კაცი, რომელიც „ღიმილის ბიჭად“ დარჩა – თაზო თოლორაია
„თმის ღერით ვგრძნობ, გამომივიდა თუ არა როლი“
მისი სახით ერთი დიდი მოსიყვარულე გული დადიოდა თბილისის ქუჩებში… წელს (2020), 9 ნოემბერს ცნობილ ქართველ მსახიობს, თაზო (თამაზ) თოლორაიას 70 წელი შეუსრულდებოდა.
თაზო თოლორაიამ თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი სცენაზე გაატარა. მეცხრე კლასში სწავლობდა, რეჟისორმა გუგული მგელაძემ „ცისკრის ზარებში“ რომ გადაიღო. მისი გმირი კოსტაც სკოლის მოსწავლე იყო. წარმატებულ დებიუტს ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ფილმი -„ღიმილის ბიჭები“ (რეჟ. რეზო ჩხეიძე) მოჰყვა, რომლის გადაღებების დასრულებისას თაზო თოლორაია უკვე თეატრალური ინსტიტუტის პირველი კურსის სტუდენტი იყო. ჯერ კიდევ მეოთხე კურსზე სწავლობდა, როცა რეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ ნოდარ დუმბაძის „ნუ გეშინია, დედას“ მიხედვით რუსთავის თეატრში დადგმულ სპექტაკლში ავთო ჯაყელის როლი ათამაშა. როდესაც გაიგო, მიხეილ თუმანიშვილი თეატრალურ დასს აყალიბებსო, მაშინვე მასთან „გაიქცა“ და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე კინომსახიობთა თეატრის ერთგული დარჩა. პარალელურად კინოშიც იღებდნენ – ორმოცამდე ფილმშია გადაღებული, მათ შორის, სხვადასხვა საბჭოთა რესპუბლიკისა და „გდრფილმის“ კინოსურათებშიც.
თაზო თოლორაია თავს იღბლიან მსახიობად თვლიდა და მიაჩნდა, რომ „ნებისმიერი როლი, ეს არის ღვთის მიერ ბოძებული წარმატება ან წარუმატებლობა, „მსახიობის ხელოვნების“ საიდუმლო კი თავად მსახიობის ნიჭსა და შრომისმოყვარეობაშია“… სწორედ ნიჭისა და შრომისმოყვარეობის წყალობით მოიპოვა მან ხალხის უდიდესი სიყვარული. შეუძლებელია სასიამოვნო ემოცია არ დაგეუფლოთ, როდესაც მისი გმირების (თუნდაც „კუკარაჩაში“ ნათამაშევი საზამთროს გამყიდველი – თათარი ალი) უბრალოება და ძალდაუტანებელი ხიბლი გაგახსენდებათ. აუცილებლად შესანიშნავ ხასიათზე დადგებით და მსახიობის მოვალეობაც სხვა რაა, თუ არა მაყურებელში ემოციის გამოწვევა?! თუმცა თავად იუმორით ამბობდა, ერთი სასაცილო, გრძელცხვირა ბიჭი ვარო! საერთოდ, თვლიდა, რომ ადამიანმა იუმორი ყველგან და ყველაფერში უნდა მოიშველიოს, თორემ შეიძლება გაგიჟდეს.
ერთხელ, ქუჩაში მიმავალმა, ჩვეული რეაქცია შეამჩნია: შეხედეს, გაიცინეს, როგორც წესი, და ერთმანეთს გადაულაპარაკეს: ხომ იცი, ეს ვინც არისო? – ეგონა „ღიმილის ბიჭების“ გმირებს გაიხსენებდნენ, მაგრამ… კარგა ხნის წვალების შემდეგ, როგორც იქნა, „მიხვდნენ“, შეხედეთ, კიტრი მოდის, კიტრიო!.. ყველაფერ ამას საოცარი იუმორით ჰყვებოდა: საუბარიც ლაღი და გერგილიანი ჰქონდა – საზოგადოებაში, ჩვეულებრივ, მისგან ელოდნენ ხალისიანი ატმოსფეროს შექმნას და არც თუ უსაფუძვლოდ…
თეატრი, როგორც სახლი
ბავშვობიდან თეატრში იზრდებოდა (მშობლები: თამარ სხირტლაძე და კოტე თოლორაია – მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები) და თეატრალური სამყარო მისთვის ერთდროულად რეალურიც იყო და გამოგონილიც. ალბათ ამიტომაც, მსახიობობაზე არასოდეს უოცნებია, უბრალოდ, სისხლში ჰქონდა გამჯდარი, რომ თეატრი მისი სახლია.
„ფეხის ადგმამდე თეატრში ვიყავი და გამოვიდოდა ჩემგან მსახიობი, აბა, რა! სულ პატარა, საფენებში გახვეული დავყავდი დედას სამსახურში, გარდერობის კოსტიუმების შესანახ სკივრში მაძინებდა ხოლმე. ცოტა რომ წამოვიზარდე, კულისებში გადმოვინაცვლე. ისეთი მსახიობების ხელში ვარ გაზრდილი, როგორებიც იყვნენ: სესილია თაყაიშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, გიორგი შავგულიძე, შალვა ღამბაშიძე… მოკლედ, თეატრმა გამზარდა! მსახიობის გარდა, ალბათ, სხვა არც არაფერი გამოვიდოდა ჩემგან… მაგრამ იმ ფაქტმა, რომ კარგად ვიცოდი, რა იყო თეატრალური ცხოვრება, მისი შინაგანაწესი, სტრუქტურა, საგნები… – თითქოს რაღაც უკურეაქცია მოახდინა ჩემში: მსახიობობა არ მინდოდა. ცოტა ფრანგული ენა მეხერხებოდა (23-ე სკოლაში ფრანგულს მეორე კლასიდან გვასწავლიდნენ) და უცხო ენათა ინსტიტუტში ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას, მაგრამ ეს პერიოდი „ღიმილის ბიჭების“ გადაღებებს დაემთხვა, გამოცდებისთვის მომზადებას ვერ ვახერხებდი, თან ჯარიც მიწევდა. რა მექნა, ავდექი და სპონტანურად ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში. პარალელურად კინოშიც მიღებდნენ, ოჯახშიც სულ თეატრზე იყო ლაპარაკი და თანდათან შევატყვე ჩემს თავს, რომ მსახიობობის გარდა არც არაფერი ვიცი და არც არაფერი შემიძლია. კინოს გარეშე ცხოვრება წარმოვიდგინე, რადგან უკვე რამდენიმე წელია კინოში არ მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ რაც შეეხება თეატრს, მის გარეშე ცხოვრება ნამდვილად ვერ წარმომიდგენია, თეატრი ჩემი მეორე ოჯახია…“ – მითხრა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს თაზო თოლორაიამ. პრინციპში, მას პოპულარობა კინოში გადაღებებმა მოუტანა.
„არასოდეს დამავიწყდება სიხარულის ის განცდა, როცა როლზე პირველად დამამტკიცეს. მახსოვს, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები მოსკოვის გასტროლებიდან ბრუნდებოდნენ. მშობლებს მეც თან ვახლდი. მატარებელი თბილისის სადგურში რომ შემოვიდა, ბაქანზე ბატონი გუგული მგელაძის თანაშემწე დავინახე და გულმა მიგრძნო, რომ ტყუილუბრალოდ არ იქნებოდა მოსული. არც შევმცდარვარ: ვაგონში ამოსულმა რიმა კარსანიძემ, პირველ რიგში, ეს თქვა: როლზე დამტკიცებულიაო.
ფილმს ყაზბეგში ვიღებდით, გადაღების პირველ დღეს სიხარულით ღრუბლებში დავფრინავდი და შემდეგაც, სხვა ფილმებზე მუშაობისას არაერთი სასიამოვნო წუთი განმიცდია, მაგრამ, ჩემი აზრით, ჭეშმარიტი ხელოვნება მაინც თეატრშია. წარმოიდგინეთ, ერთ საღამოში უნდა გადასხვაფერდე და სხვა ადამიანი ითამაშო. ეს კი რთულიც არის და საინტერესოც. თუ ნიჭი არ გაქვს, არაფერი გამოგივა, მაგრამ ისეთი შეყვარება იცის ამ პროფესიამ, თავის დანებება ჭირს. თეატრი რაღაც სხვა, ცხოვრებისგან მოწყვეტილი სამყაროა…
ზოგჯერ მიჭირს ხოლმე ამ განსხვავებული სამყაროდან რეალობაში დაბრუნება. მაგალითად, გავსულვარ ქუჩაში და იმდენად ვყოფილვარ ჩართული ჩესმ როლში (გზაშიც იმაზე ვფიქრობ, სცენაზე რა გავაკეთო), რომ დამვიწყებია სად მივდიოდი და აზრზე რომ მოვსულვარ, უკვე დიდი ხნის გაცდენილი ვყოფილვარ იმ ადგილს, მაგრამ ამას განგებ არ ვაკეთებ, თვითონ მივყავარ ამ გზაზე თეატრალურ ცხოვრებას.
მახსოვს, ერთხელ ტაქსის შოფერი მეკითხება: შენ ხომ არტისტი ხარო? კი-მეთქი – ვუპასუხე. თქვენ, არტისტები, ყოველთვის კარგ ხასიათზე ხართ, არაო? სიტყვით გამოსულხათ-მეთქი ოდესმე? – ვკითხე. კი, ერთხელ „ატეკაში“ გამოვედიო. ოდნავ მაინც არ გიღელვია-მეთქი? როგორ არა, კინაღამ მოვკვდიო. აბა, წარმოიდგინე, ჩვენ, არტისტები, სიტყვით კი არ გამოვდივართ, სხვა ადამიანებს ვთამაშობთ-მეთქი. მართალი ხარო, – დამეთანხმა… რთულია მსახიობის პროფესია, რთული, მაგრამ ძალიან საყვარელი…
არის როლები, როცა სცენაზე გასვლის წინ ნაკლები სანერვიულო გაქვს და არის როლები, როცა მართლა ძალიან ნერვიულობ. ყოფილა მომენტი, მიფიქრია, ახლა ავდგები და გავიპარები-მეთქი აქედან. მახსოვს, პირველად დიდ სცენაზე რომ უნდა გავსულიყავი (ეს იყო რუსთავის თეატრში, სპექტაკლში „ნუ გეშინია, დედა“), ისე მიკანკალებდა მუხლი, ვერაფრით ვიჩერებდი… ისე, საერთოდ, პიროვნებას გააჩნია, ზოგი ნაკლებად ღელავს, ზოგი – პირიქით. მაგალითად, ცნობილი ფაქტია, რომ სესილია თაყაიშვილს ძალიან ეშინოდა სცენაზე გასვლის, ვერიკო ანჯაფარიძემ კი თავის იუბილეზე თქვა, ხანდახან პულსი მიჩერდება ხოლმეო.
მსახიობებმა ხშირად იციან ხოლმე თქმა, ჩემი ყველა როლი შვილივით მიყვარსო. ეს ტყუილია, არ შეიძლება ყველა როლი შვილებივით გიყვარდეს. შვილები ყველა ერთნაირად გიყვარს კაცს, როლი კი შვილი არ არის, როლი ღმერთის მიერ ბოძებული წარმატება ან წარუმატებლობაა, შეუძლებელია, ყველა როლი ისეთი გამოგივიდეს, როგორიც გინდა. არის როლები, რომლებსაც მე, მაგალითად, ვერ ვიტან, მიყვარს კი არა…მე-ზი-ზღე-ბა… იმ როლებს აღარ ვთამაშობ, მაგრამ… თუ მსახიობი თავის თავს აკონტროლებს, მან იცის, რომელი როლი არ გამოუვიდა, და როგორ შეიძლება უყვარდეს?!
როდესაც რეპეტიციაზე დავიგვიანებდი ან შემატყობდა, რომ რომელიმე როლზე გული ავიცრუე, ბატონი მიშა მეტყოდა ხოლმე, იმუშავე, თორემ შენს ცხვირს გამოიყენებენ კინოში და მერე გადაგაგდებენო. კინოში ჩემი გადაღება იმიტომ დაიწყეს, რომ ცოტა სასაცილო გარეგნობა მქონდა – გრძელი ცხვირი! მაგრამ ხომ არ შეიძლება მთელი ცხოვრება გრძელი ცხვირის გამო გაძლევდნენ როლებს?! შენი ინდივიდუალიზმი უნდა გამოიჩინო ამ პროფესიაში, ბევრი უნდა იმუშაო, თუ გინდა რაღაცას მიაღწიო…“
თაზო თოლორაიამ ეს შეძლო როგორც პროფესიის უდიდესი სიყვარულის, ისე განსაკუთრებული გარეგნობის წყალობით. დიდ სცენაზე განსახიერებული როლებიდან ავთო ჯაყელის როლი უყვარდა სპექტაკლში „ნუ გეშინია, დედა“, აგრეთვე, „ბენჟამენი“ სპექტაკლში „ვეფხვი“, ჯენარო – „ნეაპოლი – მილიონერთა ქალაქი“, ოთხმოცი წლის მოხუცებული „ბნელ ოთახში“ და სომეხი გეორგას როლი სპექტაკლში „ნუ მიგვატოვებ, მზეო“. კინოროლებიდან კი „კუკარაჩაში“ (რეჟ. ქეთი დოლიძე) საზამთროს გამყიდველი თათარი ალის როლს გამოყოფდა. „თმის ღერით ვგრძნობ, გამომივიდა თუ არა როლი“, – ამბობდა.
ინტერვიუ არქივიდან (შემოკლებული ვარიანტი; ჩაწერილია მსახიობის გარდაცვალებამდე – 2004 წ. – ორიოდე წლით ადრე)
თაზო თოლორაია: ცხოვრება რა არის ჩემთვის? აუ, ძნელი შეკითხვაა! ალბათ, მაინც თეატრი, ოჯახი, შვილები, შვილიშვილები… ჩემი მეუღლე, მარინა წულუკიძე ჩვენი თეატრის კონცერტმაისტერია, ლამაზი ქალია, ყველას ძალიან უკვირს, ამხელა ცხვირის პატრონს, როგორ გამოგყვაო.
როგორ გამოგყვათ?
მოვიტაცე… სადღაც მიდიოდა და შევთავაზე, მე წაგიყვან-მეთქი მანქანით. როცა ჩაჯდა, დავქოქე მანქანა და ზუგდიდში ჩავაქრე… უკვე ბაბუა ვარ და ამას რომ ვამბობ, ხალხს უკვირს, უცებ ვერ მოდიან აზრზე, რადგან ისევ „ღიმილის ბიჭების“ ასოციაცია აქვთ ჩემზე, არადა, ფილმის გადაღებიდან სამ ათეულ წელზე მეტი გავიდა.
საინტერესო მოგონებები გექნებათ…
უჰ, უამრავი… ამაზე ლაპარაკი რომ დავიწყო, მთელი დღე არ გვეყოფა, მთავარი ისაა, რომ ჩვენ, ხუთივე ბიჭი ისევ ვმეგობრობთ…
მეტსახელი თუ გქონიათ ოდესმე?
არასოდეს… და ძალიან მიკვირს. წესით, „ცხვირას“ უნდა მეძახდნენ, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, არავის დაუძახია.
რაიმე კომპლექსი თუ გიგრძნიათ, როგორც თავად ამბობთ, თქვენი გრძელი ცხვირის გამო?
არასოდეს, პირიქით, ყოველთვის ვამაყობდი. იცით, რამდენი საქმე გამიკეთებია ამ ცხვირით? სადაც ჩემი ცხვირი გამოვაჩინე, ყველგან მოგებული დავრჩი… თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალიან დასამახსოვრებელი გარეგნობა მაქვს და რუსეთშიც ისევე მცნობენ, როგორც საქართველოში… არავითარი კომპლექსი!
საუბარში მითხარით: „როლი – ეს არის ღმერთისგან ბოძებული წარმატება ან წარუმატებლობაო“… – ღმერთის არსებობის გჯერათ?
ვერ ვიტყვი, რომ სადღაც ღრუბლებზე ზის წვერებიანი კაცი – ღმერთი, მაგრამ რაღაც ძალა რომ არსებობს, ამის ნამდვილად მჯერა… შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ განმეორებებისაც მჯერა. ვფიქრობ, რომ ადამიანიც მეორდება, გარდაიცვლება და მერე სხვა გვარითა და სახელით იბადება, მაგრამ ის „ის“ არის… სულ არ არის გამორიცხული, რომ მე, მაგალითად, ლენინი ვიყავი (იცინის)… ან შეიძლება მედეა ვიყავი… ისე ვამბობ, სიტყვის მასალად…
გამოდის, ფიქრობთ, რომ შესაძლოა მამაკაციც ყოფილიყავით და ქალიც..
კი, რა თქმა უნდა. მე ვერ ავხსნი ყველაფერ ამას, მაგრამ მაინც მგონია, რომ ადამიანი კი კვდება, მაგრამ შემდეგ მისი სული ისევ მეორდება.
რომელ ეპოქაში იცხოვრებდით?
მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნის საქართველოში, ძალიან მაინტერესებს მაშინდელი ყოფა-ცხოვრება, თუმცა არანაკლებ საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ – წარმოიდგინეთ, ოცდამეერთე საუკუნეში, ელემენტარულად, შუქი და სითბო არა გაქვს კაცს! სირცხვილი არ არის?! ალბათ, ოდესმე რაღაც აუცილებლად შეიცვლება, მაგრამ ეს ფაქტი ხომ ფაქტად დარჩება…
თქვენი აზრით, რა არის მთავარი, ცხოვრებაში საკუთარი ადგილის პოვნაში რომ გეხმარება ადამიანს?
მთავარი სიყვარულია. შენი საქმის, ოჯახის, შვილის, მეგობრების, კოლექტივის სიყვარული. უსიყვარულოდ ცხოვრება შეუძლებელია. თუ ყველგან ყველაფერს სიყვარულით აკეთებ, ცხოვრებაც სასიამოვნო და გემრიელია…
თამარ ოთიაშვილი
კომენტარები