ხუთშაბათს, 17 სექტემბერს საბერძნეთის ტერიტორიაზე გავრცელდება ქარიშხალი, სახელწოდებით Medicane, რომელიც ხმელთაშუაზღვისპირა ქარიშხლების ტიპს მიეკუთვნება. ამის შესახებ ბერძენმა მეტეოროლოგმა კლეარხოს მარუსაკისმა განაცხადა.
ტერმინი „Medicanes“ წარმოადგენს ორი სიტყვის სინთეზს: Mediterranean (ხმელთაშუა) და hurricanes (ქარიშხლები). მოვლენა, რომელსაც აღნიშნული ტერმინი ასახავს, ბუნებაში იშვიათია. მას ბევრი საერთო აქვს ტროპიკულ ციკლონთან, რადგან ქარიშხალი ერთი ცენტრის გარშემო ტრიალებს, რასაც თან ახლავს კოკისპირული წვიმა.
მართალია, „მედიქეინი“ ამერიკულ ტაიფუნს ჰგავს, მაგრამ ბევრად უფრო სუსტია და დიდ საშიშროებას არ წარმოადგენს, რადგან ხმელთაშუა ზღვის ზედაპირი ოკეანისგან განსხვავებით პატარაა და ტაიფუნის მასშტაბი მნიშვნელოვნად შეზღუდულია.
მისი ჩამოყალიბება ამჟამად იტალიის სამხრეთ სანაპიროსთან, იონიის ზღვაში მიმდინარეობს და ის საბერძნეთისკენ მოემართება. ტაიფუნი ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე ძლიერ ქარსა და თავსხმა წვიმას გამოიწვევს.
გიორგი ჯანელიძე
p. s. „მედიქეინი“ წელიწადში ერთ-ორჯერ ჩნდება, ჩვეულებრივ, სექტემბერ-ოქტომბერში, როდესაც ხმელთაშუა ზღვის ზედაპირის ტემპერატურა ჯერ კიდევ მაღალია.
საბერძნეთის შემდეგ ტაიფუნი თურქეთისკენ გაემართება და სტიქია სანაპიროს „დაარტყამს“ იზმირიდან ანტალიამდე, თუმცა თურქეთში ქარიშხალი შედარებით შესუსტდება (თუ საბერძნეთში მისი სიჩქარე 180 კმ/სთ-ს მიაღწევს, თურქეთში 70-120 კმ/სთ-მდე შემცირდება) და საბერძნეთში მოსალოდნელი 150 მმ ნალექის ნაცვლად თურქეთში 60მმ-მდე ნალექი მოვა.
კომენტარები