იტალიაპოლიტიკა

ბერლუსკონი საავადმყოფოდან გაწერეს – პირველი ტესტის პასუხი უარყოფითია

ყოფილმა პრემიერმა კოვიდით დაავადებას ცხოვრებაში ყველაზე მძიმე გამოცდა უწოდა

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი, პარტია „წინ, იტალიას („ფორცა იტალია“) დამფუძნებელი სილვიო ბერლუსკონი, რომელიც კოვიდ-19-ის გართულების – ორმხრივი პნევმონიის გამო საავადმყოფოში იმყოფებოდა, ორშაბათს სახლში გაწერეს. ამის შესახებ ANSA წერს.

გაწერამდე მილანის სან-რაფაელეს საავადმყოფოში ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. ახლა ბერლუსკონი რამდენიმე დღე სახლში იქნება თვითიზოლაციაში, სანამ მეორე ტესტის უარყოფით პასუხსაც არ მიიღებს.

ბერლუსკონის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ 2 სექტემბერს გახდა ცნობილი, 3 სექტემბრის ღამეს მისი მდგომარეობა გაუარესდა და 83 წლის პოლიტიკოსი (29 სექტემბერს 84-ის ხდება) მილანის საავადმყოფოში გადაიყვანეს ორმხრივი პნევმონიით.

IRCCS  სან რაფაელეს საავადმყოფოს ზოგადი და გულ-სისხლძარღვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელმა ალბერტო ძანგრილომ განაცხადა, რომ სილვიო ბერლუსკონის მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა გართულებები რომ გამოერიცხათ, რადგან ბერლუსკონი ასაკის და ქრონიკული დაავადებების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნებოდა, მისი საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყვიტეს. ძანგრილოს განცხადებით, მარტ-აპრილში რომ მომხდარიყო ეს ფაქტი, პაციენტი შესაძლოა ვერც გადაერჩინათ, რადგან ამ კონცენტრაციით ვირუსი 10 საათის შემდეგ უკვე დიდ საფრთხეს შეუქმნიდა ბერლუსკონის ჯანმრთელობას.

თავად პოლიტიკოსმა დაავადებას თავის სიცოცხლეში ყველაზე მძიმე გამოცდა უწოდა და ყველას მოუწოდა, პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ თავს და ახლობლებს. „კორიერე დელა სერასთვის“ 16 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ სან რაფაელეში პირველი სამი დღე ექიმებს ეჭვი ეპარებოდათ, რომ იგი დაავადების დამარცხებას შეძლებდა.

როგორც ცნობილია, ბერლუსკონის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირება მის მეგობარ ქალს, 30 წლის მარტა ფაშინას და შვილებს – 54 წლის მარინას, 36 წლის ბარბარას და 31 წლის ლუიჯისაც დაუდასტურდათ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close