საზოგადოებასაქართველო

საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანა „მწვანე ზონიდან“ გავიდა

შემთხვევების მატება მეორე ტალღას არ ნიშნავს - მარინა ეზუგბაია

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 87-ით გაიზარდა, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის გამოვლენიდან რეკორდული მაჩვენებელია.

შესაბამისად, ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების მთლიანმა რაოდენობამ საქართველოში 1917-ს მიაღწია. გასულ 24 საათში გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 20-ით გაიზარდა და 1354-ს მიაღწია. კოვიდ-19-ის დიაგოზით გარდაცვლილია 19 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, უცხოეთიდან სამკურნალოდ კი საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი. ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 536 პაციეტი მკურნალობს, მათგან 17-ის მდგომარეობა მძიმეა, 4-ის – კრიტიკული.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას შეფასებით, შემთხვევების მატება მეორე ტალღას არ ნიშნავს და ამ ეტაპზე მობილობის გაზრდას და რეგულაციების ნაკლებად შესრულებას უკავშირდება. მისი თქმით, მეორე ტალღა უფრო გვიან შემოდგომაზეა მოსალოდნელი.

„დაავადების მატება მოსალოდნელი იყო შემოდგომის დადგომასთან ერთად, რადგან მეტ-ნაკლებად შემოდგომა უკავშირდება მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებების აქტივობების მატებას. აქედან გამომდინარე, დაავადების მატება ყოველთვის გვაქვს შემოდგომაზე. საერთოდ, რესპირატორული ინფექციების მატება როდესაც არის, და კოვიდ-19 ასევე სასუნთქი გზების დაავადებაა, მოსალოდნელია გარკვეული მატება, მაგრამ მატება, რასაც ჩვენ მეორე ტალღას დავარქმევთ, უნდა იყოს ოქტომბრის ბოლო ან ნოემბრის შუა რიცხვები, თუმცა თუ ეს ცოტა ადრე დადგება, ვერ გეტყვით. …არსებული მატება ბოლო პერიოდში მობილობის გაზრდით და რეგულაციების შესრულების შესუსუსტებითაა გამოწვეული, ჩემი აზრით, ეს გახდა საფუძველი ამ ეტაპზე დაავადების ასეთი მატების“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, საქართველო „მწვანე ზონიდან“ გავიდა (გუშინ, როდესაც კორონავიურით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა  – რედ.).

ამასთან, ეზუგბაია ამბობს, რომ ჯანდაცვის სექტორი მზადაა, მომატებულ შემთხვევებს გაუმკლავდეს.

„მწვანე ზონიდან გადასულები ვართ, მაგრამ ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია, 10 არის მაქსიმალური და 10.2 მეათედი გვაქვს. თუ შევინარჩუნებთ სიტუაციას და გავუმკლავდებით, პრობლემა არ გვექნება. პირველი დღიდან ვერტიკალი, სახელმწიფო, მთავრობა ჯანდაცვა თავისი ყველა სამსახურით და სამედიცინო სექტორი გაუმკლავდა ვირუსის დაწყების, შეტევის ფაზას, შემდეგ მკვეთრი მატება იყო, გავუმკლავდით, პერიოდულად გვქონდა რამდენიმე ეპიდაფეთქებები, ამასაც გავუმკლავდით. დარწმუნებული ვარ, ამასაც გავუმკლავდებით, ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზად არის.

შესაბამისი საწოლ-ფონდი არსებობს, მატებასთან ერთად მოხდება საწოლ-ფონდის დამატება, ჯანდაცვის სამინისტრო თავისი სამედიცინო სექტორით მზად არის სამუშოდ. არ დაგვიმალავს და ვამბობთ, ათეული შემთხვევა ჩვენ არ გვაშინებს და ვიცით, რომ ქვეყანა მზად არის, სახელმწიფომ თქვენ დაგანახათ მყისიერი ქმედებები ყველა ვერტიკალის –  სახელმწიფო, მთავრობა, ჯანდაცვა, სამედიცინო სექტორი. დარწმუნებული ვარ, რვა თვის გამოცდილებით ამ საქმის გაკეთება უფრო მყისიერად შეგვეძლება, მაგრამ ამისთვის აუცილებელია თანამოქალაქეების გულისხმიერება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევიდან 29 ბათუმს, 24 ქუთაისის სკოლას უკავშირდება, ათის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა.

ცნობისათვის: ე.წ. კოვიდ-შუქნიშანი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოქმედებს. მწვანე ზონა – ყველაზე ნაკლებ რისკს აღნიშნავს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ნარინჯისფერი – მომატებულ რისკს და წითელი – საფრთხის შემცველ ზონას ნიშნავს. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ამ ზონების კლასიფიკაციისთვის არის მოცემულ მომენტში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე გადაანგარიშებით.

  • თუ ქვეყანაში 100 ათას მოსახლეზე მაქსიმუმ 10 ინფიცირებული მოდის, ის მწვანე ზონად ითვლება.
  • 10-ის შემდეგ, 30 ინფიცირებულამდე ქვეყანა ნარინჯისფერ ზონაშია.
  • თუ 100 ათას მოსახლეზე გადაანგარიშებით ინფიცირებულთა რაოდენობა 30-ის ზევითაა, ქვეყანა წითელ ზონაში გადადის.

საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, ზუსტად არის გაწერილი, რომელი ზონის შემთხვევაში რა ღონისძიებები უნდა აამოქმედონ სახელმწიფოებმა. თუკი ქვეყანა მწვანე ანუ ყველაზე ნაკლები რისკის შემცველი ზონიდან ნარინჯისფერში ან წითელში ინაცვლებს, შესაბამისად, იცვლება გასატარებელი ღონისძიებებიც.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close