ვიდეოიტალიასაზოგადოება

ნიღბები და ერთადგილიანი მერხები – იტალიაში სასწავლო წელი დაიწყო (ვიდეო)

„დე, ვეღარ ჩაგეხუტები და გაკოცებ, რადგან მასწავლებელმა გამაფრთხილა, თუ ერთმანეთს ჩავეხუტებით, კორონავირუსი გადაგვედება“

14 სექტემბრიდან იტალიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო – ქვეყნის უმეტეს რეგიონში სკოლებში სწავლა განახლდა. მანამდე, 2 კვირის განმავლობაში, სასწავლო დაწესებულებების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თანამშრომლები შენობებს ამზადებდნენ პანდემიის პირობებში სწავლის დაწყებისთვის, მათ შორის, სანიტარიულად ამუშავებდნენ ოთახებს და ინვენტარს.

ახალ სასწავლო წელს შეზღუდვები და განსაკუთრებული წესები მოქმედებს: სხვადასხვა კლასის მეცადინეობა სხვადასხვა დროს დაიწყება, მოსწავლეები ერთადგილიან მერხებზე სხედან და უნდა ეკეთოთ პირბადე იმ პერიოდში, სანამ სკოლაში იმყოფებიან (თავად მეცადინეობის დროის გარდა).

14 სექტემბრიდან სწავლა განახლდა ლომბარდიის დედაქალაქ მილანის სკოლებშიც. კოვიდთან დაკავშირებით გამკაცრებულია სანიტარიული პირობები და დისციპლინა. ბავშვებისთვის სასკოლო წიგნებსა და რვეულებთან ერთად სავალდებულოა პირბადე და სადეზინფექციო სითხე, ასევე აუცილებელი მოთხოვნაა დისტანციის დაცვა. კლასები დაყოფილია რამდენიმე ნაკადად: პირველი ნაკადი დილის 8:10 სთ-ზე შედის სკოლაში, შემდეგი – 8:20 სთ-ზე… ხოლო სწავლა რომ მთავრდება, ბავშვები ისევ ნაკადებად გამოდიან სკოლიდან – 12:10 სთ-ზე და 12:20 სთ-ზე. მკაცრი მითითებაა, ბავშვები დროულად გამოცხადდნენ, რადგან დაგვიანების შემთხვევაში მოსწავლისთვის სკოლის კარი აღარ გაიხსნება; ასევე, წიგნის ან რომელიმე სასკოლო ნივთის არქონის შემთხვევაში ბავშვებს არ აქვთ უფლება ერთმანეთს ათხოვონ საკუთარი ნივთები. დისტანციის დაცვის ვალდებულება თამაშის დროსაც ვრცელდება.

სახლში მოსული 7 წლის ანდრია მეუბნება: „დე, ვეღარ ჩაგეხუტები და გაკოცებ, რადგან მასწავლებელმა გამაფრთხილა, ახალი „რეგოლით“ (წესით – რედ.), თუ ერთმანეთს ჩავეხუტებით, კორონავირუსი გადაგვედება“.

სკოლის შესასვლელთან თერმოსკრინინგი არ ტარდება (ამას მხარი არ დაუჭირეს ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ და განათლების მინისტრმა ლუჩია აძოლინამ იმ მოტივით, რომ შესასვლელთან ტემპერატურის გაზომვა ბავშვების თავმოყრას გამოიწვევს და ინფექციის გავრცელების წყარო გახდება), თუმცა ანდრიამ მითხრა, რომ სკოლაში ტემპერატურასაც უზომავენ.

მერხები ერთადგილიანია, სავარაუდოდ, შემდეგი კვირიდან სკოლაში სასწავლო პროცესი 14:20 საათამდე გაგრძელდება.

მშობლები უკმაყოფილობას გამოთქვამენ პირბადეებთან დაკავშირებით, რადგან მთავრობისგან თითოეულ მოსწავლეს სიმბოლურად მხოლოდ 2 პირბადე გადაეცა.

ციცი ხაბელაშვილი

ავტორის ფოტოები და ვიდეო; I.C.S Cardarelli- Massaua, via Scrosati 

p. s. დღეს ცნობილი გახდა, რომ იტალიის სკოლის მასწავლებელთა პროფკავშირები 24 და 25 სექტემბერს საერთოეროვნულ გაფიცვას მოაწყობენ. ამის შესახებ პროფკავშირების წარმომადგენლებმა განაცხადეს. ისინი ამბობენ, რომ არასაკმარისია მიღებული ზომები სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პანდემიის პირობებში. გარდა ამისა, მათ პროტესტს განათლების სფეროს დაფინანსების ქრონიკული ნაკლებობაც იწვევს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close