პეტრა შუტერი, რომელიც ამ დრომდე ევროპარლამენტში საქმიანობდა „ევროპელი მწვანეების“ მანდატით, ბელგიის ვიცე-პრემიერი გახდება. მისი კანდიდატურა ქვეყნის ახალ მთავრობაში მიმდინარე კვირას წარადგინეს. ასე გახდა შუტერი პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც ბელგიის მთავრობაში მინისტრის პორტფელს ჩაიბარებს, თუმცა „პოლიტიკოს“ ცნობით, ბელგიურ პრესაში მის გენდერულ იდენტობაზე ყურადღება, პრაქტიკულად, არ გაუმახვილებიათ: განხილვის საგანი, უმთავრესად, მისი წარსული საქმიანობა და კომპეტენციაა.
როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, პეტრა შუტერი ყოველთვის გამოირჩეოდა ღიაობით თავის იდენტობასთან დაკავშირებით. ექიმად და გინეკოლოგიის პროფესორად საქმიანობისას, ყოველთვის იბრძოდა ქალთა და ლგბტ უფლებებისთვის, გენდერული თანასწორობისა და სექსუალურ რეპროდუქციასთან დაკავშირებული უფლებებისათვის. ასე იყო მისი მუშაობისას როგორც ბელგიის სენატში, ისე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და ევროპარლამენტში.გამოცემის თანახმად, პირველ რიგში, სწორედ მისი საქმიანობა და გამოცდილება იყო და არის დისკუსიის საგანი ადგილობრივ მედიაში.
„ის, რომ მედიის მიერ მისი ვიცე-პრემიერობის კანდიდატად წარდგენის გაშუქება ფოკუსირდებოდა მის საქმიანობაზე მისი ტრანსიდენტობის ნაცვლად, მიანიშნებს არა მხოლოდ მის შესანიშნავ პოლიტიკურ კარიერაზე, არამედ ამჟამინდელი ბელგიური პოლიტიკის პროგრესულ ბუნებაზე. რთული წარმოსადგენი არ არის, როგორ ცალსახად განსხვავებული იქნებოდა [პრესის] სათაურები სხვა ქვეყნებში – თუნდაც, სხვა ევროპულ ქვეყნებში“, – წერს „პოლიტიკო“.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, პეტრა შუტერის კანდიდატურა მნიშვნელოვან გზავნილად მიიჩნევა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების კუთხით უკუსვლის ფონზე. მათ შორისაა უნგრეთი, სადაც ახალი კანონმდებლობით, შეუძლებელი გახდა ტრანსგენდერი ადამიანების გენდერის სამართლებრივი აღიარება, პოლონეთში კი აიკრძალა საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო გეგმებში ლგბტ საკითხების შეტანა.
კომენტარები