მსოფლიოპოლიტიკატექნოლოგიები

როგორ აპირებს კრემლი საკუთარი მოქალაქეების ტოტალურ კონტროლს „ჭკვიანი ქალაქის“ სისტემით

ტერმინი „ჭკვიანი ქალაქი“ ლამაზად ჟღერს, ხშირ შემთხვევაში ის აბსოლუტურად პოზიტიურ შინაარსსაც ატარებს, თუმცა არა იქ, სადაც „ჭკვიან“ მოწყობილობებს ადამიანების ტოტალური კონტროლისა და თავისუფლების შეზღუდვისთვის იყენებენ.

ამ კუთხით მსოფლიო ლიდერს – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას კიდევ ერთი სახელმწიფო უტოლდება, რომელიც საბჭოთა კავშირის ტრადიციებს თანამედროვეობაში ამკვიდრებს და პოლიტიკური დევნისთვის ადამიანების მოშორების არცერთ ხერხს არ თაკილობს.

ამჯერად, მედიაცენზურის, ინტერნეტკონტროლისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნის შემდეგ, კრემლმა კიდევ ერთი ნოუ ჰაუს გამოყენება დაიწყო. მოსკოვში აქტიურად იწყება „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფციის ამოქმედება. მოქალაქეების მონაცემებისა და გადაადგილების კონტროლისთვის მოსკოვის ხელისუფლება სულ უფრო მეტი ენერგიის და ფინანსების დახარჯვას გეგმავს. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ კრემლი, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეში, მაგალითს მოძმე კომუნისტური ჩინეთისგან იღებს.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ მალე რუსეთის დედაქალაქში არსებულ გაჩერებებზე სპეციალური მოწყობილობები გაჩნდება, რომლებიც მოსკოველების მობილური ტელეფონების მეშვეობით მგზავრთა ნაკადის შესახებ მონაცემებს შეკრებს. ჩინოვნიკები ამტკიცებენ, რომ ეს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ასამაღლებლად არის საჭირო, ხოლო სკეპტიკოსები ტოტალური კონტროლის გააქტიურებაზე საუბრობენ.

გავლენიანმა გერმანულმა გამოცემა DW-მ („დოიჩე ველე“) ექსპერტების მოსაზრებები მოისმინა. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ კოვიდინფექციის პანდემიამ რუსეთის ხელისუფლებას დიდი საჩუქარი გაუკეთა. მოსკოველებმა განსაკუთრებით კარანტინის დაწყების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების ტექნიკური შესაძლებლობების მაქსიმუმი „იგემეს“. უკვე აპრილიდან ინფიცირებული ადამიანები იძულებულნი იყვნენ „სოციალური მონიტორინგის“ ინტერნეტაპლიკაციაში აღრიცხვები ეწარმოებინათ.

ასევე, თვითიზოლაციის დამრღვევებს ქალაქის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა უთვალთვალებდა. პანდემიის მეორე ტალღის დაწყების შემდეგ კი ხელოვნური ინტელექტის არსებობა მოსკოვში უფრო საგრძნობი გახდა. ოქტომბრის შუა რიცხვებში მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა კერძო მეწარმეები აიძულა პორტალ Мос.ру-ზე იმ თანამშრომლების მონაცემები აეტვირთათ, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ. მოსკოვის მერია კომპანიებს აიძულებს, ამ ადამიანების ტელეფონის ნომრები, ავტომანქანების ნომრები, საკრედიტო ბარათების მონაცემები და სხვა პერსონალური ინფორმაცია წარადგინოს, რაც აბსოლუტურად შეუსაბამოა ამავე ქვეყნის სამართლებრივ ნორმებთან. ასევე, 19 ოქტომბრიდან ბარების და კლუბების მომხმარებლები QR კოდის მეშვეობით გადიან რეგისტრაციას, თუმცა ეს ყველაფერი არ არის.

გამოცემა „კომერსანტმა“ მიაკვლია საგზაო მოძრაობის ორგანიზების ცენტრის კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც, შემსრულებელმა ექვსი თვის განმავლობაში ავტობუსის გაჩერებებზე უნდა დაამონტაჟოს 220 აპარატულ-პროგრამული კომპლექსი. ეს კომპლექსები ავტობუსების გაჩერებებზე შეაგროვებს იმ მოწყობილობების mac-მისამართებს (უნიკალურ კოდებს), რომლებიც 50 მეტრის რადიუსში დაფიქსირდებიან და მათ მონაცემთა შენახვის ცენტრში გადასცემს, რომელსაც ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი მართავს. შემდეგ სისტემა ერთი დღის, კვირის, თვის და წლის მიხედვით ადამიანის გადაადგილების შესახებ ანგარიშებს შეადგენს.

რიგითი მოქალაქეები სოციალურ ქსელებში უკვე საუბრობენ უდიდესი რისკის შესახებ, რაც მოჰყვება იმ ფაქტს, რომ ნებისმიერი ადამიანის გადაადგილება კრემლის მესვეურების მიერ აბსოლუტურად კონტროლირებადი გახდება. ამავე დროს, DW წერს, რომ გასულ ზაფხულს ინტერნეტრესურსმა Роскомсвобода-მ გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსკოვის ვიდეომეთვალყურეობის კამერებიდან მიღებული მონაცემები შავ ბაზარზე თავისუფლად იყიდება, მათ შორის, პოლიციელების მიერაც. თუმცა, გარდა იმისა, რომ არსებობს პერსონალური მონაცემების გაჟონვის საფრთხე, დიდია იმის რისკი, რომ მოქალაქეების მონაცემების გამოყენებას თავად სახელმწიფო სისტემა თავისი ინტერესების სასარგებლოდ დაიწყებს.

პუტინი განსაკუთრებით უფრთხის უკმაყოფილო ადამიანების პროტესტს როგორც ქუჩებში, ისე სოციალურ ქსელებში. ამის შესაჩერებლად კი ტოტალური კონტროლი როგორც ინტერნეტში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში მისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ბერკეტია. მით უმეტეს, რომ ახლახან სლავი ძმების მიერ ბელარუსში გამართული მასობრივი გამოსვლები და უკმაყოფილო ადამიანების მიერ მოწყობილი აქციები ვლადიმირ პუტინისთვის „კარგ“ მაგალითს იძლევა. Роскомсвобода-ს პროექტის ერთ-ერთი დამფუძნებელი სარკის დარბინიანი დარწმუნებულია, რომ „ჭკვიანი ქალაქის“ სისტემის მონაცემები შესაძლებელია პოლიტიკური მოტივებით იქნას გამოყენებული. „ხელისუფლება მიიღებს ინფორმაციის უდიდეს მოცულობას მომხმარებლების ქცევის შესახებ. ეს მისცემს საშუალებას იმოქმედოს წერტილოვნად არალოიალურად განწყობილ მოქალაქეებთან“.

როგორც ვიცით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ტოტალური კონტროლი და თვალთვალი საოცარი მასშტაბებით არის წარმოდგენილი. ჯერ კიდევ 2018 წლისთვის იქ 1,4 მილიარდ მოსახლეზე 176 მილიონი გარე თვალთვალის კამერა იყო დამონტაჟებული. 2020 წელს კი მათი რიცხვი ბევრად მეტია და ამ პროგრამების დახმარებით სახელმწიფო ორგანოებს წამებში შეუძლიათ ნებისმიერი „უკმაყოფილო“ ადამიანის პოვნა ან მისი გადაადგილების გამოთვლა. ბუნებრივია, იმ ქვეყანაშიც, რომელიც საბჭოთა კავშირის ნანგრევებზე შეიქმნა, სადაც უკმაყოფილო ადამიანებს კომუნისტური გაზეთის დახევის გამოც კი სჯიდნენ და შვილებს მშობლებზე დაბეზღებას ასწავლიდნენ, „ჭკვიანი ქალაქის“ სისტემა მხოლოდ ადამიანების დასასჯელად იქნება გამოყენებული.

რევაზ ბაკურაძე

ghn.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close