უამინდობა იტალიაში: ბიტიში 3 ადამიანი დაიღუპა, ერთი დაკარგულად ითვლება (ვიდეო)
წყალდიდობის შედეგად იტალიურ კუნძულ სარდინიაზე, ქალაქ ნუოროდან 20 კმ-ის დაშორებით მდებარე ერთ-ერთ კომუნაში, ბიტიში 3 ადამიანი დაიღუპა. ერთი 55 წლის მამაკაცი თავისი მანქანით სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მეწყერსა და მოვარდნილ წყალში მოყვა. ინფორმაციას მედია ავრცელებს.
მეორე მსხვერპლი – 90 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი, სარდაფში, მესამე დაღუპული 89 წლის ქალია, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა. ამ დროისთვის კიდევ ერთ დაკარგულ ადამიანს ეძებენ.
ქალაქი, რომელიც 2013 წლის 18 ნოემბერსაც დაზარალდა წყალდიდობისგან (მაშინ სიცილიაზე 19 ადამიანი დაიღუპა ციკლონ კლეოპატრას გამო, ბიტიში ერთი ფერმერი, რომელიც მოვარდნილმა წყალმა გაიტაცა, დღემდე ვერ იპოვეს), რამდენიმე საათის განმავლობაში იზოლირებული იყო.
Maltempo a Bitti, Sardegna. pic.twitter.com/HSodQqWopa
— angelo pes (@angelo2609) November 28, 2020
რამდენიმე საათის განმავლობაში ქალაქი ელექტროენერგიის და სატელეფონო კავშირის გარეშე იყო, გარესამყაროსგან მთლიანად მოწყვეტილი. Enel-ის ტექნიკურმა სპეციალისტმა შეძლეს ჩამოწოლილი მეწყრის გადალახვა, შეაღწიეს ქალაქში და აღადგინეს დაზიანებული ელექტრო და მობილური კავშირის სისტემები.
ქალაქის მერი ჯუზეპე ჩიკოლინი სამოქალაქო დაცვის ძალებთან, მაშველებთან, ვოლონტიორებსა და პოლიციასთან ერთად ადგილზე იმყოფება და სამაშველო სამუშაოებს ხელმძღვანელობს. მან სოციალური ქსელით მოუწოდა თანამოქალაქეებს, თავი შეიკავონ სახლიდან გამოსვლისა და გადაადგილებისგან.
სამოქალაქო დაცვის სამსახურის სიგნალის თანახმად, რომელიც წინა დღეს გამოცხადდა, 28 ნოემბერს ღამით სარდინიას თავსხმა წვიმა და შტორმული ქარი დაატყდა. კალიარიში და მის შიდა რაიონებს სეტყვამ და ძლიერმა ქარმა სიროკომ გადაუარა. პოეტოში ზღვის შტორმის შედეგად სანაპირო დაიტბორა.
ანალოგიური სიტუაციაა ლა მადალენას პლაჟზე, კაპოტერის მუნიციპალიტეტში. რამდენიმე სანაპირო ნავსადგურში მეთევზეების ნავები წყალმა დაფარა.
ნარინჯისფერი საფრთხის განგაშია გამოცხადებული სიცილიაზე და კალაბრიაში.
სიცილიის სამოქალაქო დაცვის სამსახურმა გაავრცელა შეტყობინება, რომ 28 ნოემბერს დილიდან, 24-30 საათის განმავლობაში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ძლიერი, შტორმული ქარი და ჭექა-ქუხილი მთელ კუნძულზე, განსაკუთრებით სამხრეთ და იონიის ზღვის სექტორებში.
ნინო ხოშტარია
კომენტარები