შესაძლებელია თუ არა, რომ COVID-19 იმპორტირებული გაყინული პროდუქტებიდან გავრცელდეს – რას ამბობენ ექსპერტები
ასდღიანი წყვეტის შემდეგ ახალ ზელანდიაში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გაჩნდა მოსაზრება, რომ ვირუსი ქვეყანაში იმპორტირებული შეფუთული საკვებით შევიდა.
Reuters-ის ცნობით, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ახალი გავრცელება შეიძლება დაკავშირებული იყოს გაყინულ პროდუქტებთან, რადგან ერთ-ერთი ინფიცირებული პაციენტი მუშაობს სუპერმარკეტში, რომელშიც ასეთი პროდუქტები ოკეანისგაღმიდან შედის.
მისივე განცხადებით, გაყინვა ან მაცივარში მოთავსება ვირუსს ინფექციურობის პერიოდის გახანგრძლივებაში ეხმარება, მაგრამ ზედაპირიდან გადადების შემთხვევები მაინც იშვიათია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ზედაპირები გაყინული ან გაციებულია.
მართლაც, შენჟენის ჯანდაცვის კომისია იუწყება, რომ იმ ადამიანებიდან, რომლებსაც დაბინძურებულ გაყინულ პროდუქტებთან ჰქონდათ შეხება, COVID-19 არცერთს აღმოაჩნდა.
ჩინეთის ჯანდაცვის უწყებებმა გაყინულ პაკეტებში კორონავირუსი ადრეც დააფიქსირეს. NBC News-ის ცნობით, ვირუსის კვალი ჰქონდა უცხოეთიდან ქალაქ იანტაიში გემით შეტანილ გაყინული ზღვის პროდუქტების შეფუთვებს. წინა თვეში იმპორტირებულ გაყინულ პროდუქტებზე კორონავირუსი ასევე აღმოაჩინეს ქალაქ დალიანში, სიამენსა და პინსიანში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანდაცვის გადაუდებელი პროგრამის ხელმძღვანელის, მაიკლ რაიანის განცხადებით, ასეთი აღმოჩენები შეშფოთების საგანი არ არის.
„არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსის გადადებაში ჩართულია საკვები ან კვების ჯაჭვი და, შესაბამისად, ხალხს შეუძლია თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. არ უნდა შეეშინდეთ საკვების, მისი შეფუთვის ან მომზადების, არც მათი მიღების“, – აღნიშნა რაიანმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ჩინეთმა ასობით ათასი შეფუთვა შეამოწმა, მაგრამ კორონავირუსი მათგან მხოლოდ ათს აღმოაჩნდა.
ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგის, რეიჩელ გრეჰემის განცხადებით, ამის მიზეზი ის არის, რომ ასეთ პაკეტებზე მოხვედრისას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვირუსი გადარჩეს მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც მათი ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანისთვის არის საჭირო.
კომენტარები