პოლიტიკასაქართველო

„ბოლომდე ვიბრძოლებთ, თუ სიკვდილი გვიწერია, არც ესაა დიდი ტრაგედია“ – 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 27 წელი შესრულდა

დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან და საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას გარდაცვალებიდან 27 წელი გავიდა. 1993 წლის 16 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“ 27 ივლისის სოჭის შეთანხმება დაარღვია და სოხუმის ასაღებად შტურმი დაიწყო.

სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აფხაზურ-რუსულმა, ჩრდილოკავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს, მათ ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი გურამ გაბისკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი და შემდეგ ყველა მათგანი დახვრიტეს. სოხუმის ბოლო დღის ამსახველ ვიდეოში ჩანს გურამ გაბისკირია, რომელიც ოკუპანტების მოთხოვნაზე „დაიჩოქე“ პასუხობს – „არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!“.

„არ ვიცი, სხვებს როგორ, მაგრამ მე მახსოვს ჟიული შარტავა, როგორც კომკავშირის ცეკას მდივანი.
და მახსოვს ერთი საოცარი რამ – იმ წლებში, როცა უკვე აღარავის არ სჯეროდა არც პარტიის და არც კომკავშირის, ამ ადამიანს ჰქონდა საოცარი ნიჭი, რომ მისი გჯეროდა. მას ჰქონდა საოცარი უნარი, რომ მაშინაც კი, როცა ლაპარაკობდა, როგორც პარტიული ფუნქციონერი, იგი არ იყო არც ერთი და არც მეორე… და შეეძლო, რომ ნებისმიერი მსმენენელის, ნებისმიერი ქართველის სულის სიმებს შეხებოდა… გჯეროდა მისი, გჯეროდა მისი გულწრფელობის და იმის, რომ ამ ადამიანს ქვეყნის სიყვარული ალაპარაკებდა და არა – პარტიის, არა – კარიერის, არა – სკამის…

ეტყობა, თავიდანვე გრძნობდა თავის ხვედრს… „ჟიული“ მეგრულად „ცად წასულს“, „ამაღლებულს“ ნიშნავსო…

მეოცე საუკუნის ბოლოს საქართველოში კომუნისტური პარტია უსაზღვროდ (და სამართლიანად) დისკრედიტებული იყო, ხოლო ეროვნული მოძრაობა – უსაზღვროდ პოპულარული. და მაინც, არ ვიცი, თქვენ როგორ, მაგრამ ასე მგონია, რომ ეროვნული მოძრაობის წიაღიდან გამოსულმა ამ პერიოდის ვერცერთმა ლიდერმა ვერ მოახერხა საქართველოსთვის ისე უანგაროდ ეერთგულა, ისე არაფერი მოეთხოვა ქვეყნისაგან და ისე შეგნებულად შეეწირა თავი ქვეყნის მომავლის სამსხვერპლოზე, როგორც ეს კომუნისტური პარტიის რიგებიდან გამოსულმა ჟიული შარტავამ შეძლო.

ჟიული შარტავა იყო და ყოველთვის იქნება საქართველოსთვის თავდადებულ გმირთა პლეადაში. და იმედი მაქვს, რომ როდესმე მისი სახელობის ქუჩა იქნება სოხუმშიც, სადაც ქართველები და აფხაზები ისევ ერთად, მშვიდად და ძმურად იცხოვრებენ, როგორც ამაზე ჟიული ოცნებობდა…“ – ასე იხსენებს ჟიული შარტავას  ანალიტიკოსი ზვიად კირტავა.

ჟიული შარტავა 1944 წლის 7 მარტს სენაკში დაიბადა. სწავლობდა სენაკის მეორე საშუალო სკოლაში. 1966 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. 1973 წელს სწავლობდა ასპირანტურაში ტექნიკური კიბერნეტიკის სპეციალობით. ეკავა კომკავშირული და პარტიული თანამდებობები თბილისსა და რუსთავში. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრი. 1989 წელს დაამთავრა სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

1992 წელს ჟიული შარტავა საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრად აირჩიეს, რუსთავის მაჟორიტარული ოლქიდან. აფხაზეთის ომის დროს, 1993 წლის ივნისში, შარტავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გენერალ-მაიორი შარტავა უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვას, რა დროსაც სეპარატისტისტებმა თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.

აფხაზეთის ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ ჟიული შარტავას გმირობის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იგონებდა: „მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჩემს სახელზე საპატრიარქოში უცნობი ავტორის წერილი მოვიდა. ავტორმა არ იცოდა, რომ პიროვნება, ვის შესახებაც წერდა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. რუსულად დაწერილ წერილში ეწერა: „ჩვენ არ ვიცოდით, ვის ვესროდით, მაგრამ ერთი კია, გამაოცა ამ კაცის შეუდრეკლობამ, უშიშრობამ, სიმამაცემ, სამშობლოს ამგვარმა სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე, რათა იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. და, თუ საქართველოს თუნდაც ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, იმ ქვეყანას გადაშენება არ უწერია“. ეს ბარათი მომწერა კაცმა, რომელიც მტრის ბანაკში იბრძოდა და ალბათ თვითონაც მონაწილეობდა შარტავასა და მისი მეგობრების წამებაში“.

წაუსვლელობა არ შეიძლება. სჯობს ამ ომს შევეწიროთ და მომავალი თაობა გადავარჩინოთ. ჩვენი თაობა ისედაც ვალშია მათ წინაშე“… „ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, რომ ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი“, – ეს იმ სიტყვების ჩამონათვალია, რომლებიც ჟიული შარტავას სიკვდილამდე დღეებით ადრე უთქვამს.

ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს, უმეტესად, ქართული ეროვნების ადამიანებს მოუწიათ. საომარი მოქმედებებ ქართული მხრიდან 10 ათასამდე ადამიანი შეეწირა, ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა.

2004 წელს ჟიული შარტავას პირველს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. იგი ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში.

სოხუმის ბოლო ქართველ მერს, გურამ გაბისკირიას ეროვნული გმირის წოდება 2017 წელს მიენიჭა. დაკრძალულია თბილისში, დიღმის ძმათა სასაფლაოზე.

progressnews.press

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close