პარადოქსული სტატისტიკური ფაქტი: სიკვდილიანობა შეკავების ეტაპის მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ ნაკლებია
პანდემია გვიტევს. საუბედუროდ, ბოლო დღე-ღამეში (28 სექტემბრის დილის მონაცემი – რედ.) კიდევ 3 გარდაცვლილი გვყავს.
რეალურად თუ შევხედავთ, ნამდვილი ეპიდემია სექტემბრის 10-იდან დაიწყო, როცა ყოველ მომდევნო დღე- ღამეში ფაქტობრივად ექსპონენტურად ხდებოდა ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა; 10-ში ინფიცირებულების რიცხვი გაგვეზარდა 57-ით, 11-ში – 87-ით, ხოლო 12-ში უკვე – 158-ით ანუ ზრდის ტემპიც სწრაფად გვეზრდებოდა; ეს რამდენიმე დღეა, ზრდამ დღე-ღამეში თითქმის 300-ს მიაღწია, მაგრამ მცირედით სანუგეშო ისაა, რომ ზრდის ტემპი დასტაბილურდა და აღარ მატულობს.
შეიძლება ითქვას, რომ 10 სექტემბრამდე საქართველოში ეპიდემია, ფაქტობრივად, შეკავებული იყო, რადგან 26 თებერვლიდან იმ დღემდე, როცა ნამდვილი შემოტევა დაიწყო, ე.ი. 6 თვეში (მარტიდან 10 სექტემბრის ჩათვლით) სულ გვყავდა 1 830 ინფიცირებული, რაც აშკარად არაფერს ნიშნავს თუნდაც იმასთან შედარებით, რაც მერე დაიწყო, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ქვეყნებზე: 10 სექტემბრიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობა 1830-დან უკვე 5552-მდე, ანუ 18 დღეში -3-ჯერ (!) გაგვეზარდა.
რაც შეეხება ყველაზე გამოუსწორებლად მტკივნეულს – გარდაცვლილთა ზრდას: სანამ ეპიდემიას ვაკავებდით ე. ი. 10 სექტემბრამდე, 1830 ინფიცირებულზე გვყავდა 19 გარდაცვლილი. დღეს, საუბედუროდ, უკვე 31 გვყავს. ანუ ინფიცირებულთა რაოდენობის სამჯერ გაზრდამ გარდაცვლილების რაოდენობაც, რაც გარდაუვალია, ასევე გაზარდა, მაგრამ გაცილებით უფრო ნაკლებად – 1,6-ჯერ.
თითქოსდა პარადოქსია, მაგრამ სტატისტიკური ფაქტია – ეპიდემიის შეკავების სტადიაზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო მაღალი გვქონდა: 1830-შემთხვევაზე – 19 გარდაცვლილი, რაც 1, 03%-ია, ხოლო დღეს – სიკვდილიანობის მაჩვენებელი – 0, 56%-ია, ანუ შეკავების ეტაპის მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ ნაკლები.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენი რეაგირება პანდემიაზე გამორჩეულად ადეკვატურია: როცა იგი ბევრად საშიში იყო (თუნდაც მხოლოდ იმიტომაც, რომ სტატისტიკურადაც – 2-ჯერ მეტ სიკვდილიანობის საფრთხეს ქმნიდა), ქვეყანამ მისი შეკავება მაქსიმალურად შეძლო. ხოლო როცა უკვე შეკავება შეუძლებელი აღმოჩნდა, საქართველომ მოახერხა ისე ემართა ეპიდემია, რომ მსხვერპლი რაც შეიძლება მინიმალური ყოფილიყო.
ცხადია, სტატისტიკა მხოლოდ რიცხვებია. ხოლო თითოეული ადამინის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ფასდაუდებელია – რიცხვებით არ იზომება. მიუხედავად ამისა, ქვეყანა მაინც ახერხებს და ამ ჭირს, რამდენადაც ეს შესაძლებელია,უმკლავდება.
ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ „არვის ძალუძს ხორციელსა განგებისა გარდავლენა“. უფალი გვფარავდეს!
p. s. გუშინ საღამოსთვის უკვე 32 გარდაცვლილი გვყავდა, ანუ 4 გარდაცვლილი – ერთ დღეში.
დღეს დილის მონაცემებით, გასულ 24 სთ-ში საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის, 225 – აჭარაში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2324-ს შეადგენს.
გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი. შესაბამისად, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 33-ს შეადგენს.
დღეს გარდაცვლილი პაციენტი 55 წლის ქალბატონია, რომელიც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 25 სექტემბრიდან მკურნალობდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. ინფიცირებულ ქალს ანამნეზში აღენიშნებოდა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკორონარული შუნტის არსებობა, მიტრალური და სამკარიანი სარქვლების ერთდროული დაზიანება, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, წითელი ქარი.
გუშინ საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კოვიდით გარდაცვალების ასაკის გაახალგაზრდავების ტენდენცია შეინიშნება.
კომენტარები