ისტორია

ლატარიაში მოგებული 600 000 ფრანკი და ემიგრანტი, რომელიც 88 წლის ასაკში სამშობლოს დაუბრუნდა

შოთა ბერეჟიანი 1909 წლის 22 თებერვალს თბილისში დაიბადა. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მისი ოჯახი თბილისს გაერიდა და სოფელ ზენობანში გადასახლდა. 1924 წელს შოთამ დაამთავრა ხიდისთავის ოთხკლასიანი სასწავლებელი და 15 წლისა აგვისტოს აჯანყებაში ჩაება. საბედნიეროდ, ხიდისთაველ აჯანყებულებს მხოლოდ 10 დღის პატიმრობა აკმარეს. 

1927 წელს, გრიგალაშვილის გიმნაზიის დასრულების შემდეგ შოთა ბერეჟიანმა  უნივერსიტეტში ჩააბარა. 1929 წელს, 20 წლის ასაკში, მეგობრებთან ერთად საიდუმლოდ გადავიდა თურქეთში, იქიდან კი საფრანგეთს გაემგზავრა. მუშაობდა პარიზთან, ოდენკურის პეჟოს ქარხანაში, 1931-1933 წლების ეკონომიკური კრიზისის დროს – გერმანიაში, კნუტარის მეტალურგიულ ქარხანაში, 1937 წელს – ქალაქ ვალენტინეს ქარხანაში. იქ გახდა ქართული ეროვნული დარაზმულობის – „თეთრი გიორგის“ წევრი.

1939 წელს საფრანგეთი გერმანიასთან ომში ჩაება და მობილიზაცია შეეხო ემიგრანტ სამოქალაქო პირებსაც. 170 ქართველი, მათ შორის, შოთაც, ჯერ ფრანგულ ჯარში ჩარიცხეს, შემდეგ ქართულ ნაწილში – “Unite Georgiene”. სანამ ახალწვეულები გაწვრთნეს და ბრძოლაში ჩააბეს, საფრანგეთმა კაპიტულაცია გამოაცხადა. დაპყრობილი ქვეყანა გერმანიამ ორ ნაწილად გაჰყო: ჩრდილოეთი გერმანულ და სამხრეთი – თავისუფალ ნაწილად. დემობილიზაციის შემდეგ, ვინც თავისუფალ ნაწილში აღმოჩნდა, ჯარიდან გაუშვეს. შოთა გერმანულ ნაწილში მოხვდა, მაგრამ მოახერხა თავისუფალ ზონაში, ქალაქ ლიონში ჩასვლა და მუშაობა დაიწყო ხელოვნურ აბრეშუმსახვევ ქარხანაში.

პარიზში შოთა ბერეჟიანი 1941 წლის ივნისში, მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის ჩართვის შემდეგ ჩავიდა. სამშობლოს გათავისუფლების მიზნით ემიგრანტთა ნაწილმა გადაწყვიტა გერმანელთა მხარეს ებრძოლა. შოთაც ჩაეწერა ვერმახტის ქართულ ბატალიონში. სამედიცინო შემოწმებისას, დასახიჩრებული მარჯვენა ხელის გამო, ომში წაყვანაზე უარი უთხრეს, მაგრამ ექიმი გოგი ჭაჭიაშვილი დაეხმარა და სამედიცინო ნაწილში სანიტრად აიყვანა.

1942 წელს კავკასიაში წარუმატებლობის შემდეგ ქართველი მეომრების ნაწილი ბერლინში დაბრუნდა, სადაც 1943 წელს  მიხეილ კედიამ შოთა ახალშექმნილ „საკავშირო შტაბში“ მიიწვია. შტაბის მთავარი ფუნქცია იყო ტყვე ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრილი ქართველების გადარჩენა და მოვლა-პატრონობა.

1944 წლის ივნისში, მეორე ფრონტის გახსნის შემდეგ, როცა რუსების შეტევა დაიწყო, დასავლეთს პოლონეთიდან და ჩეხოსლოვაკიიდან ლტოლვილი ქართველები მიაწყდნენ. საჭირო იყო მათთვის ბინის შოვნა. ქართულმა შტაბმა ავსტრიაში ბავშვებისა და ავადმყოფი ტყვეებისათვის ბანაკის მოწყობა გადაწყვიტა. სწორედ ამ პერიოდში შეხვდა შოთა ულამაზეს ქალბატონს, თამარ რევიას, რომელიც გერმანელ ქმარს გაშორებოდა და ბერლინში ცხოვრობდა. თამარს ნაცნობობა ჰქონდა ავსტრიაში, სადაც სააგარაკოდ დადიოდა, ამიტომაც ბანაკისათვის ადგილის გამოძებნა მას მიანდეს, დამხმარედ შოთა ბერეჟიანიც გააყოლეს. ზალცბურგში, სოფელ მიტერზინში 1944 წელს ახალი ქართული სათვისტომო შეიქმნა. თამარს კარგი ორგანიზატორული ნიჭი აღმოაჩნდა და მალე იქ მთელი მეურნეობა მოეწყო, რომელსაც იგი „მადამ ტიცის“ სახელით განაგებდა. ბანაკს თავს აფარებდნენ  ლტოლვილი ქართველი ემიგრანტები და ყოფილი ტყვეები.

ომის დამთავრების შემდეგ თამარმა და შოთამ ჯვარი დაიწერეს, პატარა ქორწილი გადაიხადეს და საფრანგეთში წავიდნენ. პარიზში დუქანი, მერე რესტორანი „ფრანკო-ჟორჟიენი“ ჰქონდათ. რესტორანი გაკოტრდა, რადგან ქართველებს ხშირად ნისიად ემსახურებოდა. შოთა კარგა ხანს უმუშევარი იყო, შემდეგ მუშაობდა „ალჟირის ღვინოების წარმომადგენლობაში“, 1954 წლიდან „Ripoll“-ის საღებავების ქარხანაში. როცა ფინანსურად მომაგრდა, ლევილთან ახლოს, სოფელ ლინასში სახლის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ლატარიაში მოგებული ექვსასი ათასი ფრანკით დაამთავრა.

1960 წელს საფრანგეთში ნიკიტა ხრუშჩოვის ვიზიტის გამო, დროებით, კუნძულ კორსიკაზე გადაასახლეს 1200 ანტისაბჭოთა ემიგრანტი, მათ შორის, 46 ქართველთან ერთად შოთა ბერეჟიანიც

1997 წელს 88 წლის შოთა ბერეჟიანი სამშობლოში დაბრუნდა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და 7 წელი თბილისში იცხოვრა. მას შთამომავლობა არ დარჩენია.     

kartuli.kvira.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close