ჯანმრთელობა

შავი ცირცელი: სასარგებლო თვისებები და რეცეპტები

მას მეორენაირად არონიასაც უწოდებენ. შავი ცირცელი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო კულტურაა, რომელიც ჩვენს ბაღებში იზრდება. მისგან დამზადებული პროდუქტები არა მხოლოდ გემრიელია, არამედ ძალიან სასარგებლოც, მთავარია მათი სწორად მომზადება. ახლახან მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის კორონავირუსის პრევენციის საკმაოდ ეფექტიანი საშუალებაა. 

ჯიშები

შავი ცირცელის სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა. ბევრ ქვეყანაში  მას კარგა ხანს, როგორც ეფექტურ დეკორატიული მცენარეს, ისე იყენებდნენ. მხოლოდ 50-იანი წლების დასაწყისში დაიწყო ამ კულტურის გამოზრდა საკვები მიზნით. არონიას კენკრა გამოიყენება როგორც ახალდაკრეფილი, ისე გამხმარი, გაყინული და დაკონსერვებული სახით.

დღევანდელი, ფართოდ გავრცელებული შავი ცირცელი მიჩურინის მიერ სელექციის გზითაა გამოყვანილი დეკორატიული არონიის სახეობისგან, რომელიც, ძირითადად, სარეველის სახით იზრდება ჩრდილოეთ ამერიკაში მდინარეებისა და ტბების სანაპიროებზე და დამყნილია მის მსგავს კულტურებზე (შესაძლოა, წითელ ცირცელზეც). შემდგომში ამ ახალ სახეობას მისი შემქმნელის სახელი მიენიჭა – მიჩურინის არონია.

არსებობს არონიის უამრავი ჯიში, რომლებიც გარეგნულად ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და მხოლოდ გემოთი, ნაყოფის დამწიფების დროით და სხვა გემოვნური თვისებებით განსხვავდებიან.

არონიის თვისებების გაუმჯობესებაზე მრავალი ქვეყნის სელექციონერები მუშაობდნენ: დანიელებმა გამოიყვანეს ჯიში – „არონი“, ფინელებმა მოგვცეს ისეთი ჯიშები, როგორიცაა „ჰაკია“, „ვიკინგი“, „ბელდერი“, „ქარხუმაკი“, პოლონელებმა ეს სია გაამდიდრეს ჯიშებით – „კუტნო“, „დაბროვიცე“, „ეგერტა“, „ნოვა ვესი“. ამათ გარდა კიდევ მრავალი შერეული ჯიში არსებობს. თუ გსურთ შავი ცირცელის მოშენება, უმჯობესია ადგილობრივი სანერგე მეურნეობის ჯიშები აირჩიოთ, ისინი ყველაზე მეტად მოერგებიან თქვენი კლიმატური ზონის პირობებს.

მოშენება

ეს მცენარე სწრაფად იზრდება და 3 წლის ასაკიდან მსხმოიარობს. ნაყოფი მწიფდება აგვისტოს შუა რიცხვებიდან სექტემბრამდე.

არონია გამოიყენება ცოცხალ ღობედ, ამ მცენარით ამაგრებენ ხევებს, ის შეიძლება მოვაშენოთ, როგორც ჟოლო – რიგებში, მაგრამ ბაღებში ცალკეული ნიმუშებიც მშვენივრად გამოიყურება.

შავი ცირცელი ნაკლებმოთხოვნადია ნიადაგის მიმართ, იზრდება მშრალ ქვიშიან ნიადაგზე, მაგრამ მჟავე ნიადაგსაც უძლებს. მას ასევე მოსწონს ტენიანი თიხნარი ნიადაგები, მაგრამ არა – მძიმე. მცენარე კარგ განათებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ცუდად ყვავილობს და მცირე რაოდენობით ნაყოფს იძლევა.

კენკროვანი მცენარეების უმეტესობის მსგავსად, უმჯობესია ცირცელი შემოდგომაზე დარგოთ, მაგრამ თუ მას ადრე გაზაფხულზე, კვირტის გაშლამდე დარგავთ, მაშინაც იხარებს. მისი ფესვთა სისტემა ნიადაგის ზედაპირიდან 50 სმ სიღრმეზე მდებარეობს, ამიტომ მიწისქვეშა წყლების ახლო მდებარეობა მცენარისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

მიჩურინის არონია მინუს ორმოც გრადუსამდე ყინვას უძლებს.

სასარგებლო თვისებები

მასში შემავალი ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობით არონია არაფრით ჩამოუვარდება მის ბიძაშვილს – წითელ ცირცელს (ჭნავს), ხოლო გემოვნური თვისებებით აღემატება კიდეც მას.

არონიის კენკრა შეიცავს ბეტა-კაროტინს და ვიტამინებს: B1, B2, B6, E, P, C და K, ასევე, მდიდარია გლუკოზით, ფრუქტოზით, საქაროზით, პექტინებით და ტანინებით, ისეთი მაკრო- და მიკროელემენტებით, როგორიცაა: ბორი, ფტორი, რკინა, მოლიბდენი, სპილენძი და მანგანუმი.

მისი კენკრა და ფოთლები ხალხურ მედიცინაში გამოიყენება შემდეგი დანიშნულებით:

  • კუჭ-ნაწლავის მუშაობის ნორმალიზაციისთვის და სისხლში ქოლესტერინის დონის დასაწევად;
  • ადამიანის ორგანიზმიდან ზოგიერთი რადიოაქტიური ნივთიერებისა და მძიმე მეტალების გამოსადევნად;
  • ღვიძლის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად;
  • როგორც ნაღველმდენი საშუალება;
  • იმუნიტეტის ასამაღლებლად;
  • არტერიული წნევის ნორმალიზაციისთვის;
  • ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების დროს;
  • მხედველობის გასაუმჯობესებლად;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაძლიერებლად;
  • ახალი ნაყოფის მოხმარება კარგ ზეგავლენას ახდენს ანემიისა და ავიტამინოზის დროს;
  • ავთვისებიანი სიმსივნის კიბოს საწინააღმდეგოდ;
  • კუჭის წვენის მჟავიანობის გასაზრდელად;
  • ათეროსკლეროზის დროს;
  • რევმატიზმის პროფილაქტიკისთვის.

ყურადღება! ისევე, როგორც ბევრ სხვა მცენარეს, რომელიც ხალხურ მედიცინაში გამოიყენება, შავ ცირცელსაც თავისი უკუჩვენებები აქვს. მისი გამოყენება არაა მიზანშეწონილი, თუ ადამიანს აწუხებს:

  • თრომბოფლებიტი და სისხლის შედედების მაღალი დონე;
  • იშემიური დაავადებები;
  • გასტრიტი;
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;
  • ვენების ვარიკოზული გაფართოება.

მოკრეფა და შენახვა

შავი ცირცელის კენკრა რაც შეიძლება დიდხანს რომ შეინახოთ, ისინი აბსოლუტურად მშრალი უნდა იყოს. ამიტომ მისი დაკრეფა საჭიროა მზიან დღეს, როდესაც ნამი უკვე აღარაა. არონიის შენახვის რამდენიმე გზა არსებობს: ცოცხალი, გამხმარი ან გაყინული სახით.

 

მურაბა

საჭირ:

  • შავი ცირცელის კენკრა – 1 კგ
  • შაქარი – 1,5 კგ
  • წყალი – 500 მლ

მომზადების წესი:

  1. კენკრას მოაცილეთ ყუნწები, გარეცხეთ გამდინარე წყლით და დადეთ თუშფალანგზე.
  2. გაჩერეთ 5 წუთის განმავლობაში მდუღარე წყალში (ბლანშირება), შემდეგ დაუყოვნებლივ ჩაუშვით ცივ წყალში 30 წამის განმავლობაში და კვლავ წყლისგან დაწრიტეთ.
  3. წყლისა და შაქრისგან მოამზადეთ სიროფი და დაასხით კენკრას, მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 10-12 საათი.
  4. შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ მანამდე, სანამ თეფშზე დაწვეთებული სიროფი ფორმას არ შეინარჩუნებს.
  5. ცხელი მურაბა ჩაასხით სტერილურ ქილებში და თავსახური დაახურეთ.

გემოვნებით შეგიძლიათ დაუმატოთ დარიჩინი.

აჯიკა
საჭიროა:

  • შავი ცირცელის კენკრა – 2 კგ
  • შავი პილპილი და ბაჰარი – 5-5 მარცვალი
  • ცხარე წითელი წიწაკა – 2 ჩ.კ.
  • ნიორი – 2-3 თავი
  • ვაშლის ძმარი – 120 მლ
  • შაქარი – 250 გ
  • ხმელი სუნელი – 1 ს.კ.
  • მარილი – 4 ს.კ.
  • დარიჩინი – 1 ჩ.კ.

მომზადების წესი:

  1. არონია გარეცხეთ, გააშრეთ, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ნიორთან ერთად, დაამატეთ სანელებლები, შაქარი, ვაშლის ძმარი, აურიეთ ყველაფერი.
  2. აჯიკა გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 3 დღის განმავლობაში. შემდეგ მოათავსეთ სტერილურ ქილებში და მოხუფეთ.

ჩაროზი თაფლთან ერთად

შავი ცირცელისგან უამრავი რამ მზადდება, იქნება ეს სიროფი, კომპოტი, მორსი თუ სხვა რამ, მაგრამ თუ მისი შენახვა ცოცხლად გინდათ, არაფერია თაფლში შენახულ არონიაზე უკეთესი, ეს ტანდემი ჩემპიონია გემოთიც და ვიტამინების შემცველობითაც: ის აძლიერებს იმუნიტეტს, ამარაგებს ორგანიზმს იოდით, ამცირებს წნევას, იცავს და კურნავს გაციებისა და ვირუსებისგან.

თამარ ქავჟარაძე

მომზადებულია ინტერნეტმასალების მიხედვით

მსგავს თემაზე: მცენარე, რომელიც კორონავირუსის 97%-ს 5 წუთში სპობს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close