯევანიძე იყო. თავად შემწირველის ვინაობა წარწერიდანაც კარგად გასაგები გახლავთ.
არქივში, ქაშვეთის დავთრებსა და სამუზეუმო კატალოგებში მოძიების შემდეგ გაირკვა, რომ თურმე ეს ნივთი გახლდათ ქაშვეთის ტაძრის სალიტანიო (საწინამძღვარო) ჯვარი, რომელსაც აბრეშუმით დამშვენებული ხის ტარი ჰქონდა. ამავე დანიშნულების ჯვარი სიონის ტაძარში დღესაც არის დამაგრებული ამბიონზე და მას იყენებენ ტაძარში კათალიკოსის მობრძანების ჟამს ან ლიტანიისას.
როგორც საბუთებმა ცხადყო, კონკრეტულად ეს ჯვარი ქაშვეთის ტაძრიდან მეოცე საუკუნის ოციან წლებში დაკარგულა და როდესაც ქაშვეთში კალისტრატე ცინცაძე ამავე ტაძრის წინამძღვრად დაბრუნებულა აწ უკვე მღვდელთმთავრის ხარისხით, მას ეს ჯვარი იქ აღარ დახვედრია. იმ დროიდან შეიძლება ითქვას, ეს დიდებული საეკლესიო რელიკვია დაკარგულად ითვლებოდა და ახლა მართლაც მოულოდნელად და სასწაულებრივად გამოჩნდა.
ჯვარი გარკვეული დროის მანძილზე ინახებოდა საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოში. მოგვიანებით, ამავე საკრებულოს წინამძღოლის, ბატონი დავით თარხან-მოურავის გადაწყვეტილებით, ამავე საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარემ, ბატონმა მალხაზ ამაშუკელმა (რომელიც სამუზეუმო საქმის დიდებული მცოდნეა) ეს ნივთი წარუდგინა ქაშვეთის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ მიქაელ ფოფხაძეს და ქაშვეთის ტაძრის სამღვდელოებას, შემდეგ კი ჯვარი გადაეცა ქაშვეთის ტაძარს.
გიორგობის დღესასწაულზე, 23 ნოემბერს, ბატონმა მალხაზ ამაშუკელმა და თავადაზნაურთა საკრებულოს სხვა წევრებმა – ბატონებმა: ლევან თარხან-მოურავმა, მამუკა ჯაყელმა და მეც, თქვენმა მონამორჩილმა, ერთობლივად გადავეცით ქაშვეთს კიოტი, რომელიც სპეციალურად ამ ჯვრისთვის დამზადდა და დიდებულად მოერგო მას. ამ დღეს ჩატარდა ლიტანიობა ქაშვეთის ტაძრის ირგვლივ, რომელსაც წინ მიუძღვოდა საუკუნის შემდეგ ქაშვეთში დაბრუნებული ეს რელიკვია.
აღნიშნული ჯვრის ავერსზე ჯვარცმული მაცხოვარია გამოსახული, ხოლო რევერსზე – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ჯვრის შუა ნაწილში არსებული სფეროზე კი ამოტვიფრულია ქერუბიმები და მათი ფრთები.
ალბათ პანდემიური ვითარების გამო არ მოხდა ამ ფაქტის ფართო საზოგადოებისთვის მიწოდება, თუმცა, ჩემი აზრით, საჭიროა ყველამ იცოდეს, თუ რა დიდებული ნივთი დაუბრუნდა დედაეკლესიის წიაღს ამ რთულ და ჟამიანობის დროს.
გარდა ამისა, როგორც ვიცი, სხვა ადამიანებმა სრულიად შემთხვევით აღმოჩინეს ქაშვეთის ტაძრიდან ასევე საბჭოთა პერიოდში გატანილი ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ვერცხლის პერანგით შეამკეს და ქაშვეთს დაუბრუნეს.
ჯვრისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ძალა და მადლი გფარავდეთ და გაძლიერებდეთ ამ დიდი განსაცდელის ჟამს. ფოტო, რომელიც პოსტს ახლავს, ქაშვეთში დაბრუნებამდე გადავიღე, კიოტში ჩაბრძანებული ბევრად უკეთ გამოიყურება“, – წერს ბესიკ გამყრელიძე.
progressnews.press
კომენტარები